Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვის სამინისტრო გეოლოგიის დეპარტამენტს აუქმებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მომავალი წლიდან ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრის აღრიცხვას კერძო სტრუქტურები განახორციელებენ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს აუქმებს და მის ფუნქციებს სამინისტროში შექმნილ ახალ სამმართველოს დაუქვემდებარებს. გეოლოგიის დეპარტამენტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, ოპოზიციის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაშიც შეხვდა წინააღმდეგობა, თუმცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ურყევია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყევტილება გეოლოგიის დეპარტამენტის გაუქმების შესახებ პარლამენტში ხმაურიანი განხილვის საბაბი ხდება. საინტერესოა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილს, ოპოზიციის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაშიც გამოუჩნდნენ ოპონენტები, თუმცა სამინისტროს ვერდიქტი მაინც უცვლელი რჩება და მომავალი წლიდან დეპარტამენტი გაუქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სამინისტროში შექმნილ ახალ სტრუქტურას გადაეცემა, რომელშიც, დეპარტამენტში არსებული 42 საშტატო ერთეულის ნაცვლად, 12 თანამშრომელი იქნება. პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ ეს მობილური ჯგუფი უფრო ეფექტურად იმუშავებს და, თანაც, დაცული იქნება კორუფციული გარიგებებისაგან. მინისტრი აცხადებს, რომ დეპარტამენტს სამეურნეო და კვლევითი ფუნქციები აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გეოლოგიის დეპარტამენტში კორუფციის არსებობის შესახებ მინიშნებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ამ მხრივ, განსაკუთრებით ”მემარჯვენე ოპოზიცია” და ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენლები აქტიურობდნენ, რომლებიც მინისტრს არაკომპეტენტურობასა და გეოლოგიის, როგორც დარგის, განადგურების მცდელობაში ადანაშაულებენ. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან იმგვარი აზრიც გამოითქვა, თითქოს დეპარტამენტის გაუქმება ნაწილია მთავრობის მზაკვრული გეგმისა, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვას ითვალისწინებს. ზოგიერთის აზრით კი, გეოლოგიის დეპარტამენტის გაუქმების რეალურ მიზნად შეიძლება თბილისის ცენტრში მდებარე იმ შენობის ხელში ჩაგდება მივიჩნიოთ, რომელშიც ამჟამად დეპარტამენტი ფუნქციონირებს.

გეოლოგიის დეპარტამენტთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სიმდიდრის დათვლის ფუნქცია კერძო სტრუქტურის ხელში არ უნდა მოექცეს.

მისი თქმით, გეოლოგიის სექტორში რეფორმები გასატარებელია, მაგრამ გეოლოგიის დეპარტამენტის გაუქმება, მისი სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება და გეოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციების 12 კაცისათვის გადაბარება არ არის მართებული.
გრიგალაშვილის აზრით, 12 კაცი ამ საქმისათვის ცოტაა.
"თანხების დაზოგვამ, შესაძლოა, უზარმაზარი ზარალი მოგვიტანოს. ამიტომ ჯობს ამ სექტორში უფრო მეტი თანხები ჩავდოთ, რათა მოგებაც მეტი ვნახოთ", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

საბოლოოდ, გეოლოგიის დეპარტამენტის გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო ხელისუფლებაში ცალსახა აზრი ვერ ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, გარემოს დაცვის სამინისტრომაც დეპარტამენტის გაუქმების გადაწყვეტილება არცთუ ისე დიდი ხნის წინ მიიღო, რადგან სულ რამდენიმე კვირის წინ მთავრობიდან პარლამენში შეტანილ 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ამ უწყებისათვის 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მიმდინარე კვირას ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩასწორებულ ვარიანტში დაფინანსების ეს გრაფა ბიუჯეტის პროექტიდან ”გაქრა”. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავრობის ვერდიქტი გეოლოგიის დეპარტამენტის მიმართ გადახედვას აღარ დაექვემდებარება.
XS
SM
MD
LG