Accessibility links

logo-print

საქართველოს მოსახლეობის წინასაახალწლო პოლიტიკური განწყობები, საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია ”გორბის” ბოლო გამოკითხვის მიხედვით


საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია ”გორბი” ავრცელებს იმ გამოკითხვის შედეგებს,

რომელიც მოსახლეობის წინასაახალწლო პოლიტიკური განწყობების დასადგენად ჩატარდა. დეკემბრის დასაწყისში ”გორბიმ” არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე 1000 მოქალაქე გამოკითხა და შემდეგი დაადგინა: პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატად რჩება, თუმცა მისი რეიტინგი აღარ არის ისეთი მაღალი, როგორიც გასულ წელს იყო. შარშანდელთან შედარებით, დაწეულია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგიც, თუმცა ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მმართველი პარტია უწინდებურად გამარჯვებას მოიპოვებდა, მართალია, უწინდელზე დაბალი პროცენტული მაჩვენებლით. მნიშვნელოვანი სიახლეებია პარტიების, პრეზიდენტობის კანდიდატებისა და ნდობის რეიტინგებში. რა სახისაა ეს სიახლეები და რაზე მეტყველებს ის?

[მერაბ ფაჩულიას ხმა] ”გასულ წელთან შედარებით, ემოციური ფონი აღარაა. აღარ გვყავს არც სახელმწიფო მოღვაწე და არც პოლიტიკოსი, რომელსაც მოსახლეობის 90 პროცენტი ენდობა. ”

მთავარი სიახლე სწორედ ესაა. მის შესახებ ჟურნალისტებს 22 დეკემბერს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია ”გორბის” ხელმძღვანელმა მერაბ ფაჩულიამ ამცნო. სიახლე, როგორც უკვე ვთქვით, დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოკვეთა. მივყვეთ მის შედეგებს:

საქართველოში ყველაზე რეიტინგულები სახელმწიფო მოხელეები არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. მოსახლეობა ყველაზე მეტად მათ ენდობა და მათგან ელის რეალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ამ სამეულისადმი დამოკიდებულება შემდეგნაირია: ნდობის რეიტინგში პირველ ადგილს მიხეილ სააკაშვილი იკავებს, მეორეს - ნინო ბურჯანაძე, მესამეს - ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო ყველაზე ქმედით, რეფორმების გატარების უნარის მქონე პოლიტიკოსთა და სახელმწიფო მოხელეთა რეიტინგში პირველ ადგილს -სააკაშვილი, მეორეს - ოქრუაშვილი, ბურჯანაძე კი - მესამეს.

ვინ არიან დანარჩენები? ნდობის რეიტინგში სააკაშვილის, ბურჯანაძისა და ოქრუაშვილის შემდეგ მეოთხე ადგილი კობა დავითაშვილს უჭირავს. ნდობა მას გამოკითხულთა 27 პროცენტმა გამოუცხადა ( ირაკლი ოქრუაშვილს - 28 პროცენტმა). მეხუთე ადგილი სალომე ზურაბიშვილს ერგო, მეექვსე - ლევან ბერძენიშვილს, მეშვიდე - ბადრი პატარკაციშვილს, მერვე - დავით ბერძენიშვილს, მეცხრე - თინა ხიდაშელს და ზვიად ძიძიგურს, ხოლო მეათე - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს. ”გორბის” გამოკითხვის შედეგების ამ ნაწილში საყურადღებო სიახლე, მერაბ ფაჩულიას აზრით, შემდეგია:

[მერაბ ფაჩულიას ხმა] ”თუ 2004 წელს მთელი ათეული რევოლუციური სამეულისა და მათი გუნდის წევრებისგან შედგებოდა, აქ მინიმუმ 5 ადამიანია უკვე, რომელიც დეკლარირებულად ოპოზიციაა.”(სტილი დაცულია)

დაახლოებით ასეთსავე სურათს აჩვენებს ყველაზე ქმედობაუნარიან სახელმწიფო მოხელეთა და პოლიტიკოსთა რეიტინგიც. მას საფუძვლად დაედო შეკითხვა: ვინ შეძლებს კორუფციასთან ბრძოლას და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას? გამოკითხვამ ”გორბის” შესანიშნავი შვიდეული ასე გადაანაწილა: მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, კობა დავითაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, ლევან ბერძენიშვილი.

[მერაბ ფაჩულიას ხმა] ”ზოგჯერ გაიელვებდა ამ შვიდეულში დავით გამყრელიძე და შალვა ნათელაშვილი. ასე რომ, ნახევარი მაინც ამ რეიტინგში ყოფილიყვნენ ოპოზიციური ლიდერები, სიახლეა. ” (სტილი დაცულია)

რა მოხდებოდა, ხვალ რომ არჩევნები იყოს ( საპრეზიდენტო ან საპარლამენტო)? ”გორბის” გამოკითხვის შედეგებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა 1\5 არ მივიდოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს, 2004 წელთან შედარებით, 23 პროცენტით ნაკლები ამომრჩეველი დაუჭერდა მხარს. ამას გარდა, არჩევნებში მას ეყოლებოდა რეალური კონკურენტები, მაგალითად, კობა დავითაშვილის, სალომე ზურაბიშვილის, შალვა ნათელაშვილის ან ნინო ბურჯანაძის სახით, თუკი ეს ადამიანები ინებებდნენ სააკაშვილთან მეტოქეობას. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთხელ ექნებოდა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების შანსი, მით უფრო, თუ ოპოზიცია მას ერთიანი ძალებით არ დაუპირისპირდებოდა. თუმცა, 2004 წლის მონაცემებთან შედარებით, 2005 წლის ბოლოს ნაციონალურ მოძრაობასაც დაუკარგავს მხარდამჭერთა 23 პროცენტი. ”გორბის” გამოკვლევა აჩვენებს, რომ 3-4 ოპოზიციურ პარტიას უკვე ჰყავს შედარებით სტაბილური ელექტორატი, მათ შორის, კონსერვატიულ პარტიას და რესპუბლიკურ პარტიას, თუმცა ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 7 პროცენტიანი ბარიერის პირობებში, ქვეყანა, შესაძლოა, საპარლამენტო ერთპარტიულობის ზღვარზე დამდგარიყო.
XS
SM
MD
LG