Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრით დაზარალებული თბილისელები შველას ითხოვენ


სამი წლის წინ - 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის დროს - დაზარალებულმა ადამიანებმა 27 დეკემბერს,

ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად, ჯერ მერიის, შემდეგ კი სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მიწისძვრით დაზარალებული თბილისელები ამბობენ, რომ ბრძოლას მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე მერიისა და ქვეყნის ხელმძღვანელობა მათი პრობლემებით არ დაინტერესდება. როგორ აპირებს ხელისუფლება სამი წლის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციას?

[აქციის მონაწილის ხმა] „მობრძანდით აქეთ, ბატონებო, ცოტა სწრაფად! მობრძანდით, ნუ გეშინიათ კადრში მოხვედრის...“

საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად მიწისძვრით დაზარალებული ადამიანები თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან შეიკრიბნენ. ქალბატონი ლეილა ნაძალადევში, დობროლუბოვის ქუჩაზე, ცხოვრობს. 2002 წელს მომხდარმა მიწისძვრამ არც მისი სახლი დაინდო.

[ქალბატონ ლეილას ხმა] „დღემდე დანგრეულია ჩემი სახლი... ბავშვები გავხიზნე, მეშინია შვილიშვილები ნანგრევებში არ მომიყვნენ.“

ქალბატონ ლეილას ბედი დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანმა გაიზიარა. მათი დიდი ნაწილი თბილისის ისტორიულ უბნებში, საუკუნის წინათ აშენებულ ორ და სამსართულიან შენობებში, ცხოვრობს.

[მამაკაცის ხმა] „იგივე პრობლემა ჩვენც გვაქვს, ბატონო, იმიტომ რომ სახლი გვენგრევა, სარდაფში წყალი დგას. 4-5 ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, დავიხოცებით. არავინ მოდის სანახავად. ერთი ინვესტორი მოვიდა, მეორეც მოვიდა, მაგრამ რა ხეირი: ისე წავიდნენ, არაფერი თქვეს. სად არის ინვესტორი?“

„სად არის ინვესტორი?“ - კითხულობენ მიწისძვრით დაზარალებული ადამიანები და დახმარებას მთავრობას სთხოვენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე კი ამბობს, რომ პრობლემა სწორედ რომ კერძო ინვესტიციების მოზიდვით უნდა გადაიჭრას. დეპუტატის თქმით, ხშირ შემთხვევაში, დაზარალებულები თავად აფრთხობენ პოტენციურ ინვესტორებს და მათ შეთავაზებაზე უსაფუძვლოდ ამბობენ უარს:

[მაია ნადირაძის ხმა] „ხელისუფლებას დღეს ნამდვილად არ აქვს საშუალება, რომ ამდენი ადამიანი უზრუნველყოს ბინით. ხშირ შემთხვევაშ, არათუ ბინები, მთელი უბნებია დასანგრევი და ხელახლა ასაშენებელი. ამიტომ კოლოსალური თანხებია საჭირო, რის საშუალებაც ბიუჯეტს არა აქვს, განსხვავებით კერძო ინვესტორისაგან, თუმცა მოსახლეობ, ხშირ შემთხვევაში, შეთავაზებაზე უარს ამბობს. ვფიქრობ, ეს საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთია. პირობების გაუმჯობესება უნდათ, მაგრამ ინვესტორს არაგონივრულ პირობებს უყენებენ.“


მიწისძვრის შედეგად დაზარალალებული ადამიანების პრობლემის გადაჭრაზე ზრუნავს საპარლამენტო ოპოზიციაც. დეპუტატ კახა კუკავას თქმით, „დემოკრატიული ფრონტის“ წევრები მუშაობენ ახალ საბინაო პროგრამაზე, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად თებერვლის სესიაზე წარუდგენენ:

[კახა კუკავას ხმა] „სახელმწიფო ქონება უნდა გამოიყოს, სახელმწიფომ უნდა ჩადოს უსასყიდლოდ ინვესტიცია ამ ახალ საბინაო პროექტში და ბევრი კომპანია, თუკი შეუქმნიან სათანადო პირობებს, თანახმა იქნება მონაწილეობა მიიღოს ამ საინვესტიციო პროექტებში და რაღაც რაოდენობის ფართობი, მაგალითად 50-60 პროცენტი, გამოიყოს დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფისათვის.“

დეპუტატის თქმით, მსგავსი პროგრამის მეშვეობით საბინაო პრობლემა არაერთმა ქვეყანამ გადაჭრა. წესით, არც საქართველო უნდა იყოს გამონაკლისი, მით უმეტეს, რომ საქართველოს დედაქალაქში მშენებლობის ნამდვილი ბუმია, ხოლო უძრავი ქონების ფასი განუხრელად იზრდება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG