Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ, ანუ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგები


”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ადამიანის უფლებების კვირეული პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის მესამე კვარტალური

ანგარიშის პრეზენტაციით დახურა. მონიტორინგის ანგარიშს ერთვის გამოკვლევა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით. მთელი კვლევა წარმოებულია იმ კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია “საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადაწყვიტა მზის სინათლეზე გამოეტანა კანონდარღვევები, რასაც სარეზერვო ფონდებიდან საბიუჯეტო თანხების გაცემასთან დაკავშირებით აქვს ადგილი. შედეგი სენსაციურია: სარეზერვო ფონდებიდან გადახარჯვით გამოყოფილი თანხის ოდენობა 63 მილიონს აჭარბებს.

იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია საქართველოს მთავრობამ ასეთ გადახარჯვას, სარეზერვო ფონდების მონიტორინგის ანგარიშში მითითებული ფაქტების მიხედვით მოგითხრობთ.


ფაქტებამდე მოვიყვან კანონს, კერძოდ, საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ კანონის მე-13 მუხლს, სადაც წერია: ”საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებები. აღნიშნული სახსრები გამოიყოფა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად.”


2005 წელს სარეზერვო ფონდებიდან ლამის 100 მილიონია დახარჯული, აქედან 63 მილიონი - გადახარჯვით. გადახარჯვა კანონის დარღვევას ნიშნავს და, ჩვენ მიერ მოყვანილი კანონიდან გამომდინარე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ გადახარჯვის აუცილებლობამდე საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი წლევანდელმა ბუნებრივმა კატასტროფებმა მიიყვანა. მოვიყვანთ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მონოტორინგის ანგარიშს, სადაც წერია: ”პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2005 წელს მომხდარი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამოყოფილ 4000 ლართან შედარებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 2 მილიონ 988 000 ლარი, თვალის ერთი გადავლებით, მართლაც, შთამბეჭდავად გამოიყურება. მაგრამ თუ აქვე დავაკონკრეტებთ, რომ 2005 წლის დამდეგიდან დღემდე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 70 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, პირველი შთაბეჭდილება უმალვე გაქრება.”


[ მონიტორინგის ჯგუფის წევრის ხმა] ” სარეზერვო ფონდებიდან გადაჭარბებით გამოყოფილია 63 მილიონ ლარზე მეტი და, უმეტეს შემთხვევაში, ეს თანხა მიდიოდა არამიზნობრივად, ანუ არ ხმარდებოდა სტიქიით დაზარალებული ადამიანების დახმარებას. ”


მონიტორინგის ჯგუფის წევრების ასეთი განმარტება ეყრდნობა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, სარეზერვო ფონდებიდან თანხის გამოყოფის გამო, საქართველოს ბიუჯეტს 270 980 ლარი დაუჯდა, 2005 წლის აგვისტოში ახალგაზრდული პატრიოტული ფორუმის ორგანიზება - 80 000 ლარი. 2005 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის კონცერტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 45 000 ლარის წყალობით შედგა, აქედან 17000 ლარზე მეტი მარტო კონცერტის სარეკლამო მომსახურებას მოხმარდა. ჩამონათვალი გრძელია. მოვიყვანთ კიდევ ერთ ცნობილ ფაქტს: ამა წლის ნოემბერში საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ვარდების რევოლუციისადმი მიძღვნილი კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 306 296 ლარი მიიღო.


სარეზერვო ფონდების გადახარჯვის მიზეზი მარტო სანახაობრივი ღონისძიებები, სტუმრების დახვედრა და საზღვარგარეთ ვიზიტები არ ყოფილა. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მონიტორინგის შედეგები პროცენტებში ასეთია: პრეზიდენტის ფონდიდან გადახარჯული თანხით 0 პროცენტით დაფინანსდა სტიქიით მიღებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებები, ძალოვანი სტრუქტურები - 22 პროცენტით, ვიზიტები - 7 პროცენტით, კონცერტები - 1 პროცენტით და სხვა ღონისძიებები - 70 პროცენტით. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სხვა ღონისძიებებს გადახარჯული თანხის 52 პროცენტი მოხმარდა, სტიქიით დაზარალებულებს - 4 პროცენტი, გართობას - 7, ძალოვანებს - 26, იუსტიციის სამინისტროს - 9 პროცენტი, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს - 2 პროცენტი.
XS
SM
MD
LG