Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ინტერესი საქართველოსადმი სულ უფრო და უფრო მეტად იძენს ეკონომიკურ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის ინტერესი საქართველოსადმი სულ უფრო და უფრო მეტად იძენს ეკონომიკურ ელფერს. შესაბამისად, რუსეთის მედიაც სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს

რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს. გასული კვირის ბოლოს თბილისში გამართულ ქართულ-რუსულ ბიზნესფორუმს თითქმის ყველა გაზეთი გამოეხმაურა. თუმცა გაცილებით დიდი ინტერესი გამოიწვია რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თბილისურმა ვიზიტმა - როგორც იცით, ამ ვიზიტისას თბილისმა და მოსკოვმა შეთანხმებას მიაღწიეს აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენის შესახებ. გაგაცნობთ რუსული პრესის რამდენიმე პუბლიკაციას.

„იგორ ლევიტინმა ტრანსკავკასიური ტრანზიტი გახსნა“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს 19 დეკემბრის გაზეთი „კომერსანტი“ მასალას რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თბილისური ვიზიტის შედეგების შესახებ. გაზეთის ცნობით, ბოლოს და ბოლოს, მკვდარი წერტილიდან დაიძრა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 15 წლის მანძილზე რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებათა დღის წესრიგში შედიოდა და რომლის მოგვარების შემდეგაც რეგიონში ტვირთების მოძრაობის მარშრუტი სერიოზულად შეიცვლება. კერძოდ:

იგორ ლევიტინის თბილისში ვიზიტისას ხელი მოეწერა სპეციალურ შეთანხმებას, რომელშიც ნათქვამია, რომ უახლოეს ხანში აღდგება გამჭოლი მოძრაობა სოჭი-თბილისის მიმართულებით, აფხაზეთის გავლით. იმ გზის აღდგენა, რომელიც ტვირთების მოძრაობას გამოიწვევს არა მხოლოდ რუსეთიდან საქართველოში, არამედ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანისა და ყაზახეთის მიმართულებით, ბოლო სამი წლის მანძილზე არაერთხელ სცადეს. მაგალითად, 2003 წლის მარტში ვლადიმირ პუტინმა და საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხელიც კი მოაწერეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა გახლდათ. დღეს რკინიგზის აღდგენას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უჭერს მხარს. რაც შეეხება რუსეთის ინტერესს, ამას ისიც ადასტურებს, რომ თბილისიდან ლევიტინი პირდაპირ სოჭში გაემგზავრა, სადაც ქარულ მხარესთან შეხვედრის შედეგები პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა.

მაინც კონკრეტულად რა შეიცვლება აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენის შემდეგ? - რუსი ექსპერტის მიხეილ აკულოვის განმარტებით, ის ტვირთი, რომელიც დღეს ევროპაში ბოსფორის სრუტით გადის, რკინიგზის აღდგენის შემდეგ ქართული პორტებისკენ გადმოინაცვლებს და ევროპაში ბულგარეთის გზით გავა. წინასწარი გათვლებით, აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გაჩერების გამო, საქართველო ყოველწლიურად 600 მილიონ დოლარს კარგავს. რაც შეეხება რკინიგზის აღდგენისთვის აუცილებელ თანხებს:

აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღსადგენად საქართველო და რუსეთი საერთაშორისო კონსორციუმს შექმნიან, რომელშიც, რუსეთის და საქართველოს რკინიგზის გარდა, ის ინვესტორებიც შევლენ, რომლებიც ტვირთის გადაზიდვით არიან დაინტერესებულნი. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პირველი ეტაპი 6 მილიარდი მანეთი დაჯდება. თუ ელექტროფიცირებაც საჭირო გახდა, პროექტის ღირებულება 9 მილიარდ მანეთს მიაღწევს.

ამის მიუხედავად, მხარეებს პროექტის განხორციელება რეალურად მიაჩნიათ. ერთადერთი, ეკონომიკური რეფორმების სფეროში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის შენიშვნით, ახლა აუცილებელია სოხუმის ხელისუფლების დარწმუნება გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის აუცილებლობაში.
XS
SM
MD
LG