Accessibility links

უნივერსიტეტის სტუდენტები უშიშროების სამსახურს მათი გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებენ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაცია ადგილობრივი უშიშროების სამსახურის წარმომადგენელ ვინმე “ზაზას”

პოლიტიკურად აქტიური სტუდენტების გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებს. პრესკონფერენციაზე, რომელიც 22 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა, სტუდენტები ასევე ლაპარაკობდნენ ზეწოლაზე რექტორატის მხრიდან. თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სტუდენტთა სხვა ჯგუფი გამოექომაგა, რომელმაც პრესკონფერენციის ორგანიზატორები უპრინციპობაში დაადანაშაულა და სხდომა, პროტესტის ნიშნად, დატოვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ნაწილი უკვე მეორედ ჩივის უშიშროების სამსახურის მუშაკთა მხრიდან აქტიური სტუდენტების გადაბირების მცდელობის გამო. საჯაროდ ასეთი განცხადება რამდენიმე სტუდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც, დაახლოებით სამიოდე კვირის წინ, რექტორატმა მათ შესაძლებლობა არ მისცა აუდიტორიაში საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ სალომე ზურაბიშვილს შეხვედროდნენ. ამ შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორი, როგორც თავად ამბობს, პოლიტოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს” წარმომადგენელი თენგო დალალიშვილი გახლდათ. თენგო დალალიშვილმა, რომელიც “ვარდების რევოლუციის” დროს საზოგადოება “კმარას” აქტივისტი იყო, რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ რექტორატი არასასურველი შეკრებების თავიდან ასაცილებლად აქტიურად იყენებს უშიშროების ოფიცერს, ვინმე “ზაზას”, რომელიც უნივერსიტეტის კედლებში აქტიურ სტუდენტთა გადაბირებას შევარდნაძის დროიდან აწარმოებს. გადაბირების პროცესი კი ჩემმა თანამოსაუბრემ ასე განმარტა:

[თენგო დალალიშვილის ხმა] “მოდის, გაძლევს ტელეფონის ნომერს, იწერს შენსას, გეუბნება, სად ცხოვრობო და გეუბნება: დაგიკავშირდები და ინფორმაცია მომეციო.”(სტილი დაცულია)

უშიშროების სამსახურის მხრიდან აქტიური სტუდენტების გადაბირების მცდელობაზე განცხადება გააკეთა ხელისუფლების მხარდამჭერი “სტუდენტთა კლუბის” ყოფილმა წევრმა დავით დალაქიშვილმა და საზოგადოების მხარდაჭერა ითხოვა.

[დავით დალაქიშვილის ხმა] “ეს ფაქტები გაგრძელდება და ძალიან ტენდენციურად, თუ ჩვენ, სტუდენტებმა, არ ავიმაღლეთ ხმა და არ დავიცავით ჩვენივე უფლებები. ამიტომ გვჭირდება საზოგადოების თანადგომა და ამიტომ მივმართეთ სტუდენტებსაც.”

ყოფილი წევრის ასეთმა განცხადებამ ძალიან გაანაწყენა “სტუდენტური კლუბის” წევრები, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორს მხარს უჭერენ. კლუბის თავმჯდომარემ ირაკლი მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ უშიშროება პრობლემას სტუდენტებს აღარ უქმნის და ყოფილ პარტიულ თანამებრძოლს “მეხუთე კოლონას” უწოდებს.

[ირაკლი მეგრელიშვილის ხმა] “უნდა დამეჯერებინა ჩემი მეგობრებისათვის, რომლებიც მაგას “მეხუთეს” ეძახდნენ და თავიდანვე მომეშორებინა.”

სტუდენტების ბრალდებაზე კომენტარი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია. სასწავლებლის კედლებში ასევე ძნელი აღმოჩნდა უშიშროების ოფიცრის “ზაზას” მოძებნა. სტუდენტთა უმრავლესობას ისიც კი არ გაუგია, არსებობს თუ არა უნივერსიტეტში ოფიცერი უსაფრთხოების საკითხში.

[ სტუდენტი გოგონას ხმა]”რომ ვიცოდე ასეთი ადამიანის არსებობა? არა!”

სტუდენტების უმრავლესობა პოლიტიკით დაინტერესებას არ გამოხატავს. მათ უფრო მეტად ლექტორების ბედი აწუხებთ, რომლებიც მოსალოდნელი შემცირების გამო საგონებელში არიან ჩავარდნილნი.
XS
SM
MD
LG