Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთი პრესის ყურადღების ცენტრში რჩება


დღევანდელი ქართული გაზეთების ფურცლებზე დიდი ადგილი ეთმობა ოსების მიერ 6 თვის წინათ გატაცებული 4 ქართველის ცხედრების ნათესავებისთვის გადაცემის გუშინდელ ფაქტს.

პრესა ხაჭაპურიძეებისა და ლომიძის სასტიკი მკვლელობის შესახებ მსჯელობს. მაგალითად, გაზეთ ”რეზონანსში” ასეთი სათაურისა და ქვესათაურის სტატია ქვეყნდება:”ქართველთა გვამებს წამების კვალი ეტყობა”/”ცხინვალი ამტკიცებს, რომ 4 ქართველის გატაცებასა და დახოცვაში ქართველი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ”. ასე ფიქრობს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის პირადი წარმომადგენელი ქართულ მხარესთან ურთიერთობის საკითხებში - ვაჟა ხაჭაპურიძე. ის დარწმუნებულია, რომ ქართველების მკვლელობასა და სხვა კრიმინალურ ფაქტებს ძალიან მალე ფარდა მთლიანად აეხდება. ”ეგ არის დიდი უბედურება, რომ, სამწუხაროდ, სააკაშვილს უბეში ძალიან ბევრი გველი უზის,” - ამბობს ხაჭაპურიძე.

იგივე გაზეთი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მეორე კონფლიქტურ რეგიონზეც. ”აფხაზების რეაქცია სოხუმისა და თბილისის დაახლოებაზე” - ”რეზონანსში” გამოქვეყნებული ინტერვიუს რესპონდენტი გახლავთ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. აი, როგორ აღიქვამს ის ცხინვალის მიერ თბილისისკენ გადმოდგმულ ნაბიჯს:

”ვხედავ, რომ ორივე მხარე აცხადებს მზადყოფნას, მოლაპარაკება აწარმოოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ნებისმიერ დიალოგს, რომელსაც მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ მივყავართ... ცხინვალთან მოლაპარაკებაში, ალბათ, ჯერ კიდევ ბევრი სირთულე იქნება წინ, მაგრამ, მთავარია, რომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, ” - ამბობს სერგეი შამბა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით თბილისთან სოხუმს უფრო მეტი აქვს ნამუშევარი.

”24 საათი” კი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებს აქვეყნებს: ”დეკემბრის ბოლომდე პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამოვრიცხავ”. სერგეი ბაღაფშმა ეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” კორესპონდენტს განუცხადა. იმედს, რომ შეხვედრა მართლაც შედგება, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ალასანიაც გამოთქვამს. მისი თქმით, ” ქართულ-აფხაზური ურთიერთობები დღეს უფრო მომწიფებულ ფაზაშია”. იმავე გაზეთის ფურცლებიდან მკითხველი შეიტყობს, რა ახალი შესაძლებლობები გამოუჩნდათ ქართველ ბიზნესმენებს და ვინ იყიდის ბერიას სახლს.

”გაბაშვილმა საქართველო, შესაძლოა, თურქმენეთად აქციოს” - ეს უკვე გაზეთ ახალ თაობაში გამოქვეყნებული სტატიის სათაურია: ”საკმარისი იყო, რუსეთის ტელეარხ ”ენ-ტე-ვეს” ეჩვენებინა ერთი გაუნათლებელი რუსი ჯარისკაცი, რომელიც დააჯერეს, რომ აფხაზეთი მეოცე საუკუნემდე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რუსული ტელეარხების აკრძალვა მოითხოვა”. სტატიის ავტორი მოხარულია, რომ კოტე გაბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად არ დაინიშნა, თორემ მისი შეხედულებისა და მსოფლმხედველობის ადამიანი საქართველოს თურქმენეთად აქცევდა. ამ ქვეყანაში უცხოური არხების ტრანსლირება აკრძალულია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG