Accessibility links

logo-print

კორუფციის დონის მიხედვით საქართველო 130-ე ადგილზეა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველო, საერთაშორისო გამოკველევების მიხედვით, კორუფციის ნიშნით კვლავ არასახარბიელო პოზიციას იკავებს. საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "Transparency International"-მა

მორიგი ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველო 130-ე ადგილზეა. რა პარამეტრებით შედგა ეს რეიტინგი და რა ზომების გატარებას გეგმავს ხელისუფლება კორუფციასთან საბრძოლველად?

საზოგადოებრივმა ორგანიზაცია Transparency International-მა კორუფციის დონის მიხედვით ქვეყნების მორიგი ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი, ტრადიციულად, ეყრდნობა გამოკითხვას, რომელიც ანალიტიკოსთა და მეწარმეთა შორის ტარდება. საქართველო, Transparency International-ის რეიტინგით, ისევე როგორც ადრე გამოქვეყნებული სხვა საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების გამოკვლევის მიხედვით, ერთ-ერთი აუტსაიდერი ქვეყანაა და, ყირგიზეთთან ერთად, 130-ე ადგილს იკავებს.

Transparency International-ის რეიტინგით, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საუკეთესო შედეგებს ესტონეთმა (27-ე ადგილი), ლიტვამ (44) და ლატვიამ (51) მიაღწიეს.

მათ შემდეგ არიან სომხეთი და მოლდოვა (88-ე ადგილი), ბელორუსია, ყაზახეთი და უკრაინა (107-ე ადგილი), რუსეთი (126). საქართველოზე უარესი რეიტინგი აქვს აზერბაიჯანს, უზბეკეთს (137-ე ადგილი), ტაჯიკეთსა (144) და თურქმენეთს (155).

Transparency International-ის ექსპერტთა აზრით, 2004 წელთან შედარებით კორუფციული ფონი გაუარესდა რუსეთში და რამდენადმე გაუმჯობესდა ესტონეთსა და ყაზახეთში.

Transparency International-ი აღნიშნავს, რომ 2005 წელს მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდ ნაწილში კორუფცია ყვაოდა.

იმ ქვეყნების სიაში, სადაც კორუფციის დონე შედარებით დაბალია, შევიდნენ: ისლანდია, ფინეთი, ახალი ზელანდია, დანია, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ავსტრალია, ავსტრია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი. აშშ-მა რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა. ყველაზე კორუფციულ ქვეყნებად კი ჩადი და ბანგლადეში ითვლება.

საქართველოში კორუფციას ებრძვიან, თანაც, ხელისუფლების განცხადებით, საკმაო წარმატებითაც. პრეზიდენტი თავის საჯარო გამოსვლებში ამ მხრივ მიღწეულ წარმატებებზე ხშირად და თანაც სიამაყით საუბრობს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მინდა ოფიციალურად გამოვაცხადო ის, რაც თქვენ ისედაც კარგად იცით – საქართველოში წილების ჩასმის ინსტიტუტი გარდაიცვალა.”

ამ განცხადებების პარალელურად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ გამოკვლევებში, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმს კორუფციის დამარცხების შესახებ ნაკლებად იზიარებენ.

ყოველი ამ ტიპის გამოკვლევების გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც საქართველო არცთუ სახარბიელო პოზიციითაა წარმოდგენილი, ხელისუფლება ცდილობს თავი გაიმართლოს და აუტსაიდერის პოზიცია ძველი მონაცემებით ან მკვლევარი ორგანიზაციის ნაკლები კომპეტენტურობით ახსნას. თუმცა Transparency International-ის შემთხვევაში ხელისუფლებას ამის შანსი ნაკლებად ექნება, რადგან ამ ორგანიზაციას ვერც ავტორიტეტს დაუწუნებ და ვერც ძველ სტატისტიკაზე გააკეთებ აპელირებას; ამასთან, უხერხულობას შექმნის ისიც, რომ თავის დროზე, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ამჟამინდელი მმართველი ძალა იმავე ორგანიზაციის გამოკვლევებს ეფექტურად იყენებდა წინა ხელისუფლების კორუმპირებულობის დასამტკიცებლად.
XS
SM
MD
LG