Accessibility links

logo-print

კიბოს გენომის დადგენა სერიოზულად გააუმჯობესებს დაავადების მკურნალობას


შეერთებული შტატების მთავრობამ დაიწყო პილოტ-პროექტი, რომლის მიზანია, შეისწავლოს კიბოს გამომწვევი გენეტიკური ცვლილებები.



პროექტში მონაწილე მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს დაავადების ეფექტიანად მკურნალობას. მას მერე, რაც გაშიფრულია ადამიანის მთელი გენომი, ანუ გენეტიკური რუკა, მათ შემდგომ ლოგიკურ ნაბიჯად მიაჩნიათ კიბოს უჯრედების გენომის გაშიფვრა.

არსებობს კიბოს 200-მდე დაავადება. ყოველი მათგანის გამომწვევი მიზეზია ცვლილებები უჯრედების გენეტიკურ შემადგენლობაში.

მეცნიერთა აზრით, დადგა დრო, შესწავლილ იქნეს კიბოს უჯრედების გენომები. გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფრენსის კოლინზმა თქვა, რომ პილოტ-პროგრამა უპირველეს ყოვლისა კიბოს რამდენიმე დაავადების შესწავლით დაიწყება. შეეცდებიან, გაარკვიონ, რა შეიცვალა ადამიანის გენომში კიბოთი დაავადების შემდეგ.

პროექტის კიდევ ერთმა მონაწილემ, მარკ გაიერმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ გამოკვლევების მეშვეობით გაუმჯობესდება დაავადების დიაგნოსტიკა, პრევენციული ზომები, მკურნალობა და განკურნების შანსები.

მთავარია იმის გარკვევა, თუ რომელი გენები იცვლება კიბოთი დაავადების შემთხვევაში და, შესაბამისად, სამკურნალო ზომები იქნება მიღებული.

პაციენტები პროექტის დასრულებას არ უნდა ელოდნენ. უკვე პროექტის საწყის ეტაპზე ვარაუდობენ დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას. ამის შემდგომი ნაბიჯი მედიკამენტების შექმნა უნდა იყოს. რაც შეეხება კიბოსგან განკურნებას, ამ დონის მისაღწევად საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა იქნება საჭირო.

თუკი მართლაც ასე მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რატომ აქამდე არ დაიწყეს მასზე მუშაობა? გაიერის თმით, პროექტის განცხორციელება შეუძლებელი იყო ადამიანის სრული გენომის გაშიფვრამდე, რაც 2003 წლის აპრილში დასრულდა. ამასთან, დღემდე არ მოიპოვებოდა ის "ანალიტიკური ტექნოლოგიები", რაც მეცნიერებს მუშაობაში ესაჭიროებათ. დაბოლოს, ასეთი პროექტის განხორციელება ძალზე ძვირი ღირდა. დღეს ეს ბევრად უფრო იაფად შეიძლება გაკეთდეს. პროექტზე მუშაობა მომავალში კიდევ უფრო გაიაფდება.
XS
SM
MD
LG