Accessibility links

logo-print

უზენაესი სასამართლოს დასჯილი მოსამართლეები ბრძოლას აგრძელებენ


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილებააყრილი 4 მოსამართლე კანონიერი გზით ბრძოლას აგრძელებს

და საქართველოს ხელისუფლების მისამართით სულ უფრო მწვავე განცხადებებს აკეთებს. ამერიკის იურისტთა ასოციაციაში სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ხელისუფლება მათ არალოიალობის გამო დევნის, ხოლო იუსტიციის საბჭო უპრინციპო და არაკომპეტენტური მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული. ამასთანავე, 27 დეკემბერს პარლამენტმა არ გაიზიარა ოპოზიციონერ დეპუტატთა წინადადება, მოესმინათ გათავისუფლებული მოსამართლეებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 25 დეკემბერს სხვადასხვა სიმკაცრის სასჯელი გამოუტანა, უზენაესი სასამართლოს სამივე მოსამართლე - ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა და დავით სულაქველიძე - ერთად განაგრძობენ ბრძოლას, როგორც თავად ამბობენ, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გადასარჩენად. მეტიც, მოსამართლე დავით სულაქველიძე, რომელსაც საბჭომ მხოლოდ შენიშვნა აკმარა, მსუბუქი სასჯელის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს:

[დავით სულაქველიძის ხმა] “თუ ეს ბრალდებები მოიხსნა ჩემ მიმართ, როგორც უსაფუძვლო, მაშინ იგივე ბრალდებები უნდა მოხსნილიყო ჩემი კოლეგების მიმართაც. ძალიან საინტერესოა სამართლებრივად, თუ რატომ არ მოხდა ასე?”

პრესკონფერენციაზე აქტიურობით ყველაზე მეტად კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა გამოირჩეოდა.ტურავა, რომელსაც 25 დეკემბერს ნერვიულობის გამო სტენოკარდიული შეტევა განუვითარდა, თავად გადავიდა შეტევაზე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთელი შემადგენლობა უპრინციპო და არაკომპეტენტურ ადამიანებად შერაცხა:
[მერაბ ტურავას ხმა] “ერთ-ერთ მათგანს ყალბი დიპლომიც კი აქვს და საზოგადოებაში თავს ასაღებს იურისტად. ეს გახლავთ პარლამენტარი ნინო კალანდაძე[იუსტიციიხ საბჭოს წევრი.] მე ამაზე დღემდე შეგნებულად არაფერს ვამბობდი.”

მოსამართლეები ასევე ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ მიმართ, დისციპლინური დევნის გარდა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და ყოველგვარი რეპრესიები ხორციელდება. თუმცა იუსტიციის საბჭოს წევრმა, პარლამენტარმა ნიკა გვარამიამ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ მოსამართლეების მიმართ დასკვნას მან მიუკერძოებლად დაუჭირა მხარი:

[ნიკა გვარამიას ხმა] “ვფიქრობ, რომ იყო სამართლიანი და შეფასდა სამართლიანად. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ სამართლებრივად რამდენად სწორად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ იყო პოლიტიკური დაკვეთა, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანები არ არიან მართლები.”

სხვაგვარად ფიქრობენ პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტში მოწვევას და სიტყვით გამოსვლას მხარს უჭერენ. თუმცა საკანომდებლო ორგანოს უმრავლესობამ ოპოზიციას 27 დეკემბერს კიდევ ერთხელ უთხრა უარი მოესმინა მოსამართლეებისათვის. პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი, “რესპუბლიკური” პარტიიდან, ამის მიზეზად შემდეგ გარემოებას ასახელებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “პარლამენტი ჯიუტად არღვევს კონსტიტუციას და ამბობს, არ გვინდა მოვუსმინოთო.”

უზენაესი სასამართლოს დასჯილი მოსამართლეები, ყველაფრის მიუხედავად, ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ და შეეცდებიან საკუთარი შელახული უფლებების დაცვას, კანონის ფარგლებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას “მეამბოხე” მოსამართლეები თავდაპირველად სადისციპლინო საბჭოში აპირებენ, შემდეგ კი სარჩელს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანენ.
XS
SM
MD
LG