Accessibility links

ვინ და როგორც მართავს საქართველოს


ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მოხერხდა ქვეყნის მართვის მანკიერი, კლანური მექანიზმის მოშლა.


პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, შევარდნაძის ეპოქისაგან განსხვავებით, საქართველოს მართავენ არა ნათესაობით გამორჩეული, არამედ პროფესიული ნიშნით შერჩეული მოხელეები, რომელთა შრომას ბიუჯეტი სათანადოდ ანაზღაურებს. თუმცა პოლიტიკურ ოპოზიციას ხელისუფლების მიღწევებში ეჭვი შეაქვს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ ახალი ხელისუფლებაც მართვის კლანური სისტემის დამკვიდრებას ცდილობს. რა ხდება სინამდვილეში? ვინ და როგორ მართავს ქვეყანას?

პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება, კორუმპირებული ბიუროკრატიის დამარცხების შემდეგ, ომს კრიმინალურ სამყაროს უცხადებს, თუმცა ამ ბრძოლაში მას პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არა აქვს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოში ქურდების ინსტიტუციები აღარ იარსებებს. გუშინ გამოვიდა ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი და თქვა, სტალინმა ვერ მოახერხა ეს და სააკაშვილი როგორ მოახერხებსო? ძალიან კარგადაც მოვახერხებ.“

ოპოზიციის ერთი ნაწილი ქურდების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას ფარსს უწოდებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება გავლენის სფეროს გაფართოებისთვის იბრძვის და ამ მიზნით ახალ-ახალ კლანებს ქმნის:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ჩვენი დუხჭირი ცხოვრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი გახლავთ სახელისუფლებო, საოჯახო, მაფიოზური კლანები, რომლებიც უხვად მომრავლდნენ ჩვენს ხელისუფლებაში და რომელთა 70 პროცენტი ერთმანეთის ნათესავია. ამ საოჯახო-მაფიოზური კლანის სათავეშია საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. მას გვერდს უმშვენებს ორი ძმა, ერთი - მილიონერი „კანარგოსა“ და ნავთობის მაფიის ლიდერი, მეორე - სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ხელმძღვანელი, ასევე მილიონერი.“

შალვა ნათელაშვილმა, „საოჯახო-სახელისუფლებო-მაფიოზური კლანების“ ნიმუშების დასახელებისას, ასევე ახსენა: ბურჯანაძე-ბიწაძისა და ნადირაძე-ჩიკვილაძის წყვილები, მამა-შვილი გოკა და კოტე გაბაშვილები, ძმები კუბლაშვილები, ბეჟუაშვილები, კემულარიები, მაჭავარიანები და სხვანი და სხვანი. შალვა ნათელაშვილმა ასევე იცის, თუ როგორ ებრძოლოს დედმამიშვილებისა და ნათესავების სახელმწიფო სამსახურში დაწინაურების მანკიერ სისტემას:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ლეიბორისტული პარტია ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც უმაღლეს ხელისუფლებაში ყოფნა ერთდროულად აეკრძალებათ ოჯახის წევრებს, უახლოეს ნათესავებს და მათი მაფიის სხვა სეგმენტებს.“

ლეიბორისტული პარტიის ბრალდებებს, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები უპუსუხოდ ტოვებენ, ხოლო რიგითი თბილისელები კითხვას, თუ ვინ მართავს საქართველოს, ასე უპასუხებენ:

[მამაკაცის ხმა] „ძველის ახლით ჩანაცვლება მოხდა, სამწუხაროდ. საერთოდ, ეს კლანურ-კასტური დაჯგუფებები ღუპავენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის დიდი უბედურება.“

[მამაკაცის ხმა] „ხელისუფლება მართავს ქვეყანას და არა კლანები!“

[მამაკაცის ხმა] „მე მგონია, რომ მთავრობა ცდილობს ქვეყნის მართვას, მაგრამ კრიმინალური კლანები ჯერ კიდევ შემორჩენილია. თუკი მათთან ბრძოლას გაუძლებს, კარგი საქმეა, თუ არადა, არ ვიცი, როგორ იქნება.“
XS
SM
MD
LG