Accessibility links

logo-print

უცნობი ქართული ფილმის იუბილე


მეოცე საუკუნის ქართულ კულტურაში დაგროვდა უამრავი ნაწარმოები,

რომელიც დღეს, შესაძლებელია, მოძველებულად მოგვეჩვენოს, მაგრამ თავის დროზე მათი ავტორები ნოვატორებად შერაცხეს – ასეთია თუნდაც გიორგი მაკაროვის ფილმი “ნახვამდის”, რომლის პრემიერა 70 წლის წინ გაიმართა თბილისში. “ნახვამდის” – უკანასკნელი უხმო ფილმია ქართული კინოს ისტორიაში და გიორგი მაკაროვის უკანასკნელი ნამუშევარი. მიუხედავად იმისა, რომ სურათის რეჟისორი 1966 წელს გარდაიცვალა, ტუბერკულოზით დაავადებულმა რეჟისორმა ამ ფილმის პრემიერის შემდეგ თბილისის კინოსტუდიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მიზეზი ქართული-საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმის დავიწყებისა.


წარმატება, მართლაც, თვალსაჩინო იყო. 1935 წელს თბილისელი რეჟისორის გიორგი მაკაროვის ფილმმა “ნახვამდის” ყველა რეკორდი მოხსნა: სურათს სამი თვის განმავლობაში უჩვენებდნენ დედაქალაქის კინოთეატრებში. პრესამ მაკაროვის ფილმს “განსაკუთრებული კინემატოგრაფიული მოვლენა” უწოდა. ცოტა ხანში ამ კომედიამ საბჭოთა ეკრანებიც დაიპყრო. კინოს ისტორიკოსი ზვიად დოლიძე, რომელსაც მაკაროვის სურათის იუბილესთან დაკავშირებით ვესაუბრეთ, აღნიშნავს, რომ ფილმის წარმატება, პირველ რიგში, თბილისის კინოსტუდიის, “სახკინმრეწვის” მაშინდელი პოლიტიკით უნდა აიხსნას. 30-იანი წლების დასაწყისში “სახკინმრეწვმა” პირდაპირი ხელშეკრულებები გააფორმა საბჭოთა კავშირის კინოთეატრებთან... სტალინის ეპოქის დასაწყისში კი კომედიებზე მოთხოვნილება ძალიან დიდი იყო.


[ზვიად დოლიძის ხმა] იმ დროს ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო – ისტორიულ-რევოლუციური ფილმები გააკეთეთო... ჩვეულებრივი ამბავია: ყველა ხელისუფლებას უნდა, რომ თავისი პროპაგანდა გასწიოს - იმ დროს, მით უმეტეს. აგიტპროპფილმები გამოდიოდა – პატარ-პატარა ფილმები - და ამ ფილმებში ძალიან მიამიტურად იყო არსებული ხელისუფლების ქება-დიდება, მაგრამ ამ ფილმში კომედიურმა სიტუაციამ გაამართლა.”


მანამდე ეგრეთ წოდებულ “აგიტფილმებს” გიორგი მაკაროვიც იღებდა. იგი პირველი რეჟისორი იყო, რომელმაც 1930 წელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური სურათი გადაიღო აფხაზეთზე (საინტერესოა, რომ სურათის პრემიერა დაემთხვა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლას ავტონომიურ რესპუბლიკად). თუმცა, “აგიტფილმების” გარდა, 20-იან წლებში მხატვრული სურათების გადაღებაც მოასწრო. ჩვენთან საუბარში ზვიად დოლიძე იხსენებს მაკაროვის ფილმს “ქალი ბაზრობიდან”, რომელიც 1928 წელს გამოვიდა ეკრანებზე:


[ზვიად დოლიძის ხმა] “მაკაროვი იყო თბილისელი სომეხი, მიუხედავად რუსული გვარისა – კოლორიტული სომეხი კაცი, დიდი ცხვირით... მაკაროვს მანამდე ჰქონდა ფილმი გადაღებული – “ქალი ბაზრობიდან” – “სიყვარული თელებქვეშ”, ო,ნილის მიხედვით, მაგრამ ეს ფილმი მაშინდელმა პრესამ თითქოს არ ჩაუთვალა - თქვეს, ეს გადამღერებული ისტორიააო (მით უმეტეს, ეს პიესა მაშინ ხშირად იდგმებოდა ქართულ თეატრში) და უთხრეს, თუ მაგარი ხარ, რამე კარგი გადაიღეო.”


გიორგი მაკაროვი კინოში მოვიდა როგორც მსახიობი – რევოლუციამდე მას რუსეთში, ხანჟოკოვის სტუდიაში, მოუხდა მუშაობა. მერე თბილისში დაბრუნდა და “სახკიმნრეწვის” დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. აქ გაიცნო მაკაროვმა ივანე პერესტიანი, რომელმაც “წითელ ეშმაკუნებში” გერმანელი ოფიცრის როლზე დაამტკიცა. ამავე დროს, მაკაროვი პერესტიანის ასისტენტიც იყო, კერძოდ, მსახიობებთან მუშაობა ევალებოდა. მომავალში სწორედ პროფესიონალ მსახიობებს დაეყრდნობა იგი თავის ფილმებში და, პირველ რიგში, სურათში “ნახვამდის”, რომელშიც მიხეილ გელოვანმა და ნუცაა ჩხეიძემ თავიანთი საუკეთესო როლები შეასრულეს.


[ზვიად დოლიძის ხმა] “ეს ფილმი დაეყრდნო ნამდვილ ამბავს... ორიგინალური ამბის მიხედვითაა გაკეთებული. სპირიდონ ლომიძე, რომელიც არის ამ ფილმის მთავარი გმირი, მართლა არსებობდა ასეთი რევოლუციონერი, რომელიც მართლა ხელიდან დაუსხლტა მეფის ოხრანკის აგენტებს იმით, რომ სხვა ადამიანის პასპორტი აიღო...”(სტილი დაცულია)


ეს “სხვა ადამიანი” თავად დავით ირმელის ვაჟი, თენგიზია, რომელიც მაკაროვის ფილმში მამისა და ბიძის ინტრიგების მსხვერპლი გახდება. ძმებ ირმელებს შორის მიწის პატარა ნაკვეთის გამო სასამართლო დავა უბედური შემთხვევით მთავრდება: ერთ-ერთი მორიგი დავის შემდეგ თენგიზ ირმელი თავის დასახრჩობად მტკვარში გადავარდება. იმავე წუთას მტკვარში გადახტება ციხიდან გამოქცეული რევოლუციონერი, სპირიდონ ლომიძე. რევოლუციონერები შეცდომით თენგიზს გადაარჩენენ, ხოლო მის საბუთებს სამშვიდობოზე გასულ სპირიდონს გადასცემენ. ასე გადაიკვეთება ფილმში ორი სიუჟეტური ხაზი – რევოლუციონერ სპირიდონ ლომიძისა და ქართველ თავად-აზნაურთა ცხოვრება – რევოლუციონერი უფრო მოხერხებული აღმოჩნდება... თუმცა მოხერხებულობაზე მეტად მას ბედი სწყალობს. რევოლუციონერებს ბედი სწყალობთ... - სწორედ ეს იყო გიორგი მაკაროვის ფილმის ძირითადი თემა, რომელმაც, მართლაც რომ, გაახარა, დააიმედა 30-იანი წლების დასაწყისის ქართული საზოგადოება. ზვიად დოლიძის თქმით, კოლექტივიზაციისგან დაღლილ ქვეყანას აუცილებლად სჭირდებოდა დადებითი ემოციები. 30-იანი წლების დასაწყისში, როცა კრემლი ახალი რეპრესიებისთვის ემზადებოდა, აუცილებელი გახდა არა მარტო ეგრეთ წოდებული “მავნე გადმონაშთების” მიმართ აგრესიის დამკვიდრება, არამედ ქილიკიც, ექსცენტრიკაც.


[ზვიად დოლიძის ხმა] “პირველად საბჭოთა კავშირში მოხდა ფაქტი, რომ გადაიღეს ისტორიულ-რევოლუციური ფილმი, რომელიც არ იყო დრამა, არამედ იყო კომედია. ეს ძალზე კარგად აღიქვა მაშინდელმა საზოგადოებამ. საბჭოთა კავშირში ასეთ რაღაცეებს მიჩვეულები არ იყვნენ... გადავქექე პრესა საბჭოთა კინოს სტილისტიკაზე...”


გიორგი მაკაროვის ფილმში თითქმის ყველამ დაინახა მიხეილ ჭიაურელის შემოქმედების გავლენა. იხსენებდნენ ჭიაურელის სურათებს “საბა” და “ხაბარდა”. ჭიაურელს, რომელსაც იმხანად არა მარტო ქართული, არამედ მთელი საბჭოთა კინოს მეტრის პრეტენზია გაუჩნდა, თბილისის კინოსტუდიაში კონკურენტი მოევლინა. არაქართული გვარის რეჟისორი შეიძლებოდა თბილისის კინოსტუდიის ყველაზე პოპულარული ფიგურა გამხდარიყო. მით უმეტეს, რომ “ნახვამდის” სასწრაფოდ გაახმოვანეს და “პირველი ქართული ხმოვანი ფილმი” უწოდეს. მიუხედავად ამისა, კინოს ისტორიკოსი ზვიად დოლიძე მაკაროვის კომედიას პირველ ხმოვან ფილმად არ მიიჩნევს:


[ზვიად დოლიძის ხმა]“ხშირად ამ ფილმს იხსენიებენ როგორც პირველ ქართულ ხმოვან ფილმს. ამ დროს პირველი ქართული ხმოვანი ფილმი ეს არ არის. ჯერ ერთი, პირველ ვარიანტში ეს სურათი გაკეთდა როგორც უხმო ფილმი, მერე გაახმოვანეს... ისევე როგორც “შაქირი” ჯერ გადაიღეს როგორც უხმო ფილმი, მერე წაიღეს ლენინგრადში და გაახმოვანეს. “შაქირი” უფრო ადრე გამოვიდა ეკრანებზე, მაგრამ ეს ფილმი უფრო ადრე გამოვიდა როგორც ხმოვანი, ამიტომ ზოგმა ჩათვალა, რომ სწორედ ეს სურათია პირველი ქართული ხმოვანი ფილმი.”(სტილი დაცულია)


ასეა თუ ისე, უკანასკნელი ქართული უხმო ფილმების ავტორთა ცხოვრება დრამატულად დასრულდა. 1934 წელი ფატალური აღმოჩნდა კინორეჟისორ სიკო ფალავანდიშვილისთვის, რომელმაც თავისი კომედიის - “ჟუჟუნას მზითვების” -პრემიერის შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. დრამატული აღმოჩნდა გიორგი მაკაროვისთვისაც – კინოსტუდიიდან მისი წასვლის მიზეზი მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება არ უნდა ყოფილიყო: როგორც ჩანს, მისი ფილმის წარმატებამ ბევრი ადამიანი გააღიზიანა თბილისშიც და მოსკოვშიც. ისიც ფაქტია, რომ ქართული კინოს ისტორიაში ეგრეთ წოდებული “უხმო ფილმების” ეპოქა კომედიებით დასრულდა, კინოში მოვიდა ხმა და თბილისის კინოსტუდიას მხიარულება მოაკლდა. ექსცენტრიკა, მოულოდნელობა, სიმსუბუქე, სატირა, ირონია და თვითირონია წარსულს ჩაბარდა. ქართული-საბჭოთა კინოს გმირებმა ლაპარაკი დაიწყეს. სიტყვა – “ლოგოსად” იქცა. ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო. მით უფრი სიმბოლურია, რომ უკანასკნელ ქართულ მუნჯ კომედიას “ნახვამდის” ჰქვია.
XS
SM
MD
LG