Accessibility links

logo-print

2005: იმედისა და იმედგაცრუების წელი ერაყელებისა და ავღანელებისთვის


ერაყისა და ავღანეთისათვის მიმავალი წელი აღინიშნა დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მოვლენებით.

ორივეში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები: ერაყში 15-ტ დეკემბერს, ავღანეთში კი 3 თვით უფრო ადრე, 18-ტ სექტემბერს. იმავდროულად, 2005 წელი ძალადობით გამოირჩეოდა. ავღანეთშიც და ერაყშიც გრძელდება შეიარაღებული ბრძოლა მძლავრ ამბოხებათა ჩასახშობად. ამ პროცესების ფონზე, როგორი იყო ბოლო 12 თვე რიგითი მოქალაქეებისთვის? ამაში გასარკვევად, ჩვენი კორესპონდენტები ბაღდადის და ქაბულის ქუჩებში გამოელაპარაკნენ გამვლელებს.

თუ ქაბულში შეეკითხები რომელიმე ბიზნესმენს, როგორი იყო მისთვის მიმავალი წელი, შესაძლოა, შემდეგი პასუხი მიიღო: [ქაბულელი ნაზარ მოჰამადის ხმა] “მე ნაზარ მოჰამადი ვარ, პატარა ფირმა მაქვს. გასულ წლებთან შედარებით, ცხოვრება გაუმჯობესდა, ალბათ5 30-40 პროცენტით. გვაქვს ინტერნეტი, მობილური ტელეფონები. ყველა კუთხეში სკოლაა, და ინგლისურის კურსები. გადაადგილებას აღარ ზღუდავენ, ყველას შეუძლია მოგზაურობა. უკეთესი საფინანსო სისტემისა და საბანკო გარანტიების იმედი გვქონდა, მაგრამ ჯერ არ აგვსრულებია. ადრე ხალხს ეკონომიკურად უჭირდა. ახლა მთლიანობაში ყველას საქმე უკეთ არის, არა მარტო ჩვენი”.

ბიზნესმენი მოჰამადი, ჩვენი ქაბულელი კოლეგების განმარტებით, იმ იღბლიანებს შორისაა, ვინც ისარგებლა 2001-თ წელს თალიბანის რეჟიმის დამხობითა და ეკონომიკური აღმავლობით, რომელიც თვალშისაცემია ქაბულში.

თუმცა, ქაბულში დღემდე ბევრს უჭირს და მათგან, რა გასაკვირია, განსხვავებული შეფასება ისმის... [ქაბულელი მოჰამად აკბარის ხმა] “მე ვარ მოჰამად აკბარი. მძღოლი ვარ და ოთხი შვილი მყავს. სამოქალაქო ომში 6 შვილი დავკარგე მუჯაჰედების რიგებში: 6-ვე ერთ ღამეს დამეღუპა, სარაკეტო თავდასხმისას. ლტოლვილი ვიყავი და სამშობლოში თალიბანის რეჟიმის დროს დავბრუნდი, მაგრამ რეჟიმის დროს დავზარალდი. ახლა, ახალი მთავრობით შედარებით ნორმალურად ვართ. თავზე რაკეტები მაინც არ გვეცემა! მაგრამ ჩვენი საქმე ახლა ისეა, როცა არც კვდები და ვერც წესიერად ცხოვრობ. სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში ცვლილებების ნაყოფს ჯერ ვერ ვხედავთ. იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ იქნებოდა ქარხნები და ხალხი იმუშავებდა. მაგრამ ამ ახალი მთავრობის რა იმედიც გვქონდა, ჯერ არ აგვსრულებია. გასული წლის მანძილზე ჩვენი შვილებისთვის თითო წიგნიც კი არ მიუციათ. ყველა წიგნი ჩვენ თვითონვე ვიყიდეთ. ისე გვიხაროდა ამ მთავრობის მოსვლა! მაგრამ ახლა ეს კარგად არ გვახსენდება...”

ქაბულიდან ახლა ბაღდადს მივაშუროთ. ერაყის დედაქალაქშიც სხვადასხვაგვარი შეფასება ისმის, როცა გამვლელებს 2005 წლის შეფასებას სთხოვენ.

[ბაღდადელი მამაკაცის ხმა] “ღმერთია მოწმე, ვითარება კარგი სულაც არ არის. სადაც უნდა წახვიდე, არ იცი დანაღმულ მანქანას გადაეყრები, თუ ტერორისტს, ან კიდევ რაიმე უბედურებას1 სადაც უნდა წახვიდე, წყნარად ვერ იქნები. ამას წინათ როგორც მოხდა ამ ადგილას: ხალხი თავისთვის სურათებს იღებდა, ამ დროს 4-მა თუ 5-მა კაცმა ჩაიარა, და ხალხს, უბრალოდ სროლა აუტეხა. ასეთი რაღაცეები ხდება. ყველას საფრთხე გვემუქრება...” ამ გამვლელმა ვინაობის გამხელა არ მოისურვა. თუმცა, ჩვენმა ბაღდადელმა კოლეგებმა იციან, რომ, მასავით, ძალიან ბევრია შიშით შეპყრობილი ქვეყანაში, რომელშიც აფეთქება, სროლა, გამტაცებლის ხელში ჩავარდნა - ყოველი ფეხის ნაბიჯზეა მოსალოდნელი.

მაგრამ არიან ისინიც, ვინც ოპტიმიზმის საფუძველს ხედავს. [ბაღდადელი ქალის ხმა] “იცით, მარტო უშიშროების მხრივ გაუარესდა ვითარება. მაგრამ ეკონომიკურ სტაბილურობას რაც შეეხება, ამ მხრივ საქმე ახლა კარგად არის. სხვაობას განსაკუთრებით კარგად ვგრძნობთ ჩვენ, სახელმწიფო მოხელეები. ვახერხებთ ისეთი საქმეების კეთებას, როგორიცაა ბინის ავეჯით მოწყობა, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ამის ფული სახელმწიფო მოხელეებს არ ჰქონდათ. ხელფასები ამას არ ყოფნიდა”.

სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები, 2003-მ წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მართლაც გაიზარდა. რეჟიმის შეცვლას ხომ ბაღდადის წინააღმდეგ გაეროს სანქციების შეწყვეტა მოჰყვა, გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობა ერაყის სარეკონსტრუქციო პროექტებს აფინანსებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პროექტების განხორციელება ჩერდება, ან ყოვნდება ძალადობის გამო, რომელმაც ერაყის რამდენიმე რეგიონი - უწინარეს ყოვლისა, ცენტრალური ერაყი მოიცვა.

და მაინც, ძალადობის მიუხედავად, წლის მიწურულს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა: ერაყელებმა აირჩიეს ქვეყნის ისტორიაში პირველი პარლამენტი, რომელიც დემოკრატიულ კონსტიტუციას ეფუძნება. ბევრი ფიქრობს, რომ 2005 წლის ეს მოვლენა იყო ერაყში სტაბილურობის საწინდარი.
XS
SM
MD
LG