Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა დაბადების დღე მოკრძალებულად აღნიშნა


38 წლის წინ, 1967 წლის 21 დეკემბერს, თბილისში დაიბადა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 2004 წლის 4 იანვარს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში

მხარი აქტიური ელექტორატის 96 პროცენტმა დაუჭირა. პრეზიდენტობამდე მიხეილ სააკაშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და კიევის უნივერსიტეტი, სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში; იყო პარლამენტის წევრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. აღიარებულია „ვარდების რევოლუციის“ მთავარ შემოქმედად. რა ვითარებაში აღნიშნა პრეზიდენმა დაბადების დღე და რას უსურვებენ იუბილარს კოლეგა-პოლიტიკოსები და რიგითი თბილისელები?


მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერსაა დაბადებული, ისევე როგორც ყველაზე ცნობილი ქართველი, იოსებ სტალინი. ამ ორ პოლიტიკოსს, როგორც პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, სხვა ბევრი არც არაფერი აქვთ საერთო, თუმცა, დეპუტატის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტალინისგან ახალგაზრდა პრეზიდენტს არაფერი აქვს სასწავლი:


[ლევან ბერძენიშვილის ხმა] „იუბილარ პრეზიდენტს ვუსურვებ, ახსოვდეს ვისთან არის დაბადებული და ვის არ უნდა ჰგავდეს. მეტი ნდობა უნდა გამოავლინოს იდეებისა და ადამიანების მიმართ. მეტი ყურადღება სჭირდება და თუ რამე სასწავლია სტალინისგან, ესეც უნდა ისწავლოს. სტალინი იმიტომ იყო მრავალი ათეული წელი ხელმძღვანელი, რომ მას ჰქონდა მოთმინების უნარი და მას ჰქონდა სასტიკი კონცენტრაციის უნარი. ეს ორი ნაკლი, რომელიც აქვს ახალგაზრდა ქართველ პრეზიდენტს (არ შეუძლია კონცენტრირება საკითხებზე და არა აქვს მოთმინების უნარი), გამოსასწორებელია და უნდა ისწავლოს თუნდაც სტალინისგან.“(სტილი დაცულია)


„პრეზიდენტს მოთმინება აკლია, პრეზიდენტი ჩქარობს“ - ხშირად იმეორებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ზოგიერთი ოპონენტი იმის გამოც წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბევრს მოგზაურობს, რომ მიწვევაზე უარს არავის ეუბნება. ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულ პრეზიდენტს სხვაგვარად მოქცევას ვარსკვლავები არ ანებებენ:


[მიხეილ ცაგარელის ხმა] „მე ვთხოვ ყველას, ვინც აკრიტიკებს მას ხშირი მოგზაურობის გამო. სხვა საქმეა, რომ ყოველივე ეს, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ქვეყნის ბიუჯეტზე, მაგრამ თუ გვინდა, რომ პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელი, მან რაც შეიძლება მეტი უნდა იმოძრაოს, დინამიურობაში ამყოფოს საკუთარი თავი და იმოგზაუროს, იმიტომ რომ მოგზაურობა მშვილდოსნებისათვის არის თერაპია, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ერთ-ერთი საშუალება.“(სტილი დაცულია)


თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამჟამად საქართველოშია. 38-ე დაბადების დღე მან ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებთან ერთად, აღნიშნა. მოგვიანებით იუბილარმა თემქაში უპოვართა სასადილო, ხოლო დიღომში სპორტული მოედანი გახსნა. თუმცა პრეზიდენტს დაბადების დღე მარტო დიღომსა და თემქაში მცხოვრებმა ადამიანებმა როდი მიულოცეს.


[მამაკაცის ხმა] „ვუსურვებდი, რომ ხალხის ყოფის გაუმჯობესებისათვის ეზრუნოს. დანარჩენი ყველაფერი გამოსწორდება.“


[ქალბატონის ხმა] „პრეზიდენტს ვუსურვებ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, საქართველოს გაერთიანებას, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას და ასევე ვულოცავ ვაჟიშვილის შეძენას.“



იუბილარს დაბადების დღე თანაგუნდელებმაც მიულოცეს. ზოგიერთს ახსოვდა, ზოგიერთს კი - არა.


[დეპუტატის ხმა] „დაბადების დღე როდის აქვს? დღეს? ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას საქმიანობაში, ქვეყნის გამთლიანებას, მისი პირადი სურვილებისა და პოლიტიკური გუნდის მიზნების მიღწევას რაც შეიძლება მალე.“


[დეპუტატის ხმა] „მინდა ვთხოვო ჩემს პრეზიდენტს: ცოტა დაეშვას მიწაზე. ის ძალიან რომანტიული ადამიანია, ძალიან რომანტიული ადამიანია, ამიტომ ოდნავ უნდა დაეშვას მიწაზე. ყოველდღიური ცხოვრება მძიმეა, ხალხს ჯერჯერობით ძალიან უჭირს.“


თუმცა 21 დეკემბერს ყველაზე მეტად თავი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ გამოიდო. შალვა ნათელაშვილმა იუბილარს ამანათი გაუგზავნა:


[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ვუგზავნით კასეტას, რომელზეც ჩაწერილია მხატვრული ფილმი „ყვარყვარე თუთაბერი“, და განცხადების ტექსტს, რომელზე ხელის მოწერითაც გაახარებს ქართველ ერს, როდესაც სააკაშვილი გააკეთებს ასეთ განცხადებას: მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ გავეცანი ჩემი წინაპრის, ყვარყვარეს, ფილმს, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან, ხალხს კი ბოდიშს ვუხდი ურცხვი ტყუილებისათვის. მიხეილ სააკაშვილი. აი, ამ ორ ნობათს ბატონ მიხეილს ფოსტის საშუალებით გავუგზავნით.”(სტილი დაცულია)


საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე რუსმა კოლეგამაც მიულოცა. მისალოც გზავნილში ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ კონსტრუქციული დიალოგის წყალობით გაუმჯობესდება ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG