Accessibility links

logo-print

დღეს გამოსული ქართული გაზეთების ფურცლებზე კვლავაც ფართო ადგილს იკავებს საქართველოს


დღეს გამოსული ქართული გაზეთების ფურცლებზე კვლავაც ფართო ადგილს იკავებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული თემები.

დღევანდელი ”მთელი კვირა” მკითხველს წარმოუდგენს გაზეთ ”ნეზავისიმაია გაზეტას” დამატება ”ნეზავისიმოე ვაენნოე ობოზრენიეში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ მიმართული (თითქოსდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩაფიქრებული ) სამხედრო ოპერაციების გეგმები დეტალურად არის მოცემული. ”ბლიცკრიგებზე” (ანუ ”ელვისებურ ომებზე”) საუბრობს შეიარაღებული კონფლიქტების სპეციალისტი, სამხედრო პროგნოზირების დამოუკიდებელი ცენტრის ხელმძღვანელი ანატოლი ციგანიუკი, რომელიც ნოემბრის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა. ის ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცხინვალში შესვლის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის სამშვიდობოები პოლიტიკური გზით განიდევნებიან. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამას 2-3 წელი დასჭირდება. ცხინვალის ოპერაციის წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში, ციგანიუკის გათვლით, საქართველოს ხელისუფლება სოხუმისკენ აიღებს გეზს, თუმცა იქ გაცილებით ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ამ სამხედრო მოქმედებების ფონზე, ექსპერტი ეჭვობს, რომ რუსეთი როგორღაც დაეხმარება სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს, ”რადგან მოსკოვი ამ პრობლემის მიმართ ნათელ პოზიციას არ ავლენს”. გაზეთ ”მთელი კვირის” პოზიცია კი ასეთია: მსგავსი პუბლიკაციები საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმების ჩაშლის მცდელობაა. ამავე გაზეთიდან შევიტყობთ, რომ აფხაზური არმიიდან თავის დახსნის ”საწყისი ფასი” 100 დოლარია.


გაზეთი ”24 საათი” კი იუწყება, რომ ”აფხაზები არმიას ქართველებით ქმნიან”: ”აფხაზურ არმიაში ქართველების გაწვევა იძულებით ხდება. აფხაზური მილიციის წარმომადგენლები ქართველებზე ზეწოლას რუსეთის სამშვიდობო ძალების თანხლებით ახდენენ. გაწეული წინააღმდეგობის გამო, აფხაზმა სეპარატისტებმა შური იძიეს და ოტობაიას კულტურის სახლი გადაწვეს.”


”ოქრუაშვილმა ნოღაიდელი ხაჭაპურიძეების დაკრძალვაზე არ გაუშვა” - ასეთი გახლავთ სათაური სტატიისა, რომელსაც დღევანდელი ”ახალი თაობა” აქვეყნებს. ოსური მხარის მიერ გატაცებული და შემდეგ მოკლული ხაჭაპურიძეების დაკრძალვაზე პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი არ ჩავიდა. ერთი ვერსიით, მან ვერ მოიცალა; მეორე ვერსიით - ჩასვლას არც აპირებდა; ხოლო მესამე ვერსიით, ის ცხინვალის რეგიონში თავდაცვის მინისტრმა არ გაუშვა. სოფელ ქურთაში არც თავად ირაკლი ოქრუაშვილი ჩასულა. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, კოკოითის, ბრძანებით ჰაერსაწინააღმდეგო ძალებისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. გაცემული ბრძანება იმ ვერტმფრენის დაფრთხობასა და ჩამოგდებას ითვალისწინებდა, რომლითაც ოქრუაშვილი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში უნდა ჩასულიყო.
XS
SM
MD
LG