Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქართველი დევნილების მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დევნილთა უფლებების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვალტერ კელინის ვიზიტი საქართველოში 24 დეკემბერს დასრულდა.

ოთხი დღის მანძილზე გაეროს მაღალჩინოსანმა იმოგზაურა აფხაზეთში, სამეგრელოს რეგიონსა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. ქართველი დევნილების მდგომარეობის შესახებ ვალტერ კელინიმ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა - მისი განცხადებით, ის ნანახით შოკირებული დარჩა.

„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრება გადაადგილების პერიოდში. ინტეგრაცია და დაბრუნება ერთმანეთის გამომრიცხავი ცნებები არ გახლავთ. ისინი ერთმანეთს ავსებენ“ - შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ის ძირითადი რჩევა-რეკომენდაცია, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ვალტერ კელინიმ საქართველოს ხელისუფლებას მისცა. მისი განმარტებით, რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს აქვთ უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, დევნილებს ღირსეული ცხოვრების უფლებაც აქვთ.

კონკრეტულად, რას გულისხმობს დევნილებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა? - უპირველესად, დევნილების საზოგადოებაში ინტეგრირებას, რადგან „კარგად ინტეგრირებული ადამიანები პროდუქტიულები არიან და საზოგადოებაში თავიანთი წვლილი უკეთ შეაქვთ, რაც, საბოლოოდ, როცა შესაფერისი დრო დადგება, მათ დაბრუნების ძალას მისცემს.“კიდევ ერთი აქსიომა: დევნილებისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნა კი არ გამორიცხავს, არამედ განამტკიცებს საბოლოო დაბრუნების შესაძლებლობას.

თუ ხელისუფლება ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ეს დევნილების კომპაქტური ჩასახლების ცენტრების დახურვას გულისხმობს - დევნილები კომპაქტურად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არიან ჩასახლებულები, მათ შორის, თბილისშიც. ამ კვირაში თბილისის ზღვაზე ჩასახლებული დევნილები კანცელარიის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ. მათ რამდენიმე კვირაა, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ხელისუფლების მხრიდან მათ შეხვდა კონფლიქტების მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, რომელმაც მოგვიანებით დევნილების ჩასახლების ადგილიც მოინახულა და შოკირებული დარჩა.

შოკირებული ტოვებს საქართველოს დევნილთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელიც, რომლის თქმითაც, ის შოკირებულია იმ გაუსაძლისი ყოფის ხილვით, რომელშიც დევნილთა ნაწილი საომარი მოქმედებების დასრულებიდან ათწლეულის შემდეგ იმყოფება.
XS
SM
MD
LG