Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ მოქალაქეები ადგილობრივ თვითმმართველობაზე


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია „გორბიმ“

(GORBI) ორიოდე კვირის წინ დაასრულეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელშიც, რესპონდენტის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო 1300-მდე მოქალაქემ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. მკვლევარები მიზნად ისახავდნენ გაერკვიათ, თუ რას ფიქრობენ ქალაქებში, რაიონულ ცენტრებსა და სოფლად მცხოვრები მოქალაქეები ადგილობრივ თვითმმართველობაზე. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს მეტად ანგარიშვალდებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი, მოქალაქეთა დასაქმებაზე ორიენტირებული და პირდაპირი გზით არჩეული.


კვლევამ, რომელიც მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობით. “გორბის” დირექტორის მერაბ ფაჩულიას თქმით, მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის არაეფექტურობის სამ ძირითად მიზეზს ასახელებენ: ფინანსების სიმწირე, არაკვალიფიციური პენსონალი და კორუფცია. თუმცა, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი წინააღმდეგია მოქმედი სისტემის შეცვლისა.


[მერაბ ფაჩულიას ხმა] „გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ადგილობრივი თვითმმართველობის გამსხვილების წინააღმდეგია სოფლის დონეზე. რაიონის დონეზე გაერთიანებას გაცილებით მეტი, 67 პროცენტი, არ ეთანხმება, მომხრე კი მხოლოდ 18 პროცენტია.“


მერაბ ფაჩულია, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ. რესპონდენტთა დიდი ნაწილის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ მოსაზრებას თბილისელებიც იზიარებენ.


[მამაკაცის ხმა] „წაგვიყვანონ წინ, ეკონომიკა გამოჯანსაღდეს... დღეს ლუკმაპურის შოვნაზე არის ლაპარაკი, რომ კაცმა ორი კაპიკი იშოვოს და შვილებს აჭამოს.“(სტილი დაცულია)


[მამაკაცის ხმა] „მომცეს გასაქანი. მოვკიდებ ხელს ბიზნესს, ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომ ვერც თოფაძე მოახერხებს და ვერც სხვა ვინმე.“(სტილი დაცულია)


კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი - დაახლოებით 90 პროცენტი - ფიქრობს, რომ მერებსა და გამგებლებს პირდაპირი გზით უნდა ირჩევდნენ. კვლევის ამ შედეგის სისწორეში იოლად დარწმუნდებით, თუკი დედაქალაქის ქუჩებში გახვალთ და გამვლელებს გამოელაპარაკებით.


[მამაკაცის ხმა] „რა თქმა უნდა, ხალხი უნდა ირჩევდეს. იმიტომ რომ ხალხი არის უმრავლესობა... მერს ირჩევენ იმისათვის, რომ ხალხს ემსახუროს, ამიტომაც ხალხი უნდა ირჩევდეს.“(სტილი დაცულია)


[მამაკაცის ხმა] „ყველას გვინდა არჩეული და კარგი, მაგრამ მერე ასლან აბაშიძესავით რომ მოიქცეს?“


[მამაკაცის ხმა] „თუ არ გამოგვადგება, ანუ არ გაამართლებს, მაშინ ხალხი გადაირჩევს თავისსავე არჩეულს.“




კვლევის შედეგები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ შეაჯამა. მისი თქმით, გამოკითხვაში არ მონაწილეობდნენ მხოლოდ კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანები.


[თამარ ჟვანიას ხმა] „მათ სურთ, რომ ჰქონდეთ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც იქნება გამჭვირვალე და მეტად ანგარიშვალდებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი, მოქალაქეთა დასაქმებაზე ორიენტირებული და პირდაპირი გზით არჩეული.“


სამწუხაროდ, როგორც თამარ ჟვანია ამბობს, მოქალაქეთა ამგვარი განწყობა არ აისახა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ, 16 დეკემბერს, მიიღო. თუმცა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით, კანონი აუცილებლად დაიხვეწება და მისი საბოლოო ვარიანტი საზოგადოების მოლოდინის შესაბამისი იქნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG