Accessibility links

logo-print

პარადოქსები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 16 და 17 დეკემბერს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს თბილისში ორი შეხვედრა მიეძღვნა: თუ პარასკევს ორი ქვეყნის ურთიერთობას სამთავრობო დონეზე განიხილავდნენ,

შაბათს ერთმანეთს უკვე ბიზნესის წარმომადგენლები შეხვდნენ და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. მინდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პარადოქსებზე გესაუბროთ.

რუსეთ-საქართველოს პარადოქსებით აღსავსე ურთიერთობა ვითარდება - ერთი მხრივ, ოფიციალური თბილისი იანვრის დასაწყისიდან საქართველოსთვის რუსული გაზის ფასის ზრდას პოლიტიკური მოტივებით ხსნის, მეორე მხრივ, დღემდე რუსეთი საქართველოს ეკონომიკის ნომერ პირველი ინვესტორია. მეტიც - დღეს გახსნილ ქართულ-რუსულ ბიზნეს ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსული კომპანიები აქტიურად ჩაერთვებიან მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ მცირე ჰესებისა და კავშირგაბმულობის კომპანიების პრივატიზაციის პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციის გამო რუსეთს, დამოუკიდებელ სახელწმიფოთა თანამეგობრობის მასშტაბით, ყველაზე დიდი სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსთან აქვს.

საქართველოსთვისაც, ვაჭრობის თვალსაზრისით, ნომერ პირველი პარტნიორი კვლავ რუსეთია - სხვა საკითხია, რომ, ექსპერტის თვალსაზრისით, საქართველოდან რუსეთში გატანილ პროდუქციაში ლომის წილი ჯართს და ფეროშენადნობებს უკავია. საინტერესოა ისიც, რომ დღეს ქართული ღვინის ექსპერტის 95 პროცენტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ქვეყნებზე მოდის, აქედან 90 პროცენტი - რუსეთზე.

ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ შეხვედრაზე ევროპელმა ექსპერტებმა ქართველ მეღვინეებს მარკეტინგის შეცვლა და პროდუქციის ხარისხის გაზრდა ურჩიეს. ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის იმპორტის მაჩვენებელი მინიმალურია - მაგალითად, 2004 წელს გერმანიაში მხოლოდ 5 კონტეინერი ქართული ღვინო იყო ექსპორტირებული, არადა, ქართველი და გერმანელი ექსპერტების აზრით, იმავე გერმანიის ბაზარზე წითელ მშრალ ღვინოზე დიდი მოთხოვნილებაა, რაც ქართველმა მეღვინეებმა უნდა გამოიყენონ.

თუმცა ქართველი ბიზნესმენები მაინც რუსულ ბაზარზე არიან ორიენტირებულნი და, პირიქით, რატომღაც საქართველოს ლიბერალური საგადასახადო კოდექსი მომხიბვლელი აღმოჩნდა რუსი ბიზნესმენებისთვის და არა, დავუშვათ, თურქული ან ევროპული ბიზნესისთვის. როგორც ჩანს, საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, ქართველი და რუსი ბიზნესმენები საერთო ენას ერთმანეთთან მაინც ადვილად პოულობენ. საქართველოში რუსეთის ელჩის ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ვარაუდით, ბიზნეს-ურთიერთობების განვითარება, პოლიტიკურ ურთიერთობაზე დადებით გავლენას მოახდენს. ალბათ, ასეც იქნება - რუსული ბიზნესი ხომ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის საიმედო გამტარებელია.
XS
SM
MD
LG