Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პრესის მიმოხილვას სხვაგვარად ავაგებთ: გასული კვირის გაზეთებიდან შევარჩევთ ერთ


დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს პრესის მიმოხილვას სხვაგვარად ავაგებთ: გასული კვირის გაზეთებიდან შევარჩევთ ერთ თემას, რომელსაც ქართული ბეჭდვითი მედიის ყველა სერიოზული წარმომადგენელი შეეხო: ესაა,

ერთი შეხედვით, მოულოდნელი ცვლილება - გნებავთ, შემობრუნება -ქართულ-ოსურ ურთიერთობაში. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ინიციატივას გაზეთი “რეზონანსი”, მაგალითად, ასე გამოეხმაურა: ”ყინული დაიძრა”. კოკოითის წინადადებათა აღწერისას ვიგებთ, რომ აუცილებელია ქართველი და ოსი პარლამენტარების, ასევე საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა შეხვედრა. კოკოითის მიაჩნია, რომ კონფლიქტის ზონაში უნდა შეიქმნას პირობები ევროკომისიის ეკონომიკური პროექტებისათვის. მხარეებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ არ გააძლიერებენ სამხედრო პოტენციალს და არ გამოიყენებენ ძალას ერთმანეთის წინააღმდეგ, ხოლო ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს კანონი რესტიტუციის შესახებ.

უფრო სკეპტიკურად ეკიდება სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ ლიდერს გაზეთი “ხვალინდელი დღე”, რომელიც კოკოითის ინიციატივას ”დიდი თამაშის წამოწყებად” აფასებს. თუმცა იქვე მოჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის, სიტყვები, რომ ”კოკოითის ინიციატივა თითქმის იდენტურია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივისა.” პრემიერი აღნიშნავს რუსეთის დიპლომატიურ როლს და დასძენს, რომ ეს იძლევა საშუალებას ქართულ-ოსური ურთიერთობა უფრო პოზიტიური გახდეს. “ხვალინდელი დღე” აზოგადებს ინიციატივათა შინაარსს და მასში სამ ეტაპს გამოყოფს. პირველი - კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, ნდობისა და უსაფრთხოების გარანტიების აღდგენა, მეორე ეტაპი - სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია და მესამე - პოლიტიკური დარეგულირება.

გაზეთმა “24 საათმა” კი ედუარდ კოკოითის ინიციატივას პარალელები მოუძებნა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა 8 თვის წინანდელ მიმართვაში, სადაც სამოქალაქო სექტორი რეკომენდაციებს აყალიბებდა კონფლიქტის მოსაგვარებლად. როგორც კი საქართველოს მთავრობამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა და ოსურ მხარეს ნოემბერში გადასცა დოკუმენტი, ყველასთვის მოულოდნელად ოსურმა მხარემ პასუხი არ დააყოვნა. მართალია, ამის უკან სხვა ბევრი დეტალიც იმალება, მაგრამ ფაქტია, ოსებმა აღიარეს, რომ რაღაც პოზიციაზე თანახმა არიან, ითანამშრომლონ საქართველოსთან. გამორიცხული არ არის, კოკოითიმ სიტყვები უკან წაიღოს ან პროვოკაციები მოაწყოს, მაგრამ მთავარია, რომ დოკუმენტი არსებობს, რომლის მსგავსიც ოსური მხრიდან არასოდეს გვქონია, - წერდა “24 საათი”.

გაზეთი ”ალია” კი პირდაპირ პოლიტიკურ აფიორას უწოდებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ინიციატივას. გარდათქმას სჯობს, ციტატა უცვლელად მოვიხმოთ: ”კოკოითის სამშვიდობო თანხმობის იქით არც არაფერია. სინამდვილეში სამშვიდობო გეგმით თბილისმა ომის აუცილებლობა მოხსნა. არ იქნება ომი, სამაგიეროდ, იქნება მშვიდობა, რომელსაც ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მშვიდობა სტაბილურობისთვის და არა კონფლიქტის მოწესრიგებისათვის. რისთვის დაიწყო ახალი პოლიტიკური თამაში? ვის რა ინტერესი აქვს და რას იგებს? ცხინვალს სტაბილურობა სჭირდება, თბილისს - ომის თავიდან აცილება და რუსული გაზი, მოსკოვს - საერთაშორისო მშვიდობისმყოფელის სტატუსი და გავლენების დაფიქსირება.” - ეს უკვე გასული კვირის ”ალია” გახლავთ.

შევხედოთ 17 დეკემბრის, შაბათის, პრესასაც. “რეზონანსი” წერს პრობლემაზე, რომელსაც საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას უკავშირებს. გაწევრიანებას ამ ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. საქართველო კი იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მასა და რუსეთს შორის ორი არალეგალური საკონტროლო-საბაჟო პუნქტი გაუქმდება. საქართველო მხარს უჭერს ამ პუნქტების ლეგალიზებას და, პრობლემის ეფექტურად გადაჭრის შემთხვევაში, მიემხრობა რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. ისღა დაგვრჩა, აღვნიშნოთ, რომ ეს საბაჟო პუნქტები საქართველოს კონფლიქტური რეგიონების ტერიტორიებზეა.

„ახალი თაობა“ კი აზუსტებს იმ არაოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობას, რომელთაც წინადღეს ხმა არ მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებას - გაახალგაზრდავებულიყო მოსამართლეთა ასაკი. ასეთ დეპუტატთა შორის არიან 5 მაჟორიტარი და ხუთიც უმრავლესობის წევრი - ბაზღაძე, ჟორჯოლიანი, მხეიძე, კუსიანი და წულაია. კენჭისყრისას კვორუმს 6 ხმა დააკლდა. საკითხის ხელახლა განხილვა მხოლოდ სახეცვლილი ფორმით არის შესაძლებელი და ისიც - საგაზაფხულო სესიაზე, - ვკითხულობთ „ახალ თაობაში“.
XS
SM
MD
LG