Accessibility links

logo-print

იგორ გიორგაძის პოლიტიკური დაჯგუფების გააქტიურების მიზეზები


შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა საქართველოში ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული იგორ გიორგაძის მომხრეთა ბანაკის გაფართოება და გააქტიურება. ახლახან იგორ გიორგაძის

პოლიტიკური პარტიის, ”სამართლიანობის”, საზღვარგარეთის ბიუროს სათავეში ჯემალ გოგიტიძე ჩაუდგა, ხოლო თბილისში გიორგაძის ფონდის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია გახდა. ამ პოლიტიკურმა მოძრაობამ 21 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული აქცია მოაწყო.

თბილისში, რესპუბლიკის მოდანზე, იქ, სადაც ბოლო დრომდე დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, უამინდობის მიუხედავად, 2 ათასამდე მოქალაქემ მოიყარა თავი. ძირითადად, იგორ გიორგაძის პარტიის, ”სამართლიანობის”, რიგითი წევრები და აქტივისტები, პარტიისავე დროშისგან შეკერილი საწვიმარი ლაბადებით შემოსილნი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ასე ულოცავდნენ:


[ისმის მილოცვა] ”... გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო, დაბადების დღეს, ვაჟიანობას. 38 წელი უკვე განვლეთ თქვენი მამის და მარჩენალის, ედუარდ დიდის მიერ განათებული გზით. აკაკის სიტყვას თუ დავეყრდნობით, მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ, კარგად რომ ვერ გამიზრდიხარო. თქვენი გამზრდელი რევოლუციის 40-ზე თვითმკვლელი უნდა გამხდარიყო...”(სტილი დაცულია)

ეს, დავით აღმაშენებლის ძეგლის კვარლცხბეკის ნარჩენებზე შემდგარი, ჩოხა-ახალუხში გმოწყობილი მსახიობი ედუარდ შევარდნაძის პაროდისტმა შეცვალა:

[პაროდისტის ხმა] ”...კაი ხარ, ბაბუ, კაი. რაც კაი ხარ, კაი ხარ. ისე, ამას არ ველოდი რაც შენ გააკეთე ახლა. ბიჭო, გაზეთის პენსია მაინც დამინიშნე, გაზეთი რომ ვიყიდო ყოველკვირეული, დღიური თუ არა, კაცო, რომ წავიკითხო ხანდახან. კარგად ყოფნას, ბიჭიანობას და ჯანმრთელობას გისურვებ...” (სტილი დაცულია)

მე შოუს აქტიურ მაყურებლებს, ”სამართლიანობის” პარტიის წევრებსაც, გავესაუბრე და ვკითხე, თუ რისი თქმა უნდოდათ ამ იუმორისტულ-პოლიტიკური აქციის გამართვით.

[მონაწილეების ხმები] ”.. საქმე არა გაქვს-მეთქი მეტი? კარგად იყავით, გაიგებთ მალე ყველაფერს.”

”პროტესტის ნიშნად. ვაპროტესტებთ იმას, რა მდგომარეობაშიც ხალხი ცხოვრობს საქართველოში.”

”...დღეს რატო ვართ აქ? გაიგებთ ყველაფერს, რა...”

უფრო კარგად განმარტავს პოლიტიკურ-იუმორისტული შოუს მნიშვნელობას თემურ ჟორჟოლიანი, იგორ გიორგაძის მომხრეთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი:

[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] ”განცხადება დროზე დაწეროს, სანამ საშინელება არ დატრიალდა.”


თემურ ჟორჟოლიანი სოციალურ ნიადაგზე საპროტესტო ტალღის აგორებაზე მიანიშნებდა. რევოლუციის მოწყობის მზაობას გამოხატავს ”სამართლიანობის” მეორე ლიდერი, მოსკოვში მცხოვრები ჯემალ გოგიტიძე. გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს:

[გოგიტიძის ციტატა] ”არ გამოვრიცხავ იმავე ნაბიჯებით მოვიდეთ, რა ნაბიჯებიც დღევანდელმა ხელისუფლებამ გაითამაშა. ჩვენ მაშინ ვერ შევძელით ჩვენი მიზნები ხალხისთვის აგვეხსნა. იმდენი ფული, რაც სააკაშვილმა პიარისთვის დახარჯა, ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა. ახლა ყველაფერი გვაქვს და სათანადოდ მზად ვართ.”(სტილი დაცულია)

ამ პოლიტიკური მოძრაობის გააქტიურების მიზეზის კომენტირება პოლიტოლოგ გია ნოდიას ვთხოვე. მან მითხრა: რუსეთი ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი გზებით ჩაერიოს, რაც უფრო სისუსტის ნიშანია, რადგან სხვა უფრო ქმედით ბერკეტებს ვერ ამჩნევსო.
XS
SM
MD
LG