Accessibility links

საქართველოს გაზეთები პარლამენტის და რამიშვილი/კოხრეიძის საქმის შესახებ


დღევანდელი პრესის ყურადღება კვლავაც პარლამენტისკენ არის მიპყრობილი.

ამას გარდა, პრესა გააქტიურდა, შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის საქმის მიმდინარეობის გაშუქების თვალსაზრისით.

”სახელმწიფო ბიუჯეტი წელს უკვე მეოთხედ ”მშობიარობს”, - წერს ”24 საათი”: ”2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე მეოთხედ შედის ცვლილებები, რომლითაც ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ კანონში დამატებითი შემოსავლები აისახება. წინა სამ ”მშობიარობასთან” შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მატება ამჯერად ნაკლებად ”სოლიდურია” - ის ”მხოლოდ” 17 მილიონი ლარით იზრდება.”

”მოსამართლემ უკვე იცის, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს”, - წერს ”რეზონანსი” შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის საქმესთან დაკავშირებით და ბეჭდავს ინტერვიუს შალვა რამიშვილთან, რომელიც ამბობს: ”ჩვენ გვაქვს ურყევი რწმენა იმისა, რომ თუ პროცესი წარიმართა საჯაროდ და ღიად, ჩვენ შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას და იმის დამტკიცებას, რომ პროვოკატორმა ბექაურმა ცილი დაგვწამა. საჯარო პროცესზე გაირკვევა მტყუან-მართალი. ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. თუ პროცესი იქნება დახურული, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება წინასწარ გამოიტანა”, - ამბობს პატიმრობაში მყოფი შალვა რამიშვილი და აგრეთვე დასძენს, რომ, დაკავებულთა თხოვნით, ფირზეა გადაღებული მისი დაპირისპირება კობა ბექაურთან: ”ბექაური ძალიან სასაცილოდ იქცეოდა - რაღაცას რომ შევეკითხებოდი, ჯერ ჩაიხედავდა რაღაც ფურცელში, ხოლო შემდეგ რობოტივით პასუხობდა და ეს კარგად ჩანს ფირზე. კობა ბექაურს მე სულიერ საგნად არ აღვიქვამ, იგი არის უსულო საგანი. ბექაური მრავალჯერადი გამოყენების ტორპედოა და შეიძლება სხვა რამეშიც დასჭირდეთ,” - ეს გახლდათ ნაწყვეტი შალვა რამიშვილის ინტერვიუდან, რომელიც დღევანდელ ”რეზონანსში” დაიბეჭდა.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის ყოფილ მოადგილე ბუბა კუდავასთან: ”თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, უნივერსიტეტი დაემსგავსება ერთ ჩვეულებრივ, საშუალოზე დაბალი დონის სასწავლებელს და ქვეყანა განათლების ძლიერი კერის გარეშე დარჩება... ეს სერიოზული პრობლემაა და განგაშის ზარის შემოკვრას საჭიროებს, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტი ის აღარ არის, რაც წლების წინათ იყო. მისი სახელი, დიდება და სწავლის დონე ძალიან გახუნებული და გაუფერულებულია”, - ამბობს ბუბა კუდავა ”საქართველოს რესპუბლიკასთან” ინტერვიუში.

”სომხეთის ვიცე-სპიკერი გვემუქრება”, - წერს ”ახალი თაობა” და ეხმაურება ორიოდე დღის წინ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჯავახეთში სომხების უფლებების დაუცველობის შესახებ: ”სააკაშვილს არ უყვარს პრობლემებზე საუბარი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ახალქალაქიდან რუსული ბაზების გაყვანას, შესაბამისად, ასობით სომეხი ოჯახის ავტომატურ უმუშევრობას, ქართული ტელეარხების, ფულისა და ხელისუფლების არარსებობას, ექს-მომღერალ გუბერნატორ ხაჩიძის პოლიტიკურ სიბეცესა და სისუსტეს, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ რუსეთისგან წახალისებულმა სომეხმა სეპარატისტებმა ჯავახეთის სომხები აიყოლიონ ქართველებთან დასაპირისპირებლად”, - წერს ”ახალი თაობის” მიმომხილველი.
XS
SM
MD
LG