Accessibility links

logo-print

ახალი ევროპა


"ახალი ევროპის" დღევანდელი გამოშვება ეკონომიკურ ასპექტებს ეხება

– კერძოდ, დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე მოგითხრობთ. 21 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთაც ევროკავშირის ბაზარზე მნიშვნელოვანი შეღავათებით შეუძლიათ გარკვეული პროდუქციის შეტანა. ამ პროგრამას ოფიციალურ ენაზე "ევროკავშირის პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის ახალი სქემა" ეწოდება. რას ნიშნავს ეს სქემა და რისი მოტანა შეუძლია მას საქართველოს ეკონომიკისთვის?

ევროპის ბაზარზე გარკვეული პროდუქციის გადასახადების გარეშე შეტანის უფლება – იგივე პრეფერენცია– ევროპის კავშირმა 21 დეკემბერს 15 ქვეყანას მიანიჭა.
მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ეს ქვეყნები შეირჩა, არასტაბილური და განვითარების ფაზაში მყოფი ეკონომიკის გარდა, ეფექტიანი მმართველობა და ადამიანის უფლებების თუ გარემოს დაცვის სფეროებში შემუშავებული საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება იყო. საქართველოსთან ერთად ამ ქვეყნებში მოხვდნენ: ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ვენესუელა, კოსტა-რიკა, სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, ნიკარაგუა, პანამა, მოლდავეთი, მონღოლეთი და შრი-ლანკა.

ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის შეტანისას საქართველო უკვე რამდენიმე წელია, რაც გარკვეული შეღავათებით სარგებლობს. თუმცა ის კონკრეტული სქემა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით 21 დეკემბერს შემუშავდა, ყველა აქამდე არსებულ პროგრამაზე უფრო მეტ შეღავათს ითვალისწინებს. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა ეს განსხვავება ასე აგვიხსნა:

[ბერუჩაშვილის ხმა] "საქართველოს ადრე ჰქონდა GშP-ის რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებდა 3500 დასახელების პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისას ნულოვან ტარიფს და 3700 დასახელების პროდუქტზე 3.5 პროცენტით ნაკლებ საბაჟო გადასახადს. დღეს, ამასთან შედარებით, უფრო დიდი მხარდაჭერა გვაქვს. GშP+ მოიცავს დაახლოებით 7200 დასახელების პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე დაიშვება უკვე საბაჟო გადასახადების გარეშე.”

შეღავათების ახალი სქემა, ანუ GშP+, 2006-დან 2008 წლამდე იმოქმედებს და, როგორც უკვე აღინიშნა, ევროკავშირის ბაზარზე 7200 დასახელების პროდუქციის საბაჟო გადასახადის გარეშე შეტანას ითვალისწინებს. პროდუქციის ნუსხა ევროკავშირის მიერ არის შემუშავებული. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოს ამ ეტაპზე საკმაოდ შეზღუდული საექსპორტო პოტენციალი აქვს, თუმცა ასეთი შეღავათების არსებობამ, შესაძლოა, ქვეყანას ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოებისკენ უბიძგოს:

[ბერუჩაშვილის ხმა] "ევროკავშირი თვითონ აყალიბებს ნუსხას, რომელ პროდუქციაზე გააუმჯობესებს ბაზარზე დაშვებას. ეს არის, უბრალოდ, შესაძლებლობა და ეს დამოკიდებულია ექსპორტიორებზე, როგორ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. ჩვენი ტრადიციული ექსპორტი არის: ღვინო, თხილი, ფეროშენადნობები, წვენები, ბოსტნეულის კონსერვები, ახალი ბოსტნეული, მინერალური წყლები, სასუქები., სპილენძის კონცენტრატები და ასე შემდეგ. ჩვენი საექსპორტო პროდუქციის ნუსხა საკმაოდ შეზღუდულია. ამიტომ, ერთი ის, რომ რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმისთვის უფრო შეღავათიანი რეჟიმი იქნება, ხოლო რაც ჯერ არ იწარმოება საექსპორტოდ, იმის გამო, რომ შეღავათიანი რეჟიმი ჩნდება, შეიძლება იმის წარმოებაც დაიწყოს.”

7200 დასახელების პროდუქცია, რომელიც ევროკავშირის ნუსხაში შევიდა, არა ერთი და იმავე პროდუქტის განსხვავებულ სახეობას, არამედ საკუთრივ პროდუქტს მოიცავს. მაგალითად, უხეშად რომ ვთქვათ, ღვინოები "ხვანჭკარა" და "წინანდალი" ერთი კატეგორიის ქვეშ არიან გაერთიანებული:

[ბერუჩაშვილის ხმა] "ეს არის ერთი – "ღვინო", მაგრამ ან შემაგრებული ღვინო, ან ტკბილი, ან მშრალი, ასეთი ტიპის პროდუქციაა. ამ 2700 ტიპის დასახელების პროდუქციაში ღვინოებიდან გვხვდება მხოლოდ ვერმუტის ტიპის, შემაგრებული, ღვინოები, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი ღვინის მრეწველობის კულტურაში თითქმის არ გვხვდება."

თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული შეღავათები საქართველოს ეკონომიკისთვის, უპირველესად, შესაძლებლობას წარმოადგენს, რომლის ეფექტიანობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს მის გამოყენებას საქართველოს მხარე:

[ბერუჩაშვილის ხმა] “ეს არის შესაძლებლობა საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებისა ახალ ბაზრებზე. ეს არ ხდება ავტომატურად. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ბიზნესმა უნდა გამოიყენოს, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი – და სერიოზული საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ქართველმა მეწარმეებმა.”

თამარ ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ შეღავათების განახლებას 2008 წელს, მოცემული სქემის ამოწურვის შემდეგაც, შეეცდება:

[ბერუჩაშვილის ხმა]: "ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა, რომელთაც ეს მიენიჭათ მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობისთვის, ეს მიმართულება შეინარჩუნონ და კვლავ გახდნენ ამ რეჟიმის მომხმარებლები."
XS
SM
MD
LG