Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”პრესკონფერენციის შემდეგ სტუდენტებს თავ-პირი დაუსისხლიანეს” -

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ორგანიზაციებს შორის გამართულ ”ხელჩართულ ბრძოლაზე” გაზეთი ”რეზონანსი” წერს. ”განათლების ინსტიტუტის” სამი წევრი - დავით დალაქიშვილი, გიორგი ნატროშვილი და ლაშა ჩახვაძე თითს მეორე სტუდენტური ორგანიზაციის, ”სტუდენტური კლუბის”, წევრებისკენ იშვერენ. ნაცემი სტუდენტების მტკიცებით, თავდასხმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციას უკავშირდება. სტუდენტებმა ხუთშაბათს საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი სტუდენტების ”დავერბოვკებას”, გადაბირებასა და დაშინებას ცდილობს. დალაქიშვილი ამბობს, რომ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ”სტუდენტური კლუბის” წევრებმა ისინი შენობიდან გაიყვანეს და ჯოხებისა და ქვების გამოყენებით გაუსწორდნენ. დაზარალებულთა თქმით, მათ დაახლოებით 10 კაცი სცემდა. თუმცა ეჭვმიტანილები ამას უარყოფენ. დალაქიშვილს, ნატროშვილსა და ჩახვაძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ.

გაზეთი ”რეზონანსი” ასევე ეხმაურება პრეზიდენტის მიერ გუშინ განხორციელებულ საკადრო გადაადგილებას, რომლის შედეგადაც: კოტე კემულარია - უშიშროების საბჭოს მდივნად, გია ქავთარაძე - იუსტიციის მინისტრად, ხოლო ბაჩო ახალაია - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. სტატიაში, სათაურით ”საკადრო აჯაფსანდალი/ 3 დანიშვნა აუხსნელი მოტივით”, მკითხველი შეიტყობს, თუ როგორ უყურებენ ”საკადრო კომბინაციას” პარლამენტის დეპუტატები და დამოუკიდებელი ექსპერტები. მაგალითად, დავით ბერძენიშვილი ექს-იუსტიციის მინისტრის შესახებ საუბრობს: ”ერთი რამ არის გაუგებარი - თუკი კემულარიამ იუსტიციის მინისტრის პოსტზე კარგად იმუშავა, რატომ გადაჰყავთ? საერთოდ, არ ვარგა, როდესაც ერთი და იგივე პირი ორი წლის განმავლობაში რამდენიმე თანამდებობას იცვლის. რევოლუციის შემდეგ კემულარიამ უკვე მეოთხე თანამდებობა დაიკავა და ეს ძალიან ცუდია.”

საკადრო გადაადგილების თემა, სხვა გაზეთების მსგავსად, დღევანდელი ”ახალი თაობის” ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ”სამთავრობო კარუსელი დატრიალდა” - ასეთია გაზეთის პირველ გვერდზე გამოტანილი სტატიის სათაური. ”ამ კარუსელმა, ალბათ, ყველაზე მეტად ”კმარას” თავქალი, თეა თუთბერიძე, გაახარა. მის მიერ მოძულებული კოტე კემულარია და შოთა კოპაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ასე რომ, თუთბერიძეს საქმე სამაღარიჩოდ აქვს და დიდი შანსია, რომ იკისროს კიდეც,” - წერს ”ახალი თაობა”, რომელიც საკადრო კარუსელის დატრიალებას წელს უკვე აღარ მოელის. პროცესის განახლებას გაზეთი მომავალი წლიდან ვარაუდობს: ”კულუარებში ისევ ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს რამდენიმე მინისტრის ჩამოშორება სურს, მათ შორის - ირაკლი ოქრუაშვილისაც, რომელსაც ყველაზე დიდი უთანხმოება ვანო მერაბიშვილთან აქვს”. გაზეთის მტკიცებით, როლები შეიცვალა: პრეზიდენტთან ყველაზე დაახლოებული პირის ამპლუა, რომელშიც ადრე ირაკლი ოქრუაშვილი იყო, ამჟამად ვანო მერაბიშვილმა მოირგო - ”როგორც ამბობენ, კემულარიაც სწორედ მერაბიშვილთან დაპირისპირებას გადაჰყვა”.

”24 საათის” აზრით კი, მინისტრის სავარძელი ქურდის ბანაობას შეეწირა. საუბარია ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, ალექსანდრე ქურასბედიანის (იმავე ”წრიპას”), გოგირდის აბანოებში გასეირნების სკანდალურ ამბავზე,რასაც ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელთა პოლიტიკური დარტყმა მოჰყვა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG