Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის უცხოეთის პრესა თემების თვალსაზრისით მრავალფეროვანი იყო


გასული კვირის დამდეგს უცხოეთის, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების პრესა,

აქტიურად გამოეხმაურა ევროკავშირის სამიტს, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. ზოგიეთი გაზეთი, მაგალითად, "ბაზლერ ცაიტუნგი", ამავე დროს განსაკუთრებულ ყურადებას აქცევს ამ სამიტზე გერმანიის ახალი კანცლერის, ანგელა მერკელის წარმატებით გამოსვლას:
"კარგად მომზადებულმა, საქმიანმა, კეთილგანწყობილმა და პიროვნული ამბიციებისგან თავისუფალმა ფედერალურმა კანცლერმა ბრიუსელში თავის პირველსავე სამიტზე მიაღწია იმას, რომ ბიუჯეტის თაობაზე დავის გადაწყვეტა კომპრომისის მეშვეობით მოხერხდა. შედეგად არ გადადგმულა დიდი ნაბიჯი ევროპის კავშირის ბიუჯეტის თაობაზე, მაგრამ გადაიდგა ნაბიჯი სწორი მიმართულებით."
ჩეხეთის "ლიდოვე ნოვინი" 19 დეკემბრის ნომერში შენიშნავს, რომ სამიტის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა იმდენად პოლიტიკური თვალსაზრისით, რამდენადაც ფსიქოლოგიურად. "ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეთანხმება მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურები ბრიუსელიდან წაჩხუბებულები რომ წასულიყვნენ, მაშინ სხვა საკითხებში საერთო გზების გამოძებნისთვის მათი მზადყოფნაც საგრძნობლად შესუსტდებოდა. დაზარალდებოდა ისეთი თემები, რომელთაც ევროპისა და მისი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბიუჯეტს. ასეთებია, მაგალითად, მომსახურებებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია ანდა კავშირის ახალი გაფართოება."

ოთხშაბათს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოიწონა კანონი, რომელიც აძლიერებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს. ლონდონში გამომავალი "დეილი ტელეგრაფი" ამასთან დაკავშირებით წერდა: "არასამთავრობო ორგანიზაციებს დახურვა ემუქრება. მთავრობას შეუძლია მათი გაუქმება, თუკი საფრთხე შეექმნება "რუსეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას ან ეროვნულ ინტერესებს".
"ასეთი ფორმულირება", წერს გაზეთი, "ავტორიტარული მმართველობის კლასიკურ ინსტრუმენტებს მოგვაგონებს... ისეთ ორგანიაციებს, როგორიც არის, მაგალითად, "მემრიალი", რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დაცვისთვის იბრძვის, ახალი კანონი მძიმე შედეგებს უქადის... ეს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დარტყმა არის," დაასკვნის "დეილი ტელეგრაფი."
გასულ კვირაში მსოფლიო პრესა უდაოდ ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობდა დისკუსიას შეერთებული შტატების მთავრობის უფლებამოსილებების შესახებ. ციურიხში გამომავალი "ტაგესანცაიგერი" ეხება შეერთებული შტატების პრეზიდენატის სატელევიზიო გამოსვლას, რომელშიც ჯორჯ ბუშმა გაამართლა სპეცსამსახურების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენა:
" ბუშის მთავრობის მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ამერიკის მოქალაქეთა თვალთვალი მხოლოდ ძალაუფლების ქედმაღლობაზე არ მიუთითებს. ეს ამავე დროს არის პრეზიდენტის უსინდისობის საუკეთესო მაგალითი... როგორც ჩანს, მას ამერიკული დემოკრატია არც ესმის და არც აფასებს მას," წერს შვეიცარიის გაზეთი.
ამავე დროს, პრესაში დადებითად აფასებენ იმ გარემოებას, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მხოლოდ დროებით და არა უვადოდ გაახანგრძლივა ე.წ. "პატრიოტული აქტი".
ამასთან დაკავშირებით "ნიუ იორკ ტაიმსი" პარასკევს წერდა: "ბოლოს და ბოლოს გაჩნდა იმის ნიშანი, რომ დემოკრატიული სისტემა იმპერიალისტურ პრეზიდენტს თავის ადგილზე აყენებს. სენატში რესპუბლიკელებმა უარი უთხრეს ვიცე-პრეზიდენტ ჩეინის გეგმას, რომ წამება დაშვებულ იქნეს საიდუმლო აგენტებისთვის. კონგრესმა მხოლოდ რამდენიმე კვირით გააგრძელა "პატრიოტული აქტი" ნაცვლად იმისა, რომ ბუშის ადმინისტრაციის გული მოეგო და კანონი უვადოდ მიეღო. მოვლენათა ამგვარი განვითარება იმედისმომცემია," მიაჩნია "ნიუ იორკ ტაიმსს."
XS
SM
MD
LG