Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომცემლობა „სამშობლო“ იყიდება – შენობის მობინადრეები დათმობას არ აპირებენ


სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოო სიმძლავრეებისა და უძრავ–მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში გამომცემლობა „სამშობლოც“ მოხვდა.

შპს „სამშობლო“ კერძო სამართლის იურიდიული პირია, ქალაქის ცენტრში განთავსებული შენობის საერთო ფართი 25 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სახელმწიფოს წილი მის საწესდებო კაპიტალში სრულ 100 პროცენტს შეადგენს. მისი განკერძოების განაცხადი ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჯერჯერობით მხოლოდ გასაყიდ ობიექტთა ჩამონათვალში შეტანით გააკეთა. თუმცა არის სხვა გარემოებაც: „სამშობლოს“ დირექციას ამ ცოტა ხნის წინ ოფიციალური წერილით მიმართა საწარმოთა მართვის სააგენტომ და შენობის გათავისუფლება მოსთხოვა. გამომცემლობაში განთავსებული მედია–საშუალებების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „სამშობლოს“ დაჩქარებული წესით გაყიდვას გეგმავს.

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა]“ ჩვენ გვაქვს ჩვენი კულუარული წყაროები და, აქედან გამომდინარე, გვაქვს ის არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე ხანში გახდება ოფიციალური. კერძოდ, იქით კვირის ბოლომდე, ანუ ახალ წლამდე, გამოაცხადებენ საპრივატიზაციოდ ამ შენობას, იანვრის ბოლომდე იქნება განაცხადების შეტანის ვადა და თებერვლის ბოლომდე გაიმართება აუქციონი. ანუ ამით ყველას გვაყენებენ ცაიტნოტურ მდგომარეობაში. პოლიტიკური ჩარევა აღარ მოხდება, იმიტომ რომ პარლამენტი იქნება შვებულებაში, კონტროლი ვერ განხორციელდება ამ პროცესზე აბსოლუტურად და ასე, კულუარული გარიგებების გზით, მოხდება ამ შენობის გაყიდვა.“

გამომცემლობა „სამშობლოს“ ერთ–ერთი მობინადრის, ტელეკომპანია „კავკასიის“ პროგრამების დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ეკონომიკის განვითარების სამინისტრო გამომცემლობის ერთი პირისთვის მიყიდვას აპირებს. თავის მხრივ, “კავკასია” და მასთან ერთად სხვა რედაქციები ცდილობენ დაარწმუნონ სახელმწიფო, რომ „სამშობლოს“ დაბალანსებული ინტერესებით პრივატიზება გაცილებით მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე გამომცემლობის შენობაში განთავსებული რედაქციებისათვის. „სამშობლო“ ხომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ერთგვარი სახლია. მასში ათობით გაზეთისა და რამდენიმე ტელევიზიის ოფისებია განთავსებული.

ტელეკომპანია „კავკასიის“ სახელით, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში უკვე შევიდა სპეციალური შეტყობინება. “კავკასია” გამომცემლობა „სამშობლოს“ პრივატიზების საკითხზე სპეციალური საკომიტეტო მოსმენის მოწყობას და პრივატიზების იმგვარი რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს, რომლის თანახმად, პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლება შენობაში განთავსებულ იურიდიულ სუბიექტებსაც ექნებათ.

გამომცემლობა „სამშობლოში“ განთავსებული რედაქციების სახელით, წერილი გაიგზავნება საქართველოს პრეზიდენტის სახელზეც.

[ციცო ჯაფარიძის ხმა]“ ჩვენ გვინდა 2 მოთხოვნის დაყენება. ერთი იქნება ის, რომ თუ შეიძლება ასეთი ფორმით, რომ უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, სანამ ეს რედაქციები აქ იარსებებენ, გადასცეს ეს შენობა და მეორე, თუკი პრივატიზაცია უნდა მოხდეს, პრივატიზაცია ჯერჯერობით ამ ეტაპზე შეჩერდეს, ესე ნაჩქარევად ნუ გავაკეთებთ.“(სტილი დაცულია)

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ციცო ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უწყებები გაგებით მოეკიდებიან გამომცემლობისა და გამომცემლობის შენობაში იჯარით განთავსებული რედაქციების თანამშრომელთა გულისტკივილს და მათ ღია ცის ქვეშ არ დატოვებენ.

გამომცემლობა „სამშობლო“ ფინანსურ კრიზისში იმყოფება. უკვე ორი წელია გამომცემლობა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან უშედეგოდ ითხოვს საიჯარო დებულების დამტკიცებას. შედეგად, სამი–ოთხი რედაქციის გარდა, გამომცემლობაში განთავსებულ საწარმოთა მაქსიმალურ უმრავლესობას საიჯარო დავალიანება აქვს. სამინისტრომ სწორედ ამ უკანასნკელი გარემოებით ისარგებლა, როცა გამომცემლობის ადმინისტრაციას გამაფრთხილებელი წერილით მიმართა.

[ლეილა დუნდუას ხმა]“ რომ ვინც საიჯარო ვალდებულებებს არღვევს და, გარდა ამისა, თუ აქვს ვინმეს ხელშეკრულება, მოკლევადიანი ხელშეკრულებები, შეუწყდებათ თუ არა ხელშეკრულება, დაცალონ ერთი კვირის განმავლობაში დაკავებული ფართი. აქ თითქმის, თითქმის მთელს შენობაში ხელშეკრულების გარეშე, გაუფორმებლად არიან, იმიტომ რომ ეს შეაჩერა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრომ.“(სტილი დაცულიაა)

გამომცემლობა „სამშობლოს“ პროფკავშირისა და საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ლეილა დუნდუა ერთ–ერთია მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ საწარმოთა მართვის სააგენტოსა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროს გამომცემლობისთვის საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმების უფლება რომ მიეცათ, საწარმო გაკოტრების პირას არ მივიდოდა.

[ილია გოცირიძის ხმა]“გაკოტრება და იჯარები სულ სხვადასხვა თემაა, აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა და, გარდა ამისა, სახელმწიფო ყიდის თავის წილს. ახალ მფლობელს შეუძლია ეს იჯარები თავიდან გააფორმოს, შეუძლია გააუქმოს. თუმცა იმ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რაც არის, არის ზოგიერთი ხელშეკრულება, სადაც არის მითითებული, რომ მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ხელშეკრულება არ უქმდება. ხელშეკრულება, შესაბამისად, ავტომატურად გაგრძელებული იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის მითითებული.“(სტილი დაცულია)

ეს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსი ილია გოცირიძეა. მისი ნათქვამიდანაც ჩანს, რომ გამომცემლობა „სამშობლოს“ გაყიდვას ალტერნატივა არა აქვს. გამომცემლობის გასხვისების ფორმა ჯერ ბოლომდე გამოკვეთილი არ არის. მასმედიის ეგრეთ წოდებული დიდი სახლის, გამომცემლობა “სამშობლოს”, მობინადრეები კი იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო შენობას პროფილს მაინც არ შეუცვლის და ჟურნალისტებს პრივატიზაციის პროცესში ჩართვის უფლებას მისცემს.
XS
SM
MD
LG