Accessibility links

logo-print

დიდი გაუგებრობა 2005 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ანუ რატომ ვერ ხარჯავს მთავრობა ბიუჯეტში თავმოყრილ მილიონებს


წლის ბოლოს პარლამენტი 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს განიხილავს, პარალელურად - 2006 წლის ბიუჯეტის პროექტს. როგორც იურისტები აცხადებენ,

პროცესთა ეს თანხვედრა აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის უმთავრეს კანონთან, კონსტიტუციასთან. მაგრამ არის სხვა სერიოზული პრობლემაც: ოთხშაბათს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებების ახალი პროექტი შესთავაზა, აბსოლუტურად განსხვავებული იმ პროექტისგან, რომელიც ამ დღეებში საპარლამენტო კომიტეტებში იქნა განხილული. ეს ფაქტი ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამოკვეთილი შენიშვნების გათვალისწინებით ახსნა - ამას გარდა, იმ დიდი გაუგებრობითაც, რომელიც ბიუჯეტში დაუხარჯავი შემოსავლების დაგროვებამ შექმნა. ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს დიდძალი ფული, რომლის ბრუნვაში გაშვებაც არ შეუძლია. მინდა ყველაფერ ამასთან დაკავშირებით გესაუბროთ.


საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ წლის ბიუჯეტის ანგარიში საქართველოს პარლამენტის მიერ წლის დასრულებამდე 3 თვით ადრე უნდა იყოს განხილული და დამტკიცებული. საქართველოს პარლამენტი 2005 წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე იხილავს 2005 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს და, თანაც, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, პროცედურის სრული დარღვევით:


[ ზურაბ ტყემალაძის ხმა] ” სულ სხვა მონაცემებთან გვაქვს საქმე. ეს პროექტი არავის არ განგვიხილია, არც ერთ ფრაქციას, არც ერთ კომიტეტს. მე არ ვიცი, უმრავლესობამ წუხელ განიხილა თუ არა. ” (სტილი დაცულია)


ასეთი შენიშვნით 21 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ. მათ პრეტენზიას საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. ფინანსთა მინისტრმა პარლამენტს ცვლილებების ახალი მონაცემები, ახალი ციფრები შესთავაზა, აბსოლუტურად განსხვავებული იმ ციფრებისგან, რომლებიც საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში ამ დღეებში იქნა განხილული. ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის ძველი და ახალი მონაცემების შესადარებლად მოვიყვანთ ფრაგმენტს პარლამენტის სხდომაზე მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის დავით გამყრელიძის გამოსვლიდან:


[დავით გამყრელიძის ხმა] ”დეფიციტი მცირდებოდა 11 მილიონით, აქ დეფიციტი იზრდება 7 მილიონით. 67 მილიონით იზრდებოდა შემოსავლები, შემოსავლები იზრდება 10 მილიონით, ხარჯები უნდა გაზრდილიყო 56 მილიონით, აქ ხარჯები იზრდება 17 მილიონით.”


გეგმაში ასეთ მკვეთრ ცვლილებას ფინანსთა მინისტრი შემდეგნაირად ხსნის: იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა დეკემბრის ბოლომდე ვერ მოახერხებდა საბიუჯეტო თანხების ბოლომდე ათვისებას, შემოსავლების დამატებით გაზრდა მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული და გადაწყდა ცვლილებებით ხარჯვითი ნაწილის გადანაწილება მოხდეს. სურათი უფრო ნათელი რომ გახდეს, მოვიყვანთ მინისტრის მიერ ბოლო ჯერზე დასახელებულ ციფრს:


[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”არის 250 მილიონი ლარი, აქედან მისაღები გვაქვს 90 მილიონი და დასახარჯი - 160 მილიონი. ბუნებრივია, ნაშთი იქნება გაჩერებული, რადგან გავზრდით ფულის მასას.”


სხვა მონაცემები აქვს ოპოზიციას. მათგან მემარჯვენე ოპოზიცია ავრცელებს ცნობას, რომ 2005 წლის ბიუჯეტში 448 მილიონი ლარია დაუხარჯავი, რომ ასეთი დიდძალი თანხა რეალობაში, მართლაც, არსებობს და ხელისუფლებას აყენებს დილემის წინაშე - არ გაუშვას ფული ბრუნვაში და ამით არ დაუშვას ინფლაცია და წავიდეს ბიუჯეტის სეკვესტრზე. 400 მილიონამდე დაუხარჯავი საბიუჯეტო ფულის არსებობას ხელისუფლების წარმომადგენლები სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბერში, აღიარებდნენ. ეს ფაქტი რესპუბლიკური პარტიის ოფისში ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ხიდაშელმა გაიხსენა:


[თინა ხიდაშელის ხმა] ”ნოემბერში ამბობდნენ, რომ 400 მილიონზე მეტი იყო გაუხარჯავი. ციფრებით მანიპულირება ამათ მშვენივრად ეხერხებათ, იმიტომ რომ ბიუჯეტი არის გაუმჭვირვალე. მომავალში, ამ მხრივ, უარესი მდგომარეობა იქნება.”

2006 წლის ბიუჯეტის პროექტი, თინა ხიდაშელის აზრით, არის გაცილებით გაუმჭვირვალე და ქმნის გაცილებით მეტ საშუალებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის. მაგრამ დავუბრუნდეთ წლევანდელ ბიუჯეტს, რომლის ზრდის ტემპებითაც ხელისუფლება ასე ამაყობდა. მასში თავმოყრილი ასობით მილიონი წელს აუთვისებელი დარჩ, მაშინ როცა აგვისტოს თვიდან, მაგალითად, თბილისში შეჩერებულია უმწეოთა დახმარების სამედიცინო პროგრამა, რომელზეც განსაკუთრებული მოთხოვნილება არსებობდა.








XS
SM
MD
LG