Accessibility links

logo-print

როგორი იყო 2005 წელი ევროპის კავშირისთვის


"ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებას გასული წლის

შეჯამებას ვუთმობთ. კერძოდ, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი იყო 2005 წელი ევროპის კავშირისთვის. როგორც ჩემი სიუჟეტიდან შეიტყობთ, ევროკავშირი ახალ წელს საკმაოდ ბევრი პრობლემით ხვდება.

2005 წლის მიწურულს ევროპის კავშირს წლის განმავლობაში შექმნილი ბევრი პრობლემა კვლავ გადაუჭრელი აქვს.

გასულ კვირაში ბრიუსელში გამართულ სამიტზე კავშირის ლიდერებმა მომავალი 7 წლის ბიუჯეტის მიღება შეძლეს, თუმცა ეს ფაქტორი, ალბათ, მაინც ვერ შეამსუბუქებს გაწბილების იმ განცდას, რომელიც ევროკავშირში ახალი 10 წევრის მიღების შემდეგ შეიქმნა.

გაფართოების მომენტში ევროპის კავშირი თითქოს მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულებას იწყებდა. განწყობა ამაღლებული იყო: გაფართოებული კავშირის გამაერთიანებელი ახალი კონსტიტუციის შექმნა - თითქმის დასრულებული; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ხავიერ სოლანას ხელმძღვანელობით, ერთიანი საგარეო პოლიტიკის შექმნაც მიმდინარეობდა.

მაგრამ, ევროკავშირის ისტორიული გაფართოებიდან ერთი წლის შემდეგ, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ამომრჩევლებმა ეროვნულ რეფერენდუმებზე კონსტიტუცია უარყვეს. ამით მაისის თვეში ევროპის ერთიანობის განცდა მნიშვნელოვნად შეირყა – მას შემდეგ კი ერთიანობის რღვევის განცდა სულ უფრო მეტად ძლიერდება.

ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნია გერმანიაში მოქმედი ბერტელსმანის ფონდის მთავარ ანალიტიკოსს, პიტერ ზერვაკისს:

[ზერვაკისის ხმა] "რეალური კრიზისი, რომელსაც ევროკავშირი განიცდის, უკავშირდება იმედის დაკარგვას, რომ ევროპის ინტეგრაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. საკუთრივ პოლიტიკური ელიტებიც კი აღარ არიან დარწმუნებული, რა მიმართულებით წავიდნენ."

შეკითხვაზე, თუ რატომ უარყვეს ფრანგებმა და ჰოლანდიელებმა ევროკავშირის ერთიანი კონსტიტუცია, სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მოსახლეობა ევროკავშირის ელიტაზე გაღიზიანებული იყო, ვინაიდან თვლიდა, რომ ევროკავშირი ცალკეული წევრი ქვეყნების მოსახლეობას ბევრს არაფერს ეკითხება. სხვები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის უარყოფის მიზეზი სამუშაო ადგილების საკითხი იყო – მოსახლეობას ეშინოდა, რომ გაფართოების პროცესის გაგრძელებასთან ერთად – და განსაკუთრებით ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შემთხვევაში – სამუშაო ადგილები შემცირდებოდა. კიდევ სხვები კი ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის ჩავარდნის მიზეზი, უბრალოდ, რთული დოკუმენტის ირგვლივ არსებული მცდარი წარმოდგენები იყო.

თუმცა როგორიც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, რეფერენდუმზე კონსტიტუციის ჩავარდნამ ერთგვარი ფსიქოლოგიური შოკი გამოიწვია და მნიშვნელოვნად დასცა ევროკავშირის შიგნით არსებული განწყობა. პიტერ ზერვაკისი ასე ფიქრობს:

[ზერვაკისის ხმა] "ევროპის ინტეგრაცია დამოკიდებულია დინამიზმზე, დინამიკურ განვითარებაზე და არა ერთ ადგილას დგომაზე. მგონი, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა იუნკერმა შეადარა ევროკავშირი მატარებელს – მატარებელს, რომელსაც მკაფიო მიმართულება უნდა ჰქონდეს და რომელიც უნდა მოძრაობდეს."

ევროკავშირის პარტნიორები ინტენსიურად აკრიტიკებდნენ ბრიტანეთს, როგორც ევროკავშირის მორიგ პრეზიდენტს, ვინაიდან, მათი აზრით, პრეზიდენტობის პირველი 6 თვის განმავლობაში ლონდონი ბევრს არაფერს აკეთებდა სიტუაციის გასაუმჯობესებლად. პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ჯერ ერაყში მიმდინარე ომით იყო დაკავებული, შემდეგ კი ლონდონში მომხდარი აფეთქებების შედეგებით. ამავე დროს, იგი ბრიტანეთში სულ უფრო მეტად კარგავდა პოლიტიკურ მხარდაჭერას.

ის, რომ ბლერმა და ევროკავშირის სხვა ლიდერებმა ვერ შეძლეს მკაფიო მიმართულების გამოკვეთა, ევროკავშირის პრობლემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

კავშირის კიდევ სხვა გადაუჭრელი პრობლემა ის არის, რომ ძველმა და ახალმა წევრებმა 2005 წელს ერთმანეთთან შერწყმა კვლავაც ვერ შეძლეს. ძველ წევრ ქვეყნებში ისევ არსებობს ახალი წევრების იაფი მუშახელის შიში – მაგალითად, ირლანდიაში ამჟამად სკანდალია ერთ-ერთი გემთსაშენი კომპანიის ირგვლივ. კომპანიის მესვეურები აპირებენ 500 ირლანდიელი პირი სამსახურიდან გაათავისუფლონ და მათ ნაცვლად აიყვანონ ლატვიელები, რომლებსაც ირლანდიელი თანამშრომლების ხელფასის ნახევარზე ნაკლებს გადაუხდიან.

ამდენად, ალბათ, შესაძლებელია ითქვას, რომ ევროპის კავშირის დღევანდელი ვითარება აქტუალობას უბრუნებს საკმაოდ ძველ და გადაუჭრელ კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ბევრმა სახელმწიფომ შეადგინოს რეალურად ერთიანი კავშირი. პიტერ ზერვაკისი ამ ასპექტს ასე აფასებს:

[ზერვაკისის ხმა] "ჩემი აზრით, მომავალში რაიმე ერთიანი პროგრამა აღარ შეიქმნება – მაგალითად, კონსტიტუციის მსგავსი პროგრამა, რომელშიც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ერთნაირად იმუშავებს ინტეგრაციისთვის."

ზერვაკისის აზრით, არ არის გამორიცხული ინტეგრაციის პროცესი მხოლოდ წევრი ქვეყნების ერთ ნაწილში გაგრძელდეს.

შესაძლებელია, ეს ის 12 ქვეყანა იყოს, რომლებიც ერთიანი ფულის ერთეულის, ევროს, შემოღებას დასთანხმდნენ.

თუმცა ის, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ევროკავშირი ყველა თავისი წევრი ქვეყნის თუ მის წიაღში მოქმედი ყველა დაჯგუფების მიმართ, კვლავაც გაურკვეველი რჩება.
XS
SM
MD
LG