Accessibility links

სანდრა რულოვსის ''იდელისტის ნაამბობი''


დავით პაიჭაძე, თბილისი ”საქართველოში დაახლოებით იგივე ცხოვრების რიტმია, რაც ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში.

აქ ნაკლებად ფიქრობენ მომავალზე, ადამიანი იმას სჯერდება, რაც ეძლევა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ მდგომარეობასა და სტატუსს. თუ ფული გაუჩნდათ, მაშინვე მოდურ ტანსაცმელსა და ძვირფას საათებს ყიდულობენ, იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ, მაგალითად, დაზიანებული ჭერი შეაკეთონ. ამგვარი გარეგნული სტატუსი არასტაბილურია, რადგან მის მიღმა მოსახლეობის უმეტესობას არაფერი აბადია. შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ ქართველებს უკიდურესობებს შორის უყვართ ბალანსირება. არიან ფატალისტურად მომართულნი, ხელგაშლილები და სტუმართმოყვარეები” - ეს არ გახლავთ ფრაგმენტი რომელიმე თანამედროვე მოგზაურის ან ჟურნალისტის ნაწერიდან. შესაძლოა, ისიც შეატყოთ, რომ უცხოელის სიტყვებია. თან ეს უცხოელი სულაც არ არის ნეიტრალური საქართველოსა და ქართველების მიმართ. მეტიც, მას არ აღიქვამენ მხოლოდ უცხოელად და არც ის აღიქვამს თავს ასეთად საქართველოში. ყოველკვირეულ ”ბიბლიოთეკაში” დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ ”იდეალისტის ნაამბობს”. ასე ჰქვია ახლახან დაბეჭდილ წიგნს, რომლის ავტორია საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი.

სანდრა რულოვსის წიგნი დაწერა ადამიანმა, რომელიც ინტეგრირებულია ქართულ საზოგადოებაში და, იმავდროულად, დისტანცირებულია მისგან - ეს შთაბეჭდილება დარჩება, ალბათ, ”იდეალისტის ნაამბობის” თითოეულ მკითხველს. ვერ იტყვი, რომ წიგნი, უწინარესად, უცხოელი მკითხველისათვის დაიწერა, თუმცა, ცნობილია, რომ საზღვარგარეთ უკვე მესამედ დაისტამბა და დიდი ტირაჟითაც იყიდება.

[მარიკა ერქომაიშვილის ხმა] ”რაღაც თვალსაზრისით, ეს წიგნი ჩვენი სავიზიტო ბარათიც არის ევროპულ სივრცეში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქედან გაიგებს, რა არის საქართველო.”

ეს მარიკა ერქომაიშვილია, სანდრა რულოვსის ქართულად თარგმნილი წიგნის რედაქტორი. ოღონდ ჩვენთან საუბრისას ის მხოლოდ რედაქტორი არ არის, უფრო მკითხველია, რომელიც ტექსტზეც და ავტორზეც თავის დაკვირვებებს მიზიარებს. ”იდეალისტის ნაამბობს” ყდაზე, სანდრა რულოვსის სახელის გარდა, აწერია ”საქართველოს პირველი ლედი”. მარიკა ერქომაიშვილი ამბობს, რომ ავტორისათვის აღარ შეუთავაზებია, თორემ აჯობებდა, რომ, ლედის ნაცვლად, ყოფილიყო ”საქართველოს პირველი ქალბატონი”:

[ერქომაიშვილის ხმა] ”ჩემი აზრით, გაცილებით ადეკვატური და თბილი სიტყვაა, რომელიც უკეთ შეეფერება მას, როგორც პიროვნებას. პირადი ურთიერთობის დროს - მუშაობისას რაღაც გარკვეული ტიპის ურთიერთობა ჩამოყალიბდა - ის ნამდვილად არ არის ლედი და არ არის დისტანცირებული. ამან შეიძლება ხელი შეგიშალოს, დაგაბნიოს, რადგან მიჩვეული ხარ და ელოდები, რომ დისტანცირებული უნდა იყო. ამავე დროს, ზღვარს იქით არ გადადიხარ. ძალიან უშუალოა, წიგნიც უშუალოა, რაც იგრძნობა და წიგნის ღირსებაა, რა თქმა უნდა.”

რაც შეეხება დისტანციას პიროვნული ურთიერთობების მიღმა, საილუსტრაციოდ მარიკა ერქომაიშვილს ერთი მაგალითი მოჰყავს, თუმცა მან შეიძლება სწორედ დისტანციისა თუ გაუცხოების დაძლევის მაგალითად ივარგოს:

[ერქომაიშვილის ხმა] “მისთვის გაუგებარია ბევრი რამ, რაც ამ საზოგადოებაში ხდება. თუნდაც სიტყვა დედამთილი. ”ჩემი დედამთილი გიული”, ”ჩემი დედამთილი გიული”... ქართველი როცა დედამთილს ამბობს, ამ სიტყვას უფრო ნეგატიურ კონოტაციას და განსხვავებულ შინაარსს ანიჭებს. ბოლოს და ბოლოს, ის ხალხი ვართ, ვის ლიტერატურაშიც რძალ-დედამთილიანი არსებობს. როცა დედამთილს ვახსენებთ ერთი გვერდის მანძილზე ყველა სტრიქონში, ვიცით, მეორე ქართველი ამას რომ წაიკითხავს, გაიგებს, როგორც საჭიროა. ამ დროს ავტორი ძალიან დიდი სითბოთი იყენებს სიტყვას, მისთვის ის, უბრალოდ, დედამთილია, მისი ქმრის დედაა და მეტი არაფერი. ძალიან საინტერესო იყო წიგნზე მუშაობა ამ თვალსაზრისით - როგორ შეიძლება აღიქვა კულტუროლოგიური განსხვავებები ჩვენ შორის, რა დამოკიდებულება შეიძლება გააჩინოს თუნდაც ამ ერთ სიტყვაში ჩადებულმა შინაარსმა, რომელიც გამყარებულია შენი კულტურული ტრადიციებით და როგორ შეიძლება ტერმინი აბსოლუტურად დაიცალოს ამ შინაარსისაგან, თუ სხვა კულტურული გარემოდან მოსული ადამიანი ამბობს ამას.”

საქართველოში ყოველთვის აინტერესებდათ, ხანდახან კი მძაფრადაც რეაგირებდნენ იმაზე, თუ რას წერდნენ ამ ქვეყნისა და ხალხის შესახებ. ამასთან, სულ ერთია, ქართველი იყო ავტორი თუ უცხოელი. ახლო წარსულში ეს რეაქცია განსაკუთრებით მწვავე იყო ამ ოციოდე წლის წინ, როცა საქართველოზე წერას რუსმა საბჭოთა პუბლიცისტებმა მოუხშირეს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აღქმის სიმძაფრე განელდა, მაგრამ არც ადრე და არც ახლა ქართველები მათ შესახებ დაწერილ ტექსტს არ აღიქვამდნენ დაფიქრებისა და გააზრების საგნად. უფრო ის აინტერესებდათ, რა თვალით უყურებდნენ მათ სხვები, ხოლო რა სიმართლე იყო უცხოთა თვალსაზრისში, დიდად არ დაგიდევდნენ. სანდრა რულოვსის წიგნის რედაქტორს მე ვკითხე, ”იდეალისტის ნაამბობის” წაკითხვის შემდეგ თავად თუ შეხედა ქართულ საზოგადოებას განსხვავებულად, რა ესახება სიახლედ, რაც ამ საზოგადოებაზე შეიტყო წიგნიდან. მარიკა ერქომაიშვილი ამბობს, რომ ახალი და განსაკუთრებული არაფერი შეუტყვია, თუმცა

[ერქომაიშვილის ხმა] ”მე, როგორც ქართველს, ცოტა შემრცხვა, როცა წავიკითხე უცხოელის დაწერილი წიგნი და ამოვიკითხე, რომ მან მეგრული ისწავლა იმიტომ, რომ 5 მილიონიანი საქართველოს მოსახლეობის ერთ მეოთხედს მეგრელები შეადგენენ და ის თავის სოციალურ ვალდებულებად თვლის, იცოდეს ამ ხალხის ენა და მათ თავიანთ ენაზე ელაპარაკოს. მე ქართველი ვარ და ეს აზრად არ მომსვლია. მან მეგრული იცის და ახლა სვანურს სწავლობს. და ამ თვალსაზრისით მე თვითონ განსხვავებული დამოკიდებულება გამიჩნდა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ.”

შესაძლოა, ამ განსხვავებული დამოკიდებულების ნაწილია შთაბეჭდილება, რომელსაც წიგნის რედაქტორი მიზიარებს. ვინც ქართველებში რაღაც არნახულისა და განსაკუთრებულის აღმოჩენას ცდილობს, იმას ”იდეალისტის ნაამბობი” ეუბნება, რომ ქართველები ჩვეულებრივი ხალხია და სხვა ხალხებთან თუ საზოგადოებებთან ბევრი საერთო აქვს. მაგალითად, დედის გამორჩეულ სიყვარულსა და ოჯახურ სითბოს მხოლოდ ქართველები ვერ დაიჩემებენ - ასეა ჰოლანდიაშიც და, ალბათ, ყველგან. თუმცა არის მოვლენები, რაც აკვირვებს ავტორს - მარიკა ერქომაიშვილი ამჯობინებს, ეს მკითხველებმა შენიშნონ და დასძენს, რომ წიგნი იუმორით არის სავსე. არადა, სანდრა რულოვსი საჯაროდ იუმორს ძალიან იშვიათად ავლენს ხოლმე. მარიკას ნიმუშად ერთი ციტატა მოჰყავს - სანდრა რულოვსი იხსენებს მეუღლესთან ერთად ამერიკიდან გამომგზავრების დღეს:

[ერქომაიშვილის ხმა] ”წარმოიდგინეთ ამის შემდეგ ჩვენი სიხარული, როცა კენედის აეროპორტიდან ავფრინდით. წინ საყვარელი ევროპა გველოდა, იმის იქით კი გაურკვეველი და მაინც იმედით სავსე მომავალი. მუცლით კი ბავშვი მიმყავდა - Made in the USA. ამ ტიპის თვითირონია, როცა ქვეყნის პირველ ლედიზე არის ლაპარაკი, კარგი და სასიამოვნოა.”

”იდეალისტის ნაამბობში” ხშირია ახლო, საშუალო და შორი ხედების მონაცვლეობა. ეს არ არის წრფივი, ქრონოლოგიურად თანმიმდევრული თხრობა, თუმცა პირველი ორი თავი, ძირითადად, სანდრა რულოვსის საქართველოში ცხოვრებამდე პერიოდს მოიცავს. მარიკა ერქომაიშვილი თხრობის მანერასა და წყაროებზე ლაპარაკობს:

[ერქომაიშვილის ხმა] ”ეს არის, ტექსტუალური თვალსაზრისით, ცოტა რთული ნაწარმოები, თუ ამ კუთხით მივუდგებით, იმიტომ რომ მოზაიკურია და ასოციაციურ აზროვნებაზეა აგებული. დიდწილად, აგებულია მის ჩანაწერებზე, დღიურებსა და წერილებზე, რომლებიც მშობლებისადმი აქვს გაგზავნილი. წიგნის დიდი ნაწილი სწორედ ამისგან შედგება. ძალიან ხშირად ერთი ემოციიდან მეორეზე ხტება და ცოტა რთულია, ნაწერში გაჰყვე ამ ხაზს. ეს არანაირად არ არის ეპიკური თხრობა. ესაა მისი ასოციაციები და, ალბათ, უფრო მეტად, მისი ემოციები.”

სანდრა რულოვსი ცდილობს გაიაზროს აქამდე გამოვლილი გზა და არ არის გამაღიზიანებელი ამ როლში, ამბობს მარიკა ერქომაიშვილი. ამ წიგნის წაკითხვისას მიხვდები, რომ ის, უწინარესად, სანდრა რულოვსია და არა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. ის თავს არიდებს პოლიტიკურ ანალიზს. წიგნის მიზანი არაა, რომ ევროპელებს გააცნოს საქართველო. ადამიანი აარქივებს იმას, რაც განიცადა და შემდეგ ეს თუ არ გაიაზრა, შეიძლება ითქვას, არც განუცდია - ეს წიგნის ავტორის აზრია და, წიგნიც, შესაბამისად, ხელახალი განცდის მცდელობაა. დასასრულს, მარიკა ერქომაიშვილისგან შევიტყობთ, რომ სანდრა რულოვსს ეს განცდა, სურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროს:

[ერქომაიშვილის ხმა] ”რამდენადაც ვიცი, იწერებოდა წიგნის აუდიოვერსია უსინათლოთათვის. კარგი იდეაა. თვითონ კითხულობს წიგნს ქართულად. ევროპელია, რა, მაინც”...
XS
SM
MD
LG