Accessibility links

როგორი ამინდი იქნება ხვალ?..


როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში, როგორია ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზი? უნდა ველოდეთ თუ არა თოვლის მოსვლას ახალი წლის ღამეს

და ხომ არ შეუშლის უამინდობა დედაქალაქის ქუჩებში დაგეგმილი საახალწლო ღინისძიებების ჩატარებას?

რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველოს ყურადღება თავისუფლების მოედნისკენ იყო მიპყრობილი. 28 იანვარს პრეზიდენტის ვერტმფრენმა სვანეთის მთებიდან ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - თოვლის ბაბუა - ჩამოაბრძანა. გრძნეულმა მოხუცმა პატარებს უხვად დაურიგა საჩუქრები, თუმცა უშგულელმა თოვლის ბაბუამ თბილისელ ბავშვებს ვერ ჩამოუტანა თოვლი - ყველაზე მნიშვნელოვანი საახალწლო საჩუქარი. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის სამსახურის უფროსის გაიოზ ოქროჯანაშვილის ცნობით, უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ უნალექო ამინდი იქნება:

[გაიოზ ოქროჯანაშვილის ხმა] „საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი მოქცეულია მაღალი წნევის არეში, ამიტომაც შენარჩუნებული იქნება უნალექო, კარგი ამინდი. 1 იანვარს, შესაძლოა, მაღალმთიან რაიონებში მოვიდეს მცირე თოვლი. ღამით იქნება ყინვა, მაგრამ დღისით 4-5 გრადუსამდე დათბება.

თუმცა, როგორი ამინდიც უნდა იყოს, 31 დეკემბრის ღამეს საზეიმო ღონისძიებები მაინც ჩატარდება. ამის პირობას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ფატი გვიმრაძე იძლევა. მისი თქმით, ამინდი თბილისელთა საახალწლო განწყობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

[ფატი გვიმრაძის ხმა] „რაც უნდა ცუდი ამინდი იყოს, ყველა შემთხვევაში ჩავატარებთ. ამინდის პრობლემა არ არის. ახალმა წელმა ამინდი არ იცის - თოვს, წვიმაა თუ ქარი, ყველა შემთხვევაში ვზეიმობთ.“

თბილისისაგან განსხვავებით, ამინდი შეიცვლება დასავლეთ საქართველოში, სადაც პირველ იანვარს ბარში წვიმას, ხოლო მთაში თოვლს ელიან. თუმცა, როგორც გაიოზ ოქროჯანაშვილი ამბობს, 2 იანვრიდან კვლავ გამოიდარებს:

[გაიოზ ოქროჯანაშვილის ხმა] „დიდ გავლენას ვერ მოახდენს ეს სიცივე, მალე გადაივლის და 2, 3 და 4 რიცხვში მთელ საქართველოში იქნება კარგი ამინდი.“

ამინდი სასიკეთოდ იცვლება მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სადაც უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი იყო საავტომობილო მაგისტრალი. ყაზბეგის რაიონის გამგებლის გიორგი ქირიკაშვილის თქმით, ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია:

[გიორგი ქირიკაშვილის ხმა] „გზები გაიხსნა. გუშინ აქ ბევრი მანქანა იდგა, ერთი ოთხასი ცალი. ადამიანები მანქანებში, ოჯახებში, სასტუმროებში ათენებდნენ.. ასეთი მდგომარეობა იყო. გაიხსნა გზა და წავიდნენ გუშინვე.“

მიმოსვლა განახლდა, მაგრამ ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე 11-17 საათის ინტერვალში მაღალია ზვავის ჩამოწოლის ალბათობა. თუმცა მეტეოროლოგები ამინდის გაუარესებას არ ელოდებიან. მათი მტკიცებით, ახალი წლის პირველი კვირა მშრალი იქნება და, შესაბამისად, თოვლის საფარის სისქეც არ მოიმატებს.
XS
SM
MD
LG