Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წლის ბოლოს, ჩვეულებრივ, ჟურნალისტები გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების გამოვლენით

და ანალიზით არიან დაკავებულები. ბუნებრივია, გამონაკლისი არც რუსეთის მედიაა, სადაც ექსპერტები თუ პოლიტიკოსები რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გამოყოფენ და 2006 წელს მოვლენების განვითარების პროგნოზს აკეთებენ. ამჯერად გთავაზობთ რუსეთის პრესის იმ პუბლიკაციების მიმოხილვას, რომლებიც დსთ-ს აწმყოსა და მომავალს ეხება.


25 დეკემბრის „ნეზავისიმაია გაზეტას“ ვარაუდით, კრემლი თბილისისა და კიევის ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას ცდილობს. იგულისხმება უკრაინისა და საქართველოს ხელისუფალთა განცხადებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არაეფექტურობის შესახებ. გაზეთის თქმით, ამ მხრივ, ყურადსაღებია ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ მარგელოვის განცხადება, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ორგანიზაცია თავიდანვე ამორფული იყო, რადგან ის თავის დროზე საბჭოთა კავშირის რღვევით გამოწვეული პროცესების უმტკივნეულოდ გატარებისთვის შეიქმნა. დღეს, როცა გაყრის პროცესი დასრულდა, მარგელოვის განცხადებით, დსთ-ც გარდაიცვალა. დსთ-ს მომავლის გასარკვევად „ნეზავისიმაია გაზეტამ“ ექსპერტები გამოკითხა:

სერგეი კარაგანოვს მიაჩნია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაშლის შესახებ განცხადება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს, რადგან რუსეთისთვის გაცილებით მომგებიანია მახლობელი ქვეყნების სახელმწიფოებთან ორმხრივი და სამმხრივი ურთიერთობების დამყარება. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, შესაძლოა, შენარჩუნებულ იქნეს, როგორც დიალოგის ფორმა. თუმცა რუსეთი რომ თანამეგობრობასაა ჩაფრენილი, - ეს ნონსენსია,“ - აცხადებს რუსი ექსპერტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსებობა ხელს რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს აძლევს და არა - რუსეთს.



როგორც ჩანს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მომავალთან დაკავშირებით რუსეთში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მაგალითად, ინტერნეტგამოცემა “პოლიტ.კომი“ დარწმუნებულია, რომ 2006 წელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისთვის შემობრუნების წლად იქცევა. გამოცემის აზრით, მართალია, 2005 წელს რუსეთს დსთ-ს სივრცეში არაერთი წარუმატებლობა ჰქონდა, მაგრამ დიდია შანსი, რომ 2006 წელს რუსეთმა, ასე ვთქვათ, დათმობილი პოზიციები დაიბრუნოს და კვლავ განსაკუთრებული როლი შეასრულოს პოსტსაბჭოთა სივრცეში. რით არის გამოწვეული ასეთი ოპტიმიზმი? - როგორც „პოლიტკომი“ წერს:


2005 წელს საბოლოოდ დადასტურდა, რომ რუსეთმა მძლავრი კედელი აღმართა დსთ-ს ქვეყნებში ფერადი რევოლუციების გავრცელების აღსაკვეთად. ამის მაგალითად გამოდგება არჩევნები აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, სადაც, ოპოზიციის გააქტიურების მიუხედავად, არსებულმა ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნა. მეტიც - არსებული ცნობებით, იმავე აზერბაიჯანში ალიევის ხელისუფლების განმტკიცებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რომლებიც ბაქოელ კოლეგებს პოლიტიკური შეთქმულების გახსნაში დაეხმარნენ. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის არჩევნების შემდეგ დაიწყო კრემლის დაბრუნება პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც გამოიხატა უზბეკეთთან კავშირის გაძლიერებით, ნატოს და ამერიკული სამხედრო ბაზების ნაწილების გაყვანით შუა აზიის ქვეყნებიდან და შანხაის თანამეგობრობის ორგანიზაციის ფარგლებში კავშირების გაძლიერებით. მოსკოვის წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება 2006 წლის მარტში, როცა უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. - გაზის სკანდალის შემდეგ პრომოსკოვურად განწყობილი იანუკოვიჩის გამარჯვება უფრო და უფრო რეალურად გამოიყურება.
XS
SM
MD
LG