Accessibility links

კულტურული მიმოხილვა, 25 დეკემბერი


საქართველოში, ისევე როგორც თითქმის ყველგან, კულტურული ცხოვრების სეზონი არა ახალ წელს, არამედ

სექტემბერში, საზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, იწყება. მიუხედავად ამისა, კულტურის მუშაკები მაინც ცდილობენ ხოლმე წლის მოვლენების შეჯამებას. 2005 წლის კულტურული ცხოვრების ზოგიერთ ტენდენციას შეგახსენებთ.

ტრადიციულად, ყოველი წლის უკანასკნელ კვირას რადიო “თავისუფლება” კულტურული ცხოვრების შემაჯამებელ სიუჟეტს გთავაზობთ ხოლმე. 2005 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებამდე მე გადავხედე წინა წლების კულტურულ მიმოხილვებს და ერთ საინტერესო ტენდენციას წავაწყდი: ქართველ ხელოვანთა უმრავლესობა კულტურის კრიზისს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებდა - მაგალითად, თეატრის მოღვაწეები ჩიოდნენ, რომ გაყინულ დარბაზებში უწევდათ თამაში, კინემატოგრაფისტები კი თავიანთ უმოქმედობას კინოსტუდიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განადგურებით ხსნიდნენ.

ქვეყნის “კულტურულ დაწესებულებებში” 2005 წელს გათბობისა და ელექტროენერგიის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა. უფრო მეტიც, რუსთაველისა და კინომსახიობის თეატრებმა სეზონი ახლად გარემონტებულ დარბაზებში გახსნა, მარჯანიშვილის თეატრის დასიც უახლოეს დღეებში “ახალდარბაზობას” იზეიმებს. დასრულებულია მუსიკალური კომედიის თეატრის მშენებლობაც. საინტერესოა, რომ სამივე თეატრის აღდგენა-რესტავრაცია მეცენატების დახმარებით გახდა შესაძლებელი. დედაქალაქის წამყვანი თეატრების აღორძინებაზე ბიძინა ივანიშვილმა და ბადრი პატარკაციშვილმა იზრუნეს. იგივე შეიძლება ითქვას კინოზეც – მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდა ეროვნული კინოცენტრი, ლევან თუთბერიძის, ლევან ზაქარეიშვილისა და გიორგი შენგელაიას ფილმების დასრულება მეცენატების ხელის შეწყობით გახდა შესაძლებელი. დიახ, “მეცენატების”, რადგან არც “მოგზაურობა ყარაბახში” და არც “თბილისი-თბილისი” არის ის კინო, რომელმაც შეიძლება ვინმე გაამდიდროს, უფრო სწორად, “ფული მოუტანოს”, თორემ გამდიდრებით ლევან თუთბერიძისა და ლევან ზაქარეიშვილის ახალმა ფილმებმა, მართლაც, გაამდიდრეს ეროვნული კინო – ყოველ შემთხვევაში, ადგილიდან მაინც დაძრეს. სხვა საქმეა, რამდენად დიდხანს გაგრძელდება კულტურის სფეროზე ფულის უანგაროდ ხარჯვის ეს პროცესი ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ნელ-ნელა აღიარებს, რომ კულტურა არ არის ქვეყნის განვითარების პრიორიტეტული სფერო. ამას პირდაპირ, ცხადია, არ ამბობს, რადგან არტისტები ხანდახან სჭირდება სადღესასწაულო შოუს გასაფორმებლად... თუნდაც მაშინ, როცა ქვეყანას ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა სტუმრობს, როგორიც ჯორჯ ბუშია, მომღერლებსა და მოცეკვავეებს მოუხმობს ხოლმე. ასეთ ღონისძიებებზე გასულ წელს ექსპერიმენტსაც მიმართეს – 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტზე მთავარი გმირი არა რომელიმე ქართველი მომღერალი, არამედ უკრაინელი საესტრადო “დივა”, რუსლანა გახდა... მაგრამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა – საზოგადოებამ მეტისმეტად ბევრი იქილიკა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაზე... და არა იმდენად იმიტომ, რომ ქვეყნის მთავარ დღესასწაულზე უცხოელი ამღერეს... უბრალოდ, ამ ქვეყანაში ხალხს სმენა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

[ხმა. რუსლანა]

სმენით, სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოირჩევიან. ყოველ შემთხვევაში, როგორც სატელევიზიო ანონსებით შევიტყვეთ, საახალწლოდ ქართველი პოლიტიკოსები და სახელმწიფო ჩინოვნიკები ისევ აპირებენ თავიანთი გულის ჩამთუთქავი ხმით “დააძახონ” პოპულარული ქართული ჰიტები... აი, ასეთ სატელევიზიო შოუს ნამდვილად არ სჭირდება “მეცენატი”... პოპკულტურას, შეზავებულს პოპულარული და ნაკლებად პოპულარული პოლიტიკოს თვითშემოქმედებით, სპონსორი ისედაც ბევრი ჰყავს. სპონსორები კი, თავის მხრივ, მოგეხსენებათ “შეამხანაგებულები” არიან საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან - იმაზე ხარჯავენ ფულს, რაც ხელისუფლებას მოსწონს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა. 5 ივნისის მიმოხილვიდან] “რა არის ცუდი იმაში, ფარშევანგი თუ იქნა და ფრთები გაშალა. რა, აუცილებლად ყვავი უნდა იყოს და ჩხაოდეს? კიტჩი ზოგჯერ არის კარგი.”

თავისი ესთეტიკური შეხედულებები საქართველოს პრეზიდენტმა გასული წლის დასაწყისში გაუზიარა ხელოვნების მოღვაწეებს - მაშინ, როცა თბილისში ფასადების შეღებვა დაიწყო... პრეზიდენტს აქ არავინ უთხრა, რომ “კიტჩი” შეიძლება არა მარტო ფარშევანგი, არამედ “ყვავიც” იყოს, ე.ი. ყოვლისმჭამელი რუხი ფრინველი, რომელიც, თითქმის უკვდავია – ყოველ შემთხვევაში, მისი დამარცხება ვერანაირმა რევოლუციამ ვერ შეძლო... ყვავი ისევ ბევრს ლაპარაკობს და ისევ იმ რიტორიკას ამკვიდრებს, რომლის წინააღმდეგ 2003 წლის ნოემბერში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

[ხმა. “პატრიოტების” შეკრება სპორტის სასახლეში]

ანტიკურ მითოლოგიას თუ გავიხსენებთ, ყვავი თავდაპირველად თეთრი ფრინველი იყო, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ენას არ აჩერებდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა, იგი აპოლონმა დასაჯა... გასულ წელს ქართული კულტურის მუშაკებმა, რომლებიც სილამაზეს, ე.ი. “აპოლონს”, ემსახურებიან, რამდენჯერმე სცადეს ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში ჩარევა: ხან დედაქალაქის არქიტექტურული იერის შეცვლა არ მოსწონდათ, ხან ფერები, რომლითაც შენობების კედლები შეიღება... ზოგი იმით დარჩა უკმაყოფილო, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ავტორის ნებართვის გარეშე გადაიტანეს რესპუბლიკის მოედნიდან, ზოგი კი თავისუფლების მოედანზე ზურაბ წერეთლის სვეტის ფუნდამენტის ჩაყრამ აღაშფოთა. ხელისუფლების კომენტარები მოკლე და კატეგორიული იყო:

[გიგა ბოკერიას ხმა] “საზოგადოებაში ვის გულისხმობთ? თუკი თქვენ გულისხმობთ ძალიან პატარა ჯგუფს ადამიანებისა, რომლებსაც მუდმივად, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ან მათ მემკვიდრეებს, აქვთ პრეტენზია, რომ ელიტას წარმოადგენენ და მათი კეთილგანწყობის გარეშე არაფერი არ უნდა კეთდებოდეს, ამას ვუყურებ სკეპტიკურად და ირონიით.” (სტილი დაცულია)

გამოდის, რომ 2005 წელს - საქართველოს ინტელიგენციასთან ყველაზე მეტად დაახლოებული ხელისუფალის, ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების შემდეგ - ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგებმა იქით გამოაცხადეს ინტელიგენციის ეს, გიგა ბოკერიას რომ დავესესხოთ, “პატარა ჯგუფები” ნაცრისფერ და ყბედ ყვავებად, რომლებიც, თავიანთ ახალგაზრდა მემკვიდრეებთან ერთად, საბჭოთა ეპოქის მენტალიტეტის შენარჩუნებას ცდილობენ. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების კულტურული პოლიტიკა ძალიან ჰგავს ნაციონალური მოძრაობის მართვის სტილს, მის პოლიტიკას, საერთოდ. ძნელი ასახსნელია, რატომ მიიჩნევს პრეტენზიული საბჭოთა ელიტის წარმომადგენლად ხელისუფლება იმ ხალხს (მათ შორის, სტუდენტებს), რომელმაც ზურაბ წერეთლის ძეგლის დადგმას გაუწია წინააღმდეგობა და არა თავად ზურაბ წერეთელს, რომელიც ლამის თვადაც არ მალავდა არასდროს, რომ საბჭოთა შემოქმედებით ელიტას მიეკუთვნებოდა. თუ აქ რაღაც გარიგებაზეა ლაპარაკი, მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2005 წლის კულტურულ პოლიტიკას მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პრაგმატული ინტერესები განსაზღვრავდა – ხელისუფლება დაემსგავსა “ალუბლის ბაღის” ლოპახინს, ისეთს, როგორსაც გია როინიშვილი თამაშობს გასული თეატრალური სეზონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპექტაკლში, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში დადგა. “”ალუბლის ბაღს” თუ ვერ მოუვლი, დაკარგავ, ბაღი სხვას ჩაუვარდება ხელთ!”... ამდენი ხანი ვერ მოუარეთ კულტურას, ხან უსინათლობით იმართლებდით თავს, ხან უგაზობით, ეხლა სინათლეც გაქვთ, გაზიც და მაინც არ გატყობთ კმაყოფილებას, მაინც დგამთ სპექტაკლებს, რომელშიც ხელისუფლებაზე ქილიკობთ, მაგალითად, “ჯარისკაცსა და პრეზიდენტს...” რუსთაველის თეატრში... თუკი ასეა, გავყიდით ყველაფერს, ადგილებს შევუცვლით ძეგლებს, თქვენ აღარ გამღერებთ – რუსლანას ჩამოვიყვანთ და “ალუბლის ბაღს” ჩვენ დავეპატრონებით.

ასეთი შეიძლება იყოს ლოპახინის მონოლოგი 2005 წლის საქართველოში. ლოპახინისა, მაგრამ არა აპოლონის, რომელსაც თეთრი ვარდის დასჯა და მისი რუხ ფრინველად გადაქცევა შეეძლო.
XS
SM
MD
LG