Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰყავს თუ არა საქართველოს პარლამენტს საკუთარი ქურდები


გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის”

კანონპროექტი და ქვეყნის კანონმდებლობას შეჰმატა ისეთი დეფინიციები, როგორიცაა
,,კანონიერი ქურდი” და ,,ქურდული გარჩევა.”
ახალი კანონის ამოქმედებიდან ზუსტად ერთ კვირაში პარლამენტის წევრებმა ქურდების ან მათი იდეოლოგიის პატივისმცემელთა ძებნა ერთმანეთში დაიწყეს. გაირკვა, რომ უმრავლესობას ეჭვი ერთ კონკრეტულ ოპოზიციურ ფრაქციაზე ჰქონია, თავად ამ ფრაქციას კი - უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერზე. მინდა მოგითხროთ იმის თაობაზე, თუ რის აღიარებას მოითხოვდნენ ერთმანეთისგან პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე შეკრებილი დეპუტატები:


[გიგა ბოკერიას ხმა] ,,ვიცი, არაქურდულია ხომ შეგინება?! მესმის, მესმის, რაზეც არის საუბარი, გასაგებია ყველაფერი.” (სტილი დაცულია)
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,ძალიან შორს ვარ ყველანაირი ქურდული სამყაროსგან, ამიტომ დეფინიცია, თუ როგორ ხდება ქურდულობის სტატუსის მინიჭება, ნამდვილად არ ვიცი და აგერ, მკარნახობენ, რომ ვისაც რიგში დგომა არ უნდა, ეს რაღაც უფრო უახლოვდება ქურდულ მენტალიტეტსო, მაგრამ მე ეს არ ვიცი ნამდვილად.” (სტილი დაცულია)


ნინო ბურჯანაძისთვის უცნობი კრიმინალური სამყაროს მიერ განსაზღვრულ ცნებას - ,,კანონიერი ქურდი” - ლეგალური დეფინიცია პარლამენტმა ერთი კვირის წინ მიანიჭა და კანონმდებლობით ისიც განსაზღვრა, თუ რა მეთოდებით ებრძვის სახელმწიფო ამ კატეგორიის ადამიანებს. “კანონიერი ქურდების” თემას დეპუტატთა ნაწილი სამშაბათს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც მემარჯვენე ოპოზიციის წევრმა კოკა გუნცაძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია პატიმართა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა:


[კოკა გუნცაძის ხმა] ,,სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე თავისი ცინიზმით, თავისი დამოკიდებულებით, თავისი აგრესიით გაცილებით უფრო წააგავს საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველს, ვიდრე სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თანამედროვე ხელმძღვანელს.” (სტილი დაცულია)

კოკა გუნცაძე და მისი თანაფრაქციელები რომ, შესაძლოა, ქურდული სამყაროს მხარდამჭერები იყვნენ, ეს ეჭვი უმრავლესობიდან სამშაბათს პირველს ბიძინა ბრეგაძეს გაუჩნდა:

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] ,,როდესაც მოხდა ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. წრიპას, დაკავება აბანოებში, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიცია ამას სათავისოდ მაქსიმალურად გამოიყენებდა. მათ არც ერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ. ეს იყო გამოწვეული ან იმით, რომ მათ ეშინიათ ქურდული სამყაროსი, ან მეორე, უფრო უარესი, პატივს სცემენ ამ სამყაროს.” (სტილი დაცულია)

ის, რასაც, ბრეგაძის თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიცია სათავისოდ გამოიყენებდა, ნორმალურ ქვეყნებში, როგორც წესი, არ ხდება. დეპუტატი, ალბათ, უფრო ნორმალურ ოპოზიციას გულისხმობდა და ეს ერთგვარი შეცდომა გიგა ბოკერიამ გამოასწორა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ლეგიტიმური, ნორმალური კრიტიკა ნორმალური ოპოზიციისგან იქნებოდა ის, რატომ ვერ მოვახერხეთ ჩვენ აქამდე “კანონიერი ქურდებისაგან” ციხის გათავისუფლება. მაგრამ თქვენ ეს არ გაწუხებდათ არასოდეს. იმიტომ რომ, როგორც გაირკვა, - და თქვენ თვითონ ამას ადასტურებთ,- თქვენ ამ ხალხთან სულიერი და ღირებულებითი ერთობა გაქვთ. თუ არა გაქვთ, გამოდით და თქვით, რას ფიქრობთ “კანონიერ ქურდებზე”, თითოეულზე, თუ შეიძლება.” (სტილი დაცულია)

გიგა ბოკერიამ მემარჯვენე ოპოზიციის დეპუტატებს მოუწოდა, ყოველი გამოსვლის წინ თქვან, პატივს სცემენ თუ არა “კანონიერ ქურდებს” და არიან თუ არა, როგორც თავად განმარტა, ,,ამ გაგების”.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ,,იმისათვის, რომ მე ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია ქურდულ მენტალიტეტთან დაკავშირებით, მინდა გკითხოთ: ამ პარლამენტში გიგა ბოკერია ქურდია?” (სტილი დაცულია)

თავის მხრივ, ფიქრია ჩიხრაძესა და მის თანაფრაქციელ მემარჯვენეებს ეჭვი ეპარებათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პატიმართა უფლებების და ქურდული მენტალიტეტის დაცვას ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ამავე უმრავლესობას მოუწოდებენ, რომ ქურდულ მენტალიტეტს პოლიტიკაში ებრძოლონ. პოლიტიკურად რომ ვერ გადარჩება ვერავინ, ვინც ციხესა და მის მიღმა, ანუ საერთოდ ქვეყანაში, ,,ქურდული გაგების” ბორკილების შენარჩუნებას ცდილობს, ამას ხელისუფლების სახელით ყველას გიგა ბოკერია დაჰპირდა. საბოლოოდ კი, დისკუსია, რომლის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ე.წ. ქურდული ჟარგონი და ტონი საკმაოდ კარგად თავად პარლამენტშიც აითვისეს, მისსავე კედლებში კონკრეტული ქურდის გამოვლენის გარეშე დასრულდა.

  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG