Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში ერაყში შეცდომებს აღიარებს


წუხელ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოვალური ოფისიდან ტელევიზიით მიმართა ამერიკელ ხალხს

და ერაყში გაკეთებული შეცდომების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დაზვერვის მიერ დაშვებული შეცდომები იყო იმის მიზეზი, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ ქვეყნის ინტერვენცია დაიწყო. ეს ბუშის პირველი ეროვნული მასშტაბის სატელევიზიო მიმართვაა ერაყის ომის დაწყების შემდეგ.

2003 წლის მარტში ასევე ოვალური ოფისიდან გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში ჯორჯ ბუშმა ერაყის ომის დაწყება ამცნო ამერიკელებს და მთელ მსოფლიოს. მისი გამოსვლა თავდაჯერებულად და ოპტიმისტურად ჟღერდა.

ბუშს არც წუხანდელ მიმართვაში აკლდა თადაჯერებულობა, მაგრამ ოპტიმიზმის რა მოგახსენოთ.

17-წუთიან სიტყვაში ბუშმა აღიარა, რომ მცდარი აღმოჩნდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის თაობაზე დაზვერვის ინფორმაციის უდიდესი ნაწილი.

დროდადრო ბუშის გამოსვლაში მონანიების ნოტები ჟღერდა. მაგალითად, როცა მან ერაყში ომის დაწყების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თქვა, რომ ამ კონფლიქტმა ამერიკის საზოგადოება ორად გახლიჩა. ამასთან, ბუშმა აღიარა, რომ ერაყში ქაოსის მოწესრიგებაში წინსვლა უფრო ნელია, ვიდრე ამას ელოდნენ.

[ბუშის ხმა] "ერაყში მუშაობა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, უფრო მძიმე, ვიდრე ველოდით. აღდგენითი სამუშოები და ერაყის უშიშროების ძალების გაწვრთნა უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე ვიმედოვნებდით. კვლავაც გრძელდება ძალადობა და ტანჯვა. ჩვენს წინაშეა უდრეკი და სასტიკი მტერი, რომელსაც არც სინდისი აკავებს და არც ომის კანონები."

მაგრამ, სინანულის მიუხედავად, ბუშმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ თქვა ხაზგასმით, რომ სადამ ჰუსეინის ჩამოგდება სრულიად გამართლებული იყო და დასძინა, ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანა უღირსი და თავზე ხელაღებული საქციელი იქნებოდაო.

ჯორჯ ბუშმა ისაუბრა სამი პუნქტისგან შემდგარ სტრატეგიაზე, რომელიც საჭიროა ერაყში ომის მოგებისთვის.
პირველი - საერთაშორისო კოალიციამ შეერთებული შტატების მეთაურობით უნდა გააგრძელოს მეამბოხეების წინააღმდეგ შეტევა.

მეორე - შეერთებული შტატები განაგრძობს ერაყის მთავრობის დახმარებას ქმედითუნარიანი სახელმწიფო დაწესებულებების შექმნის საქმეში, ქვეყანაში დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

და მესამე - ბუშის თქმით, დიდი ხნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემუშავებულია ერაყის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმა.

დასასრულ ამერიკის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ერაყთან დაკავშირებით ზოგიერთმა მისმა გადაწყვეტილებამ "საშინელი მსხვერპლი" გამოიწვია. ძალადობა მომავალშიც მოგველის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა ხალხმა ხანგრძლივი პერსპექტივით შეაფასოს ვითარება და გააცნობიეროს, რომ ომის მოგება შეიძლებაო.
XS
SM
MD
LG