Accessibility links

მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე წარმოქმნილი გაუგებრობა და მასზე საქართველოს რეაქცია


2005 წლის ბოლოს მოსკოვში შედგა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომა,

რომელზეც რუსეთის მხარე საქართველოს დელეგაციასთან სერიოზულ კონფრონტაციაზე წავიდა. რუსეთის სახელით, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი გამოვიდა წინადადებით, შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მხარეთა შორის თანამშრომლობის ახალ გეგმას დაამუშავებდა. წინადადება საქართველოს დელეგაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გასაგები მიზეზითაც. ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ მოიწვია, ასეთი განცხადება გაკეთდა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ”ჩვენ მივმართეთ რუსეთის ხელისუფლებას განგვიმარტოს, რას ნიშნავს წინადადება - აუცილებელია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ჩამოაყალიბებს ახალ ვირტუალურ გეგმას და მერე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება მისი განხორციელება. გეგმა არსებობს, ძალიან კონკრეტული, ის მხარდაჭერილია ეუთოს მინისტერიალის მიერ და, რაც მთავარია, თავად ედუარდ კოკოითის მიერ. ”

გიორგი ხაინდრავას ეჭვი არ ეპარება, რომ ახალი გეგმის შექმნის ინიციატივით რუსეთის გამოსვლა მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისათვის მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის დაწყების გაჭიანურებას. ინიციატივა საქართველოს დელეგაციის მიერ უარყოფილ იქნა. ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელის განმარტებას ლოშჩინინის წინადადების თაობაზე. ამასობაში კი რუსეთის საგარეო უწყება მოსკოვში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ვკითხულობთ: ”სამწუხაროდ, საქართველოს მხარემ გადაუხვია ხაზს, რომელიც ამ ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი პირების გამოსვლებში იკვეთებოდა. საქართველოს დელეგაცია შეეწინააღმდეგა იმ ურთიერთთანამშრომლობის პროგრამის შექმნას, რომელზეც, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, მხარეთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იმუშავებდა. ის ითხოვს მუშაობა წარიმართოს თითქოსდა უკვე არსებული და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერილი გეგმის რეალიზაციაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი გეგმა ჯერ არ არსებობს.”

გიორგი ხაინდრავას ნათქვამი აოცებს და საამისო მიზეზი ნამდვილად აქვს: ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების სამეტაპიან გეგმას ( სააკაშვილის გეგმას) მოსკოვის ადრინდელ შეხვედრაზე მხარდაჭერა რუსეთის დელეგაციამაც გამოუცხადა, რომ აღარაფერი ვთქვათ ლუბლიანას შეხვედრაზე, სადაც ხსენებულ გეგმას მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაუჭირა. დღეს ცხადდება, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების გეგმა არ არსებობს . მოსკოვის 27-28 დეკემბრის შეხვედრებზე რუსეთის მხარემ საქართველოს მთავრობის გეგმისადმი დამოკიდებულება შეცვალა, რამაც საქართველოს მხარე კიდევ ერთხელ დაარწმუნა შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის რეფორმირების აუცილებლობაში. სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ უკანდახევა არ მოხდება. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას როგორც ცხინვალთან, ისე საერთაშორისო ასპარეზზე უმთავრესი ამოცანის - კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის - მისაღწევად. ”საქართველო არ გეგმავს საახალწლოდ ტერაქტებს ცხინვალის რეგიონში, როგორც ამას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, და მზად არის ითანამშრომლოს ოსურ მხარესთან იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც იკვეთება საქართველოს მთავრობის გეგმაში და ედუარდ კოკოითის ცნობილ ინიციატივაშიც,” - ასეთი განცხადება გააკეთა 30 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა. მან წინასწარ მიულოცა ახალი წელი აფხაზებს და ოსებს და გამოთქვა იმედი, რომ 2006 წელი ქართველების, ოსებისა და აფხაზებისთვის იქნება წარმატების წელი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების გზაზე.
XS
SM
MD
LG