Accessibility links

logo-print

როგორ ვითარდება საქართველო-რუსეთის ეკონომიკური კავშირები?


საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარება ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც მწვავედ აისახება,

მით უმეტეს, როცა ეკონომიკა პოლიტიკის იარაღია მოსკოვის ხელში. ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რუსეთმა დაკარგა პირველობა საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა შორის. ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ურთიერთობებს ეძღვნება ბიზნეს ფორუმი, რომელიც თბილისში 17 დეკემბერს გაიხსნა. ფორუმს წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა.

საქართველოს დედაქალაქში, სასტუმრო ”თბილისი მერიოტში”, გამართულ რუსეთ-საქართველოს სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მეექვსე სხდომაზე მხარეებმა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაში ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკისა და გაზის საკითხები განიხილეს, უფრო კონკრეტულად კი - აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის აღდგენისა და როკისა და ფსოუს საბაჟო გამშვები პუნქტების პრობლემები. რუსეთს ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი წარმოადგენდა.

[იგორ ლევიტინის ხმა] ”საქართველო გამოდის წინადადებით გაიხსნას ზემო ლარსისა და პორტ კავკაზის საკონტროლო გამშვები პუნქტები. ეს საკითხი შეტანილია რუსეთის მთავრობაში გადასაწყვეტად და მექანიზმი ამუშავებულია. უბრალოდ, არის ვადები, რომლის ფარგლებში ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მაგრამ ამას არ ვუკავშირებთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის საკითხს, ეს უკვე გადაწყვეტილია.”

როგორც ცნობილია, დღემდე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან -აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთთან - რუსეთს არაოფიციალური სასაზღვრო გამშვები პუნქტები აკავშირებს. საქართველო რუსეთისგან მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ლეგალური, თბილისთან შეთანხმებული, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ამოქმედებას მოითხოვს. სანაცვლოდ თბილისი მოსკოვს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას მხარდაჭერას ჰპირდება. თუმცა რუსეთის მხარე, როგორც ლევიტინის განცხადებიდან ჩანს, არ აპირებს სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხები ერთმანეთს დაუკავშიროს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის კომენტარი:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საბაჟო გამშვები პუნქტები უკანონოდ არის გახსნილი. მასზე საქართველოს მხარეს დასტური არ მიუცია. ეს ნიშნავს, რომ ეს პუნქტები უკანონოა და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებს და ძირითად დებულებებს.”

ამ საკითხზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრს თავისი რუსი კოლეგა 17 დეკემბერს ჰონგ-კონგში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტზე შეხვდება. სწორედ მათი მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული, შეიცვლის თუ არა რუსეთი იგორ ლევიტინის მიერ გაცხადებულ პოზიციას.

ამ პოლიტიკური საკითხებით დამძიმებული ეკონომიკური ურთიერთობის ფონზე ჩაივლის ქართულ-რუსული ბიზნეს ფორუმი. პირველი ასეთი მცდელობა იმით დამთავრდა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრობაზე დათანხმდა. თუმცა ამას სულაც არ მოჰყოლია საქართველოში რუსული ინვესტიციების შემოდინება და თითქმის ერთადერთი გარიგება - “გაზპრომისთვის” მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის შესახებ - მოლაპარაკების ეტაპზე გაიყინა, ისევ პოლიტიკური წინააღმდეგობების გამო.
XS
SM
MD
LG