Accessibility links

logo-print

პრივატიზების პროცესი საქართველოში 1992 წელს დაიწყო, თუმცა პრივატიზების


პრივატიზების პროცესი საქართველოში 1992 წელს დაიწყო, თუმცა პრივატიზების ახალი ტალღა უშუალოდ უკავშირდება “ვარდების რევოლუციას”.დღეისათვის პრივატიზების პოლიტიკის ძირითადი

მიმართულებები სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი საწარმოო სიმძლავრეებისა და უძრავ–მოძრავი ქონების დაჩქარებული ტემპებით განკერძოება და ეკონომიკის რადიკალური დერეგულაციაა. კერძო ინვესტიციების პრივატიზების გზით მოზიდვის სახელმწიფო პროგრამა 2003 წლის ბოლოს დამტკიცდა. ორწლიან პროგრამაში, სხვა მრავალ სახელმწიფო ობიექტს შორის, მოხვდა წყნეთში მდებარე სახელმწიფო აგარაკებიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ აგარაკების საპრივატიზაციო პაკეტი მომზადებული არ არის, ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობას მოდელი უკვე გადაუგზავნა და ახლა სამოქმედო დირექტივის მოლოდინშია.


სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი საწარმოო სიმძლავრეებისა და უძრავ–მოძრავი ქონების პრივატიზების ორწლიან პროგრამაში წყნეთის აგარაკებიდან ყოფილი სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული აგარაკები აღმოჩნდა. ამ აგარაკების წინასაპრივატიზაციო მზადება მათ კატეგორიებად დაყოფას და ამ ნიშნით შეფასებას ითვალისწინებს. როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დევი ჩქარეული განმარტავს, გამოკვეთილია 4 ძირითადი კატეგორია:


[დევი ჩქარეულის ხმა]“ეს კატეგორიები დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ამ აგარაკებში განთავსებული. საუბარია ჩვეულებრივ დამსვენებლებზე, საუბარია დევნილებზე, საუბარია მიწისძვრით დაზარალებულებზე და 9 აპრილს დაზარალებულებზე, ანუ მოწამლულებზე.“


აგარაკების დიფერენცირება ამ კატეგორიების მიხედვით მოხდება, თუმცა არ არის გამორიცხული მთავრობიდან მოსულმა დირექტივამ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ მოდელში გარკვეული კორექტივები შეიტანოს. აგარაკის ღირებულება სპეციალური მეთოდიკით განისაზღვრება. ზოგადად კი იმის თქმა შეიძლება, რომ 1 ოჯახისათვის განკუთვნილ კოტეჯზე დამაგრებული მიწის საწყისი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 35 დოლარი იქნება. ამას დაემატება ბინის ფართის საფასური. 2–დან 8 ოჯახის ჩათვლით ტევადობის მქონე კოტეჯის ერთი კვადრატული მეტრი 140 დოლარის ფარგლებში იმერყევებს, ხოლო 3–5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინებში 1 კვადრატული მეტრის ფასი 80 დოლარი იქნება.


სახელმწიფო ქონების პრივატიზება ამ ეტაპზე არ ეხება იმ კოტეჯებს, რომლებითაც მაღალი სახელისუფლებო ეშელონების წარმომადგენლები სარგებლობენ. ყოფილი სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულია აგარაკებიდან ამ ეტაპზე დაახლოებით 100 აგარაკის დიფერენცირება და შეფასება ხდება. აგარაკებში განთავსებულთაგან კი სახელმწიფო გარკვეულ გამონაკლისს დევნილებზე ავრცელებს.


[დევი ჩქარეულის ხმა] “დევნილების თემა არის დაცული აბსოლუტურად, იმიტომ რომ პრეზიდენტის განკარგულება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მყიდველი ვალდებულია ან კომპენსაციის ხარჯზე გამოიყვანოს, თუ დევნილმა არ იყიდა, ანდა სანამ იმ რეგიონში, საიდანაც არის დევნილი, სიტუაცია არ დარეგულირდება და მათი დაბრუნების საკითხი არ გადაწყდება, ხელშეუხებელნი არიან.“(სტილი დაცულია)


თუმცა არის კიდევ ერთი გარემოება. იმ პირებს, რომლებიც წყნეთის სახელმწიფო აგარაკებში სამართლიანი, ოფიციალური საფუძვლით არიან განთავსებულნი, ეძლევათ უფლება პრივატიზაცია იჯარა–გამოსყიდვის ფორმით განახორციელონ. ამასთან, გამოსყიდვის ვადამ არაუმეტეს 5 წელი უნდა შეადგინოს, ხოლო პირველ წელს ღირებულების 50 პროცენტი უნდა დაფაროს. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ პრივატიზაციის ამ რეჟიმში ჩართვა მისაღები და ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ აგარაკებში დროებით განთავსებული ადამიანებისთვის, მათ შორის, დევნილებისთვის.
XS
SM
MD
LG