Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაიზარდა დასაცავ პირთა რაოდენობა


საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2005 წლის 15 დეკემბერს გამოცემული №933 განკარგულებით დამტკიცდა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და ობიექტთა ნუსხა. პრეზიდენტის, ყოფილი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, სპეციალურმა სამსახურმა ასევე უნდა დაიცვას ორათეულამდე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, მათ შორის თბილისის მერი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. დასაცავ პირთა ნუსხაში მოხვდნენ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები. რამ გამოიწვია დასაცავ პირთა რაოდენობის გაზრდა?

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სია, ბუნებრივია, ქვეყნის პრეზიდენტით იწყება. მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ქართული სპეცსამსახურების საუკეთესო თანამშრომლები ზრუნავენ. თუმცა, მათი წყალობით, პარლამენტის წევრს მამუკა კაციტაძეს კარგად აქვს შესწავლილი პარლამენტის მახლობლად მცხოვრები პრეზიდენტის დღის რეჟიმი.

[მამუკა კაციტაძის ხმა] „უხერხულია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი 2 საათზე იღვიძებს, ამაზე მისი დაცვა მეტყველებს. პრეზიდენტი პარლამენტის გვერდით ცხოვრობს და ვხედავთ, რომ სახლიდან გამოდის 2-3 საათზე.“

ცხადია, პრეზიდენტს დაცვის სპეციალური სამსახური 24 საათის განმავლობაში იცავს. №933 განკარგულებით, დასაცავ პირთა ნუსხაში მოხვდნენ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრები, ანუ, განკარგულებისათვის დართული შენიშვნის მიხედვით: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და დასაცავ პირთან მუდმივად მცხოვრები ადამიანები. დეპუტატი კახა კუკავა დასაცავ პირთა ნუსხის ჩაკითხვის შემდეგ შენიშნავს:

[კახა კუკავას ხმა] „ყოველი მომდევნო პრეზიდენტის დროს გამოყოფილი თანხა და ხარჯი იზრდება. მე მახსენდება არჩევნების წინ როგორ აღშფოთებით ლაპარაკობდა პრეზიდენტ შევარდნაძის დაცვაზე, ჯიპებზე და ესკორტზე. მაგრამ დღეს სანდრა რულოვსის დაცვას უფრო მეტი ჯიპი და მეტი ოფიცერი ემსახურება, ვიდრე შევარდნაძის დროს თანამდებობის პირებს ემსახურებოდა. არაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილზე, რომლის უსაფრთხოების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.“

კარგია თუ არა ის, რომ დასაცავ პირთა და ობიექტთა სია მნიშვნელოვნად დაგრძელდა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოში მაღალი რანგის მოხელეები და მათი ოჯახის წევრები უკეთესად არიან დაცულნი? დამოუკიდებელი ექსპერტი, უშიშროების პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი განმარტავს:

[ბესიკ ალადაშვილის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ მაინც არაპროფესიონალიზმის ბრალია, იმიტომ რომ არაერთხელ შეიცვალა ხელმძღვანელობა სპეცსამსახურში და პროფესიონალები აღარ დარჩნენ სამსახურში ან, თუ დარჩნენ, არ არიან წამყვან თანამდებობებზე.“

ბესიკ ალადაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთშიც კი დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა გაცილებით მოკრძალებულია. თბილისელებიც მიიჩნევენ, რომ მოხელეთა დიდ ნაწილს დაცვა არ სჭირდება.

[მამაკაცის ხმა] „ყველა მინისტრისთვის არ არის აუცილებელი, სავალდებულო. ვისაც საპასუხისმგებლო სამუშაო აქვს, ვისაც ხალხში უწევს გასვლა, იმათ კი სჭირდებათ დაცვა.”

[მამაკაცის ხმა] „მთავრობის ზოგიერთ წევრს - კი, მაგრამ ყველას - არა. პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე - ამ სამი ადამიანის დაცვა აუცილებელია, სხვების - არა. მინისტრებსაც არ სჭირდებათ. ადრე მინისტრები დაცვის გარეშე დადიოდნენ.“

თუმცა, მოქალაქეთა განწყობის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა დასაცავ პირთა და ობიექტთა ნუსხა უკვე დაამტკიცა. პრეზიდენტის განკარგულება ძალაში არასრულ ერთ კვირაში, 2006 წლის 1 იანვრიდან, შედის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG