Accessibility links

logo-print

სახელმწიფო მინისტრის ტელეხიდი მოსკოვიდან


ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის მოსკოვის შეხვედრის დასრულებისთანავე,

საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტიში” გაიმართა ტელეხიდი თბილისსა და მოსკოვს შორის, რომლის დროსაც ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ კომისიის მონაწილეებისათვის.

სანამ მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც საქართველოს მხარეს სთხოვს აღიაროს ოსთა გენოციდი 1991-92 წლების კონფლიქტის დროს. შესაბამისად, მოსკოვში “რია ნოვოსტის” ოფისში მისულ საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას ქართველმა ჟურნალისტებმა, პირველ ყოვლისა, ამ გადაწყვეტილების კომენტირება სთხოვეს. ხაინდრავამ ასეთ განცხადებას “სისულელე” უწოდა.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] "მინდა გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება. იმისთვის, რომ იყოს რაიმე სახის პრეტენზია წაყენებული, უნდა იყოს რეალური გამოძიება ჩატარებული. ჩვენ მზად ვართ, და არაერთხელ განვაცხადეთ ამის შესახებ, რომ ასეთი გამოძიება ჩატარდეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება ზუსტად დადგენილი ყველა ფაქტი და ჩამოყალიბებული პოზიცია, შეიძლება ლაპარაკი რაიმე სახის, ასე ვთქვათ, ნაბიჯებზე. რაც შეეხება განცხადებებს, ასეთი განცხადებები ძალიან ბევრი გვსმენია და დღესაც გავიგეთ იმის შესახებ, რომ თურმე საახალწლოდ ჩვენ ტერაქტებს ვაპირებთ... ასე რომ, მაგას ყურადღებას ნუ მივაქცევთ."

აღსანიშნავია, რომ ქართველი და რუსი ჟურნალისტების ტელეხიდში არ მონაწილეობდნენ შერეული საკონტროლო კომისიის წარმომადგენლები, რის გამოც გიორგი ხაინდრავას სამივე მხარის ნაცვლად მოუხდა კომისიის მიერ განვლილი წლის შედეგების შეჯამება. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მთავარ მიღწევად კონფლიქტის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონფლიქტის მოწესრიგების ხედვა და ამ მიმართულებით მხარეების პოზიციათა დაახლოების პირველი სასიკეთო სიმპტომები დაასახელა.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] "ბუნებრივია, რომ არის ორი პოზიცია, რომელშიც ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს. ეს არის დემილიტარიზაცია და ეკონომიკური რეაბილიტაცია. და მესამე პოზიციას - პოლიტიკურ შეთანხმებას - სხვადასხვაგვარად ვხედავთ. ამ პრობლემების დასაძლევად, მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მსგავს ჯგუფს შერეული საკონტროლო კომისიის შიგნით შევქმნით, იმ ფორმატში, რა ფორმატშიც იმუშავებს შერეული საკონტროლო კომისია. მე ვფიქრობ, რომ მაინც მოხდება მისი რეფორმირება და იქ მოხდება ამ საკითხების განხილვა და შეჯერება."

თუმცა გიორგი ხაინდრავამ გაიმეორა, რომ საქართველო კვლავ კატეგორიულად მოითხოვს დე ფაქტო ხელისუფლებისაგან კონფლიქტის ზონის დემილიტარიზებას, ხოლო რუსეთის სამშვიდობო ძალებისგან - შეიარაღებისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების აღმოჩენასა და განეიტრალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 თებერვალს ამოქმედებას დაიწყებს პარლამენტის დადგენილება სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] "თუ ეს შესრულებული არ იქნება, ჩვენ მოვახსენებთ ვითარებას პარლამენტს და მერე საქართველოს პარლამენტი გადაწყვიტავს, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული შემდეგში."

სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ ვერ დაასახელა ვადა, თუ, სავარაუდოდ, როდის შედგება ედუარდ კოკოითისა და ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრა, რასაც ქართული მხარე დიდი ხანია ითხოვს. ჯერჯერობით ასევე არ ჩანს ნათელი პასუხი შეკითხვაზე, გაფართოვდება თუ არა კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატი დასავლეთის სახელმწიფოებისა და აშშ-ის ხარჯზე.
XS
SM
MD
LG