Accessibility links

logo-print

აკნინებს თუ არა მთავრობა შრომისა და დასაქმების სამსახურს


21 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა წარადგინოს სტრუქტურული ცვლილებების პროექტი,

რომლის დამტკიცების შემთხვევაში, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, მოქმედებას შეწყვეტს. პარალელურად, დასაქმების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებისა და 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, უქმდება „უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები“, უმუშევრის შემწეობა, შრომის ინსპექცია და დასაქმების სახელმწიფო სამსახური. საინტერესოა, რას ფიქრობენ დაწყებული რეორგანიზაციის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტები და სამინისტროს თანამშრომლები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. იურისტი გიგა გიორგაძე ამბობს, რომ ცვლილებათა პროექტის მიღებით, მთავრობა დაარღვევს კონსტიტუციის 30-ე და 32-ე მუხლებს და უარს იტყვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

[გიგა გიორგაძის ხმა] „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მესვეურებმა, სამწუხაროდ, დააკნინეს შრომის სფერო ამ სამინისტროში. მკვიდრდება აზრი, რომ ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის შრომის სამინისტრო. ამ სფეროს დაკნინება გამოიხატება რაში: შესაბამისი დეპარტამენტების გაუქმებაში, საზედამხედველო სამსახურების დაუფინანსებლობაში, შესაბამისი პროგრამების არარსებობაში. თუ შედარებას გავაკეთებთ და მომავალი წლის ბიუჯეტით ვიხელმძღვანელებთ, შევამჩნევთ, რომ სახელმწიფოს ნაკლებად აინტერესებს შრომისა და დასაქმების პრობლემები.“(სტილი დაცულია)

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებიც ეჭვობენ, რომ რეორგანიზაცია მიზნად ისახავს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის გაუქმებას. სამმართველოს უფროს ციური ანთიძის თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობა ნაცად ხერხს იყენებს:

[ციური ანთიძის ხმა] „სტრუქტურული ცვლილებებით, ოცკაციანი დეპარტამენტიდან დარჩება ხუთ-ექვსკაციანი სამმართველო, რომელიც ნამდვილად ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. საერთოდ, ძალიან ბევრ სფეროში შეიმჩნევა ასეთი რამ: ჯერ ხდება გაკოტრება ამა თუ იმ სტრუქტურის, ანუ არაფრით არ ეძლევა საშუალება, რომ მან განახორციელოს თავისი ფუნქციები. ბოლოს კი იტყვიან, სტრუქტურა მაინც ვერ მუშაობს და, მოდი, გავაუქმოთ.“ (სტილი დაცულია)

აპირებს თუ არა სამინისტროს ხელმძღვანელობა შრომისა და დასაქმების სამსახურის გაუქმებას, როგორც ამას არასამთავრობო ორგანიზაციისა და თავად სამინისტროს თანამშრომლები ამტკიცებენ? შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლადო ჭიპაშვილის კომენტარი:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] „არაფრის გაუქმებას არ ვაპირებთ, რა სისულელეა! რეორგანიზაცია მიდის სამინისტროში და ორი დეპარტამენტი ერთიანდება, იქნება ერთი გამსხვილებული დეპარტამენტი. საიდან მოიგონებენ ხოლმე ამგვარ სისულელეს, წარმოდგენა არ მაქვს... აღარ ვაკეთებ კომენტარს ასეთ სისულელეზე!...“

თუმცა, მინისტრის გაცხარების მიუხედავად, სამინისტროს თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ უწყებაში შრომის სფეროს არაკომპეტენტური ადამიანები განაგებენ, რის გამოც, სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივების სამმართველოს უფროსის თემურ ჩავლეიშვილის თქმით, შრომა და შრომის ბაზარი არაეფექტურად იმართება, რაზეც ციფრებიც მეტყველებს.

[თემურ ჩავლეიშვილის ხმა] „მინიმალური და საშუალო ხელფასის თანაფარდობა: საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებუ3ლია 1:3, მაშინ როცა ჩვენთან არის 1:8. მინიმალური ხელფასი კი უნდა შეადგენდეს საშუალო ხელფასის 68%-ს, ჩვენთან კი დღეისათვის არის 12,7%.“

სამინისტროს თანამშრომლებმა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს მიმართვა, რომელშიც ისინი ითხოვენ შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული ვითარების შესწავლასა და ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას. პასუხად, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა მიმართვის ავტორები, 15 ადამიანი, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან დაითხოვა.
XS
SM
MD
LG