Accessibility links

logo-print

”თბილგაზს”, პრეზიდენტ ნაზარბაევის დავალებით, ყაზახური კომპანია ყიდულობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის, ”თბილგაზის”, შეძენას აპირებს ყაზახური კომპანია ”კაზტრანსგაზი”,

რომელმაც ამ განზრახვის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმიც გააფორმა. ყაზახებთან მოლაპარაკება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი საბოლოო დასრულება თებერვალშია ნავარაუდევი. მინდა ”კაზტრანსგაზის” თბილისური გეგმებისა და მოტივაციის შესახებ გესაუბროთ.

ნურსულთან ნაზარბაევი თავის დანაპირებს ასრულებს და საქართველოს დედაქალაქის გაზმომარაგება-განაწილებას ყაზახურ კომპანიას ავალებს. ამ დღეებში გაირკვა, რომ თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია "თბილგაზში" ინვესტიციებს ყაზახური კომპანია ”კაზტრანსგაზი" ჩადებს.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრ ირაკლი ჩოგოვაძესა და "კაზტრანსგაზის" გენერალურ დირექტორ სერიკ სულტანგალიევს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

ყაზახურ კომპანიებთან მოლაპარაკება დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადამწყვეტი ამ პროცესში ყაზახეთის პრეზიდენტის პირდაპირი ჩარევა აღმოჩნდა. სერიკ სულთანგალიევი ნურსულთან ნაზარბაევის პირდაპირ დავალებას არ უარყოფს და აცხადებს, რომ ”თბილგაზით” დაინტერესება ყაზახეთის პრეზიდენტის უშუალო დირექტივაა:

[სერიკ სულთანგალიევის ხმა] ” ეს არის დავალება ჩვენი სახელმწიფო მეთაურის ნაზარბაევისა, რომლის სურვილია დაეხმაროს მოძმე ქართველ ხალხს. ჩვენ, სამწუხაროდ, დიდი დრო დავკარგეთ. ამ დავალების შესაბამისად კი, ჩვენ უახლოეს მომავალში კოლეგებთან ერთად შევეცდებით უკეთესობისაკენ შევცვალოთ სიტუაცია ამ სფეროში.”

ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე არ აკონკრეტებს მომავალი ინვესტიციების ოდენობას, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის ასობით მილიონი აშშ დოლარი იქნება.

საინტერესოა, რომ "თბილგაზი" დღეს გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და ეს პროცესი 15 თებერვალს იწურება. ამიტომ კომპანია ამ პერიოდში ინვესტიციებს განახორციელებს, 15 თებერვლიდან კი ყაზახური კომპანია "თბილგაზის" 100-პროცენტიანი მფლობელი გახდება. თავის დროზე, როცა ”თბილგაზში” გაკოტრების მენეჯერი დაინიშნა და გაზგამანაწილებელი კომპანიის გაკოტრების პროცედურა ამუშავდა, გამოითქვა ეჭვი, რომ მთავრობა კომპანიის გაყიდვისათვის ემზადება და, გაკოტრების პროცედურით, ”თბილგაზის” ძველი ვალდებულებების "შემსუბუქებას” და, შესაბამისად, მისი საინვესტიციო მომხიბვლელობის გაზრდას ცდილობს. ორი თვის თავზე ეს ეჭვი მართლდება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ყაზახეთთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შესახებ განცხადებას აკეთებს. პრემიერს განსაკუთრებით ის ახარებს, რომ რუსეთის მიერ მოწოდებული ბუნებრივი აირის გაძვირების გამო თბილისის მოსახლეობისათვის საგრძნობლად გაზრდილი ტარიფის კომპენსირება სახელმწიფო ბიუჯეტს აღარ მოუწევს, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი და ამ სხვაობას ზამთრის პერიოდში ”თბილგაზის” ახალი ინვესტორი დაფარავს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თავიდან აგვეცილებინა საბიუჯეტო სუბსიდიები, - ჩვენ ამას მივაღწიეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მიგვეღო ინვესტიციები, რომელიც განხორციელდება მას შემდეგ, რაც გაკოტრების პროცესი დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გარდამავალი - ზამთრის - პერიოდი გავიაროთ გაზის საცალო ფასის ზრდის გარეშე.”

რაც შეეხება დედაქალაქის გაზგამანაწილებელი სტრუქტურის გასაყიდ ფასს, იგი ჯერ უცნობია და ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ”კაზტრანსგაზთან” საბოლოო დოკუმენტის გაფორმებას 2006 წლის დასაწყისისათვის ვარაუდობს.

XS
SM
MD
LG