Accessibility links

logo-print

აქვს თუ არა საქართველოში ადგილი პოლიტიკურ დევნას, მედიცინის მუშაკთა გამოყენებით


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლეს

- ნინო გვენეტაძეს, მერაბ ტურავას, მურმან ისაევს და თამარ ლალიაშვილს - მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიამ 25 დეკემბერს ღამით, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, მიიღო. მანამდე კი ადგილი ჰქონდა მეტად უცნაურ ფაქტს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც კარდიოლოგიურ განყოფილებაში ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით მოთავსებულ მერაბ ტურავას მკურნალობდნენ. ავადმყოფი, რომლის მდგომარეობაც დილით მძიმედ მიიჩნეოდა, ნაშუადღევს საავადმყოფოდან გაწერეს, თანაც, ტურავას მეუღლის მტკიცებით, უწინდებურად მძიმე მდგომარეობაში. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმები აიძულეს მძიმე ავადმყოფი საავადმყოფოდან გაეწერათ და საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ მერაბ ტურავას მხიდან ადგილი ჰქონდა ავადმყოფობის სიმულაციას. რა მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში - შედგა თუ არა იქ ადამიანის პოლიტიკური დევნა, მედიცინის მუშაკების გამოყენებით?


იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგია 17 მოსამართლის - მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - დისციპლინური დევნის საკითხს 24 დეკემბერს მთელი დღის მანძილზე, ღამის 12 საათამდე, განიხილავდა. მიუხედავად მხარეების უკიდურესი გადაღლილობისა, შემდგომი სხდომა მეორე დღესვე, კვირას, დილის 11 საათზე, დაინიშნა. მოხდა ისე, რომ ამ დღეს, დილით, მერაბ ტურავას ოჯახში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდათ. მერაბ ტურავა, ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მის მდგომარეობას მძიმეს უწოდებდა ამ განყოფილების ექიმი, ქავთარაძე. დაიწყო იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაც, სადაც ნინო გვენეტაძემ კოლეგიის წევრებს აცნობა ტურავას მდგომარეობა და, ამ მიზეზით, კოლეგიის სხდომის გადადება მოითხოვა:

[ნინო გვენეტაძის ხმა] ”11 საათზე გამოვცხადდი სხდომაზე და მოვახსენე აღნიშნულის შესახებ. ბატონმა ნიკა გვარამიამ მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ ეს იყო სიცრუე და მოითხოვა სხდომის გადადება, რომ გაერკვია სიტუაცია.”(სტილი დაცულია)

სიტუაციის გარკვევა დაიწყო და შეიცვალა ტურავას მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების დასკვნაც. მერაბ ტურავას მეუღლე ირწმუნება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიწყო ზეწოლა ექიმებზე, პირველ რიგში, ჩვენ მიერ ნახსენებ ექიმ ქავთარაძეზე.

[მერაბ ტურავას მეუღლის ხმა] ”მოვკარით ყვირილს ყური, მის კაბინეტთან ვიდექით, ის ყვიროდა - რას მაკეთებინებთ, მე ექიმი ვარ და ასეთ მდგომარეობაში როგორ გავწეროო. ”

მერაბ ტურავას მეუღლეს აქვს ეჭვი, რომ ქავთარაძის კაბინეტიდან ჯანდაცვის მინისტრთან ექიმის სატელეფონო საუბარი ისმოდა. ასეა თუ ისე, ზეწოლამ გაჭრა. მერაბ ტურავას მეუღლე ამბობს , რომ ავადმყოფის საავადმყოფოდან გაწერა, ქავთარაძის ნაცვლად, პროფესორმა დავით ნარსიამ გადაწყვიტა ისე, რომ არავითარი პასუხისმგებლობა არ უკისრია:

[მერაბ ტურავას მეუღლის ხმა] ”180 -130 -ზე წნევით წამოვიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანით, იმიტომ რომ შეგვეშინდა გზაში არ დამძიმებულიყო. მივედით სახლში და 1 საათში ისევ დამჭირდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. დიაგნოზი ისევ ჰიპერტონიული კრიზი იყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. ”

კიდევ ერთი დეტალი: თვითმხილველები აცხადებენ,რომ ტურავას საავადმყოფოდან გაწერის მომენტში საავადმყოფოში გამოძახებულ იქნა დაცვა, რომელიც ჩადგა ჟურნალისტებსა და ავადმყოფს და მის გულშემატკივრებს შორის. ამას გარდა, ტურავას მეუღლე ირწმუნება, რომ მიმართა რამდენიმე კერძო კლინიკას, სადაც განუმარტეს, რომ უადგილობის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ.

იმის თვითმხილველი, რაც 25 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა, მოსამართლე დავით სულაქველიძეც იყო ( დისციპლინური დევნის პროცესი მის წინააღმდეგაც ვითარდებოდა, თუმცა კოლეგია მისთვის შენიშვნის მიცემით შემოიფარგლა). ჩვენ ბატონ დავითსაც ვკითხეთ, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ამბავი, რომლის შესახებაც მერაბ ტურავას მეუღლემ გვიამბო.

[დავით სულაქველიძის ხმა] ”კი, ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. ეს ყველაფერი არის სინამდვილე, სამწუხარო სინამდვილე. ”

მერაბ ტურავას, სახლის პირობებში, ახლობელი ექიმი მკურნალობს. მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესია. ამ მასალის მომზადებისას ტელეფონით დავუკავშირდი რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებას. მინდოდა რომელიმე იმ ექიმთან გასაუბრება, რომელსაც ექნებოდა ინფორმაცია 25 დეკემბერს ტურავას მდგომარეობის შესახებ.

[ მორიგის ხმა] ”ყველანი სახლებში არიან. ყველა მორიგე მედპერსონალი მოვიდა გუშინ დილით და წავიდა დღეს დილით. ისტორია პროფესორთან არის. ”(სტილი დაცულია)

პროფესორ დავით ნარსიას ვერ დავუკავშირდით. სამაგიეროდ, ვესაუბრეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილეს გივი ჩიქობავას. ის ამბობს, რომ 25 დეკემბერს ტურავას საავადმყოფოდან გაწერის მოთხოვნით მისთვის არავის დაურეკავს. გივი ჩიქობავას თქმით, მერაბ ტურავა სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდა და ამიტომაც იქნა გაწერილი საავადმყოფოდან.

ვისაც საქართველოს საავადმყოფოებთან საქმე ჰქონია, იცის, როგორ არ ეთმობათ ხოლმე იქიდან ავადმყოფების გაწერა. ამდენად, ჰიპერტონიული კრიზით საავადმყოფოში მოთავსებული პირის იქიდან რამდენიმე საათში გამოშვება თავისთავად ქმნის ეჭვების საფუძველს.

უზენაესი სასამართლოს დასჯილი მოსამართლეები კოლეგიის გადაწყვეტილებას ჯერ შიდა ინსტანციებში გაასაჩივრებენ, ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავენ. მათთან ერთად იბრძოლებს დავით სულაქველიძეც , მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მოსამართლის უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ.
XS
SM
MD
LG