Accessibility links

“მეამბოხე” მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს ვერდიქტის მოლოდინში


21 დეკემბერს, დილის 12 საათზე, იუსტიციის საბჭოში დაიწყო სადისციპლინო კოლეგიის სხდომა. კოლეგიამ საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანოს ე.წ. “მეამბოხე მოსამართლეების” ნინო გვენეტაძის,

მერაბ ტურავასა და დავით სულაქველიძის მიმართ, რომლებიც, თავის მხრივ, უზენაეს სასამართლოს და საქართველოს ხელისუფლებას მათ დევნაში ადანაშაულებენ. მოსამართლეები არც იმას გამორიცხავენ, რომ სიცოცხლის გადასარჩენად მათ რომელიმე საელჩოს თავშესაფრის თხოვნით მიმართონ. იუსტიციის საბჭოს დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი იმაზე გესაუბრებით, თუ რა ხდებოდა პროცესის დაწყების წინ.


უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა მხარდასაჭერად იუსტიციის საბჭოს შენობის წინ ორ კვირაზე მეტია სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია იმართება. დღეს დილიდან ქუჩის მოპირდაპირე მხარე “მერაბ კოსტავას საზოგადოების” აქტივისტებმა დაიკავეს, რომლებიც, მოსამართლეთა მხარდაჭერის გარდა, საპატიმროდან თავიანთი ლიდერის, ვაჟა ადამიას, გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. საკუთრივ შენობის საფეხურზე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იდგნენ, რომლებიც, როგორც აგვიხსნეს, საკუთარ მომავალს და მოსამართლის პრესტიჟს იცავენ.

[სტუდენტების ხმა]


უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უპრეცედენტო პროტესტის შემდეგ დამოუკიდებელი სასამართლოს დასაცავად ჟურნალისტები, ადვოკატები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ. მიუხედავად საზოგადოებრივი რეზონანსისა, მოსამართლე ნინო გვენეტაძეს იმედი არა აქვს, რომ იუსტიციის საბჭო, რომლის რვა წევრიდან ორი პარლამენტის უმრავლესობის წევრია, მათ სასარგებლო დასკვნას გამოიტანს.

[ნინო გვენეტაძის ხმა]


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა კი შიშობენ, რომ ხელისუფლება მათ სამაგალითო დასჯას გეგმავს და არც იმას გამორიცხავენ, რომელიმე მესამე ქვეყანაში თავშესაფარი ითხოვონ.


[მერაბ ტურავას ხმა]


თუმცა მოსამართლეების მიმართ რაიმე არასამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კოტე კუბლაშვილმა, რომელმაც 21 დეკემბერს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო “თავისუფლებას”, განაცხადა, რომ მოსამართლეებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს, თუკი იუსტიციის საბჭო მათ მიმართ გამამართლებელ დასკვნას გამოიტანს.


[კოტე კუბლაშვილის ინტერვიუ]


პროცესის დაწყების წინ იუსტიციის საბჭოს წევრები კომენტარისაგან თავს იკავებენ. თუმცა, პროცედურის თანახმად, საბოლოო დადგენილება საბჭომ დღის ბოლომდე უნდა გამოაქვეყნოს.

XS
SM
MD
LG