Accessibility links

logo-print

2005 წელი ხმებში


რით იყო მნიშვნელოვანი 2005 წელი? რით დაგვამახსოვრდება იგი? ამ წლის მანძილზე მომხდარი რა მოვლენები გაახსენდებათ მომავალ თაობებს?

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება საქართველოს მოქალაქეთა მეხსიერებაში უდავოდ დარჩება ასეთ სამწუხარო მოვლენათად. მსოფლიოში მომხდარი ამბებიდან კი გაგვახსენდება როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო. მათგან უმნიშვნელოვანესთა შერჩევისას რთული ამოცანის წინაშე აღმოვჩნდი. მაშ ასე, "2005 წელი ხმებში".

ხმების სიმრავლის გათვალისწინებით საკუთარ ხმას მხოლოდ მინიმალურად გამოვიყენებ. მივყვეთ ქრონოლოგიურად და დავიწყოთ გაეროს საგანგებო მდგომარეობათა უწყების კოორდინატორის იან ეგელანდის 2 იანვრის განცხადებით, რომელიც 2004 წლის 26 დეკემბერს მომხდარი მიწისწვრისა და ამით გამოწვეული ცუნამის მსხვერპლთა დახმარებას ეხება:

[იან ეგელანდის ხმა] "საკვები უნდა მივაწოდოთ დაზარალებული ქვეყნების მილიონ რვაასიათასამდე მოსახლეს. გუშინდლიდან მოყოლებული ეს ციფრი რამდენიმე ასეული ათასით გაიზარდა და მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს."

20 იანვარი. ამერიკის ლიდერი ჯორჯ ბუში მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე აცხადებს:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების გადარჩენა-არგადარჩენა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული თავისუფლების გავრცელებაზე მთელს მსოფლიოში."

23 იანვარი. უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "მე, ვიქტორ იუშჩენკო, ხალხის ნებით არჩეული უკრაინის პრეზიდენტი, ვიწყებ რა ამ მაღალ თანამდებობაზე სამსახურს, საზეიმოდ ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო უკრაინას. ვაცხადებ, რომ ყოველ ღონეს ვიხმარ, დავიცვა უკრაინის სუვერენობა და დამოუკიდებლობა, ვიზრუნებ უკრაინელი ხალხის სამშობლოს კეთილდღეობაზე, დავიცავ მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინის კანონების შესაბამისად, შევასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს ყველა თანამემამულის საკეთილდღეოდ, ვეცდები, ავამაღლო უკრაინის როლი მსოფლიოში."

და კიდევ ერთი პრეზიდენტი - ამჯერად ერაყის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი ღაზი იავერი, რომელმაც 30 იანვარს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო "თავისუფლებას":

[ღაზი იავერის ხმა] "ამაყი და ბედნიერი ვარ. ამ დალოცვილ დილას დიდი სიხარული მეწვია! ვულოცავ ყველა ერაყელს! ყველას მივმართავ მოწოდებით: ხმა მიეცით ერაყს!"

10 თებერვალი. ჩრდილოეთი კორეა პირველად აღიარებს, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს. ამას სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი გვამცნობს:

[კსდრ-ის ტელევიზიის დიქტორის ხმა] "ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები საიმისოდ, რათა გავიდეთ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან და თავდაცვის მიზნით ვაწარმოეთ ბირთვული იარაღი - რათა დავუპირისპირდეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის იზოლაციისა და დახრჩობისკენ მიმართულ პოლიტიკას, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია მიმართავს."

8 მარტი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის მკვლელობის შესახებ:

[ნიკოლაი პატრუშევის ხმა] " უშიშროების ფედერალური სამსახურის საგანგებო დანიშნულების ცენტრმა დღეს ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგად განადგურებულ იქნა საერთაშორისო ტერორისტი, ბანდფორმირებების ლიდერი მასხადოვი, დაკავებულ იქნენ მისი უახლოესი თანამზრახველები."

21 მარტი. ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი ტოპჩუბეკ ტურგუნალიევი ამ ქვეყანაში მომხდარი გადატრიალების შემდეგ:

[ტოპჩუბეკ ტურგუნალიევის ხმა] "ბატონი აყაევი კარგა ხანია, გაქცეულია. ეშმაკმა იცის, სად არის... ახლა ის პრაქტიკულად პოლიტიკური გვამია."

7 აპრილი. ჯალალ თალაბანი, ერაყის ახალ პრეზიდენტად აკურთხეს.

[ჯალალ თალაბანის ხმა] "ღვთის წინაშე ვფიცავ, შევასრულებ კანონით მონიჭებულ ვალდებულებებს, დავიცავ ერაყელ ხალხს, მის ცას, მის წყალს, მის სიმდიდრეს, მის დემოკრატიულ ფედერალურ სისტემას, ყველაფერს ვიღონებ სამოქალაქო და პირადი უფლებების დასაცავად, სამართლებრივი სისტემის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ვიზრუნებ იმაზე, რომ კანონები პატიოსნად და მიუკერძოებლად განხორციელდეს. ღმერთი იყოს ჩემი მოწამე."

19 აპრილი. კარდინალი იოზეფ რაცინგერი რომის პაპად აირჩიეს. ამიერიდან იგი ბენედიქტე მეთექვსმეტედ იწოდება.

[ბენედიქტე მეთექვსმეტის ხმა]"ძვირფასო ძმებო და დებო, დიდი პაპის, იოანე პავლე მეორის მემკვიდრედ კარდინალებმა მე ამირჩიეს - უფლის ვენახის ერთი უბრალო და მორჩილი მუშაკი."

9 მაისი. მოსკოვი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წითელ მოედანზე, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მესამოცე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "გამარჯვების დღესასწაული ყველაზე ძვირფასი, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე სახალხო დღესასწაულია ჩვენს ქვეყანაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისთვის ის სამუდამოდ დარჩება დიდი სახალხო გმირობის დღედ, ხოლო ევროპისა და მთელი პლანეტის სახელმწიფოებისთვის - მსოფლიოს გადარჩენის დღედ."

13 მაისი, უზბეკეთის ქალაქი ანდიჟანი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს. რადიო "თავისუფლებას" ტელეფონით ესაუბრება ჟურნალისტი გალიმა ბუხარბაევა.

[გალიმა ბუხარბაევას ხმა] “საღამოს ექვსის ნახევარი იქნებოდა, როცა ხალხმა შეამჩნია, რომ ჯავშანტრანსპორტიორები გვიახლოვდებოდა. ყველამ ყვირილი ატეხა, აქეთ-იქით გაიქცა. ჩვენც გავიქეცით. ჯერ ერთი-ორი ჯავშანტრანსპორტიორი იქნებოდა. კარგად ვერ ვხედავდი - ბრბოსთან ერთად მივრბოდი, მაგრამ სულ ხუთიოდე წუთში სხვა ჯავშანტრანსპორტიორებიც გამოჩნდა და დაიწყეს, უბრალოდ, ყველასთვის ზურგში სროლა! ყურებში ტყვიები გვიწუოდა - საშინელება იყო...”

29 მაისი. საფრანგეთი უარს ამბობს ევროკავშირის კონსტიტუციის მიღებაზე. პრეზიდენტი ჟაკ შირაკი.

[ჟაკ შირაკის ხმა] "საფრანგეთმა დემოკრატიულად გამოთქვა თავისი აზრი. თქვენმა უმრავლესობამ უარი განაცხადა ევროპის კონსტიტუციის მიღებაზე. ეს თქვენი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა და მე მას ცნობად ვიღებ."

25 ივნისი. მაჰმუდ აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს.

[მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხმა] "ჩემთვის დიდი პატივია ხალხის ასეთი ნდობა და კეთილგანწყობა. მაგრამ კიდევ უფრო დიდი პატივია, რომ საშუალება მეძლევა, ვემსახურო ხალხს - იქნება ეს მუნიციპალიტეტში, პრეზიდენტის თანამდებობაზე თუ ქუჩის დაგვით. ეს სულ ერთია."

6 ივლისი. სინგაპური. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლად ლონდონი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ გამოაცხადა:

[მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხმა] " საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აქვს პატივი გამოაცხადოს, რომ 2012 წლის ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები გაიმართება ქალაქ ლონდონში!"

მაგრამ ლონდონელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 7 ივლისს თვითმკვლელმა მოიერიშეებმა ქალაქში ოთხი ბომბი ააფეთქეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მომხდარის შესახებ შოტლანდიაში შეიტყო, სადაც “დიდი რვიანის” სამიტს მასპინძლობდა.

[ტონი ბლერის ხმა] "საკმაოდ ნათელია, რომ ლონდონში ტერორისტული თავდასხმების სერია მოეწყო. არის მსხვერპლი, არიან დაღუპულებიც და მძიმედ დაჭრილებიც. ვლოცულობთ დაღუპულებისთვის და მათი ოჯახებისათვის."

15 აგვისტო. ისრაელი იწყებს თავისი ჯარების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან. პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი აცხადებს:

[არიელ შარონის ხმა] “მსოფლიო ახლა პალესტინელთა პასუხს მოელის - სამშვიდობოდ გამოწვდილ ხელს, ან ტერორის ცეცხლს. გამოწვდილ ხელს ზეთისხილის ტოტს შევაგებებთ, ცეცხლს კი - ყველაზე ძლიერ ცეცხლს, რაც კი ოდესმე გამოგვიყენებია”.

29 აგვისტოს გრიგალი “კატრინა” თავს დაატყდა აშშ-ის სამხრეთ ნაწილს, მექსიკის ყურის სანაპიროსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ხელისუფლების ფედერალური და ადგილობრივი ორგანოები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა ხალხს გრიგალის შედეგების დაძლევაში დაეხმარონ. მაშველთა რაზმები და აღჭურვილობა დროულად ჩავიდა დაზარალებულ რაიონებში და ახლა იქ ის დახმარებაც ჩააღწევს, რომელიც მოსახლეობას ესაჭიროება."

7 ოქტომბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ფართო საზოგადოებას აცნობა თავისი გადაწყვეტილება.

[ოლე დანბოლტ მიოესის ხმა] “ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 2005 წლის ნობელის სამშვიდობო პრემია ორ ნაწილად გაიყოს და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და მის გენერალურ დირექტორს მუჰამედ ბარადეის გადაეცეს. პრემია მათ ატომური ენერგეტიკის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლასა და ატომური ენერგეტიკის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებისას მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეძლევათ.”

8 ოქტომბერი. ქაშმირში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შედეგად 87 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესმდივანი, გენერალ-მაიორი შაუქათ სულთანის იმავე დღის განცხადება:

[შაუქათ სულთანის ხმა] “უდიდესი ნგრევა გამოიწვია მიწისძვრამ ქაშმირის უმეტეს რაიონში და ყარაყორუმის ავტომაგისტრალის გასწვრივ, სადაც მიწისძვრას მეწყრები მოჰყვა, ამ მეწყრების გამო კი ზოგი სოფელი მიწასთან არის გასწორებული. ასევე მეწყრების გამო ჩახერგილია გზები, ზოგ ადგილას მდინარეებიც და იქ წყალდიდობების საფრთხეც არსებობს."

19 ოქტომბერი. ბაღდადში იწყება ერაყის ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი.

[სადამ ჰუსეინის ხმა] "მე არ ვუპასუხებ ამ ეგრეთ წოდებული სასამართლოს შეკითხვებს, მიუხედავად ყოველი თქვენგანისადმი ჩემი პატივისცემისა. მე ვიყენებ კანონიერ უფლებას, როგორც ერაყის სახელმწიფოს პრეზიდეტი."

ოქტომბრის მიწურულს საფრანგეთის დიდი ქალაქების ღარიბთა უბნებში დაიწყო უპრეცედენტო სოციალური მღელვარება, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ერთი კვირის შემდეგ პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი საპროტესტო აქციების თაოსნებს დიალოგს სთავაზობს.

[დომინიკ დე ვილპენის ხმა] "ახლა უმთავრესია, საზოგადოებრივი წესრიგი აღვადგინოთ, რადგან ეს ძალადობა დაუშვებელია. გარდა ამისა, მსურს დავიწყო დიალოგი."

22 ნოემბერს გერმანიის კანცლერად აკურთხეს ანგელა მერკელი, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ლიდერი ქალი.

[ანგელა მერკელის ხმა] "ვფიცავ, მთელი ჩემი ძალა მოვახმარო გერმანელი ხალხის კეთილდღეობას, მოვუტანო მას მეტი სარგებლობა, ავარიდო ზიანი, დავიცვა ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, შევასრულო ჩემი მოვალეობები სინდისიერად, ყველას მიმართ ვიყო სამართლიანი, ღმერთი იყოს ჩემი შემწე."

8 დეკემბერს დააკავეს სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი ანტე გოტოვინა - ხორვატიის არმიის ყოფილი გენერალი, რომელსაც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ იძებნებოდა. გოტოვინას დაპატიმრების შესახებ საზოგადოებას აცნობა ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ.

[კარლა დელ პონტეს ხმა] "ანტე გოტოვინა დაპატიმრებულია. ის წუხელ, ესპანეთში - კანარის კუნძულებზე დააპატიმრეს. როგორც იქნა, იგი დაკავებულია და ახლა მას ჰააგაში გადაიყვანენ."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG