Accessibility links

როგორ შეაფასა საზოგადოებამ შალვა რამიშვილისა და ირაკლი იმნაიშვილის პრობლემები


საინტერესო სურათს მივიღებთ, თუ ერთმანეთს შევადარებთ ორ გახმაურებულ ფაქტს:

ერთი მხრივ, შალვა რამიშვილისა და კობა ბექაურის ინციდენტს, მეორე მხრივ – კონფლიქტს ირაკლი იმნაიშვილსა და აკაკი ბობოხიძეს შორის. ორივე შემთხვევაში ჟურნალისტს დაუპირისპირდა ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელი და ორივე შემთხვევაში დაზარალებული დარჩა ჟურნალისტი. მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ორი შემთხვევა სხვადასხვაგვარად აღიქვა.

რის მიხედვით აფასებდა საზოგადოება შალვა რამიშვილის ან ირაკლი იმნაიშვილის კონფლიქტს ხელისუფლებასთან? შალვა რამიშვილის შემთხვევაში, არსებობდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა, რომ ჟურნალისტმა ფული აიღო პარლამენტის წევრისგან. თავად შალვა რამიშვილმა უარყო დანაშაულში მონაწილეობა. ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა მიზნით მოხდა ფულის გადაცემა ან აღება. ირაკლი იმნაიშვილის შემთხვევაში, არ არსებობს ვიდეომასალა, რომელიც აღწერდა ქუთაისში მომხდარ ფაქტს – როგორ მიაყენა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა პრეზიდენტის რწმუნებულმა, იყო თუ არა ჩხუბში ჩართული რწმუნებულის მძღოლი, რამდენად სასტიკი იყო ანგარიშსწორება და სხვ. სამაგიეროდ, თავად აკაკი ბობოხიძე არ უარყოფს მომხდარს და განმარტავს, რომ მან საკუთარი ოჯახის შელახული ღირსება აღადგინა.

საზოგადოება აღმოჩნდა მიმტევებელი შალვა რამიშვილის მიმართ და საკმაოდ მკაცრი ირაკლი იმნაიშვილის მიმართ. არადა, იმნაიშვილს ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, როდესაც ტელეეთერიდან მოიხსნა მისი საავტორო გადაცემა “არჩევანის ზღვარზე”.

როგორ შეიძლება შეფასდეს საზოგადოების დამოკიდებულება ზემოთ ხსენებული ორი ინციდენტის მიმართ? რამდენიმე სიტყვით თუ შემოვიფარგლებით, ორივე შემთხვევაში შეფასება იყო მცდარი.

შალვა რამიშვილი თავის გადაცემას “დემოკრატიის ჯიხურს” უწოდებდა. მართლაც, მის გადაცემაში ნახავდით იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა ტელევიზიების ეთერში არ ჩანდნენ, მოისმენდით იმ თემების განხილვას, რასაც სხვაგან ტაბუ ჰქონდა დადებული. ამიტომ, ტელემედიაზე წნეხის პირობებში, შალვა რამიშვილის გადაცემა იყო ერთადერთი ღია არხი, საიდანაც შეიძლებოდა წამოსულიყო თუნდაც ცალმხრივი, მაგრამ რეალობის ადეკვატური ინფორმაცია. ეს გადაცემა ერთგვარი განძი იყო საზოგადოებისთვის და ამ განძის გადაცვლა ნებისმიერ სხვა ფასეულობაზე სერიოზული დანაკარგია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადასტურებს შალვა რამიშვილის უდანაშაულობას, “დემოკრატიის ჯიხური” ძველი ფუნქციით ვეღარ აღდგება, რადგან ყოველთვის დარჩება ეჭვი მისი რაობის შესახებ. ამიტომ, იმის მიუხედავად, თუ რა მიზნით აიღო ფული შალვა რამიშვილმა, მან გამოიჩინა უპასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ და თავად საზოგადოების მხრიდან ამის არაღიარებას სერიოზული ახსნა სჭირდება.

რაც შეეხება ირაკლი იმნაიშვილს. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი კრძალავს პირის პირდაპირ შეურაცხყოფას. სამაგიეროდ, ყველაფერი, რაც შეიძლება ჩაითვალოს ერთი ადამიანის შეხედულებად მეორე ადამიანზე, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არ ისჯება. ამიტომ ჟურნალისტს რწმუნებულთან საუბრისას კანონი არ დაურღვევია და, სხვათა შორის, არც რწმუნებულს დაურღვევია კანონი, ვიდრე ჟურნალისტს ხელით არ შეეხო. მაგრამ ეთერს მიღმა სამაგიეროს გადახდა იმ ფორმით, რა ფორმითაც აკაკი ბობოხიძემ ჩაიფიქრა და განახორციელა, სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირებული ქმედებაა. ამიტომ, თუკი რწმუნებული ან ვინმე სხვა გადაწყვეტს, მეორე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდეს, მისი საქციელი მავანმა შესაძლებელია კეთილშობილურ ქმედებად აღიქვას, მაგრამ მოძალადემ კანონის წინაშე პასუხი უსათუოდ უნდა აგოს.

ასე რომ, თუ ორ ყველაზე გახმაურებულ ჟურნალისტურ ინციდენტს შევაფასებთ საზოგადოებრივი ან კანონისმიერი ხედვით, შალვა რამიშვილის შემთხვევა გაცილებით მძიმე აღმოჩნდება.

მაშ, რატომ იყო ხალხის რეაქცია შალვა რამიშვილის მხარდამჭერი და ირაკლი იმნაიშვილის გამკიცხავი? შესაძლოა, საზოგადოება ჟურნალისტებისგან დღეს, პირველ რიგში, მოითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას და უკომპრომისობას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ირაკლი იმნაიშვილი კი, ამ მხრივ, ალბათ, უფრო ფერმკრთალი აღმოჩნდა, ვიდრე შალვა რამიშვილი.
XS
SM
MD
LG