Accessibility links

logo-print

საბაჟო ტერმინალ ”ოპიზის” საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელი


საბაჟო ტერმინალ ”ოპიზის” საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელი სხდომა, იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს

მოსამართლეების დისციპლინური დევნის პროცესი და მოსალოდნელი მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის კომპანია ”გაზპრომს” შორის, - ეს არის ის თემები, რომლებსაც ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს დღევანდელი ქართული პრესა, თუმცა არის სხვა, არანაკლებ საინტერესო და მწვავე, პრობლემებიც, რომლებსაც დღეს ქართული ბეჭდვითი მედია აშუქებს.

”შიში შეიქმს ამნეზიას”, ”რა ხელი აქვს გიორგი არველაძეს ”ოპიზაში”, ”ომერტა ”ოპიზურად”, - ასეთი სათაურებით ეხმაურება დღევანდელი პრესა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომას. ”24 საათი” წერს: ”დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატები განსაკუთრებით ერთ-ერთი დაკითხულის, ლაშა ბრეგვაძის, პერსონამ დააინტერესა. როგორც მან თავად აღიარა, გარკვეული დროის განმავლობაში ერთდროულად ორი კონკურენტი დაწესებულების საბაჟო ტერმინალების ”ლილო-1”-ისა და ”ოპიზის” დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა.”

”24 საათშივე” დღეს ქვეყნდება სტატია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ედუარდ კოკოითის მოულოდნელი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. პუბლიკაცია, რომელიც ”ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” საიტიდან არის გადმობეჭდილი და რომლის ავტორიც ცხინვალელი ირინა კელეხსაევა გახლავთ, თავს უყრის გამოხმაურებებს კოკოითის ინიციატივაზე და ზოგადად ქართულ-ოსური სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესზე. კელეხსაევას სტატია მთავრდება ოსი ბიზნესმენის ვლადიმერ ვალიევის სიტყვებით: ”სანამ ქართველები არ გაასამართლებენ ყველა დამნაშავეს, რომლებიც აგრესიის წლებში ადამიანებს კლავდნენ და სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას არ მისცემენ გასული საუკუნის 90-იან წლებსა და 2004 წლის ზაფხულში მომხდარ მოვლენებს, სამშვიდობო პროცესი არ შედგება. იმ შემთხვევაშიც, თუ გარკვეული შეთანხმების მიღწევა მაინც მოხერხდება, ხვალ კი, მაგალითად, ვიღაცას მოკლავენ ან ვიღაც ნაღმზე აფეთქდება, ყველაფერი თავდაყირა დადგება,” - აცხადებს ოსი ბიზნესმენი.

”რამდენი პაციენტი იღუპება ექიმთა შეცდომის გამო საქართველოში?” - კითხულობს დღევანდელი ”რეზონანსი”, თუმცა ამ კითხვას, იმის გამო, რომ მსგავსი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, პასუხს ვერ სცემს. ავტორი და მისი რესპონდენტები თანხმდებიან, რომ პაციენტები ხშირად ჩივიან ექიმის შეცდომის გამო პაციენტის დაღუპვაზე. კონკრეტული ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლოს გასარკვევია. საქართველოში კი ცოტას თუ შეუძლია ასეთ საქმეს თავი დაადგას და ბოლომდე მიჰყვეს. ”რეზონანსის” პუბლიკაციიდან ვიგებთ, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი პაციენტთა უფლებების დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე სამსახურის, მათ შორის, ჯანდაცვის ომბუდსმენის პოსტის შექმნას აპირებს.

”სარიშვილი იგორ გიორგაძის თანამზრახველი ხდება”, - წერს ”ახალი თაობა”. ჟურნალისტი სახალხო დაცვის ლიგის თავმჯდომარის ირინა სარიშვილის იგორ გიორგაძის ფონდის თავმჯდომარეობას გასაკვირად არ მიიჩნევს და წერს: ”ირინა სარიშვილმა დამოუკიდებელი ხანგრძლივი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მისი მეუღლის ტრაგიკულ სიკვდილში იგორ გიორგაძის ხელი არ ურევია. ამის შემდეგ მან უშიშროების ყოფილ მინისტრს საჯაროდ ბოდიშიც კი მოუხადა”. ზაზა ბაკაშვილი ინფორმაციას ასე ასრულებს: ”ჰყავს თუ არა რეალურად რუსეთს თავისი ჯორჯ სოროსი, რომელიც ხელისუფლებაში გიორგაძის მოყვანას შეძლებს, ამას ახლად დაფუძნებული იგორ გიორგაძის ფონდის საქმიანობა წარმოაჩენს.”

დასასრულ, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ”საქართველოს რესპუბლიკაში” დაბეჭდილ ერთ რეპლიკას, სათაურით ”მამათქვენს არ სჭირდება, მაგრამ - მამაჩემს?”. საუბარი შეეხება პენსიების შესახებ კანონპროექტს და ხელისუფლების პოზიციას. ის, ოპოზიციისგან განსხვავებით, პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დიფერენციაციის წინააღმდეგია. რეპლიკის ავტორი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საპარლამენტო კომიტეტში გამოსვლას იხსენებს, როცა მან ოპოზიციის გასაგონად შენიშნა, რომ პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშვნის შემთხვევაში გაზრდილ პენსიას მამამისიც მიიღებდა. ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი წერს: ”ჯანდაცვის მინისტრის ნათქვამის ქვეტექსტი ამგვარი იყო: მუშაობის დიდი სტაჟი მამაჩემსაც აქვს და პენსია ნამსახურეობის მიხედვით რომ დავნიშნოთ, გაზრდილ თანხას მიიღებს, ეს კი მას სულაც არ სჭირდებაო, ისედაც ყელამდე ფულში ზისო. მამათქვენს არ სჭირდება, ბატონო ლადო, მაგრამ - მამაჩემს?” - კითხულობს კორესპონდენტი.
XS
SM
MD
LG