Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რას აპროტესტებდა 2005 წელს საქართველოში


საქართველოში მცხოვრები ადამიანები საპროტესტო აქციების მოწყობას კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც ახერხებდნენ.

შეგვიძლია გავიხსენოთ 1956 წლის 9 მარტი, 1978 წლის 14 აპრილი და 1989 წლის 9 აპრილი. თუმცა საპროტესტო მუხტი
არც საბჭოთა კავშირის დანგრევისა და არც `ვარდების რევოლუციის”
შემდეგ განელებულა. მეტიც, საზოგადოება უკანასკნელი ერთი წლის
განმავლობაშიც აქტიურობდა. ვინ და რას აპროტესტებდა
2005 წელს?


როცა ხელისუფლება გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს, დიდია
იმის ალბათობა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა. 2005 წლის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე საკუთარი გულისწყრომის გამოსახატავად პერიოდულად გამოდიოდნენ პენსიონერები, ომის ვეტერანები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლები, კადეტები, სამხედრო აკადემიის სტუდენტები, მიწისძვრით დაზარალებულები, მეანაბრეები, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები და ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სხვა მოქალაქეები.

[მამაკაცის ხმა] „უკვე სამ წელიწადზე მეტია გასული მიწისძვრიდან, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. პირიქით, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებამ ჩვენს უბედურებაზე ხელი მოითბო.“

ამ ადამიანებისთვის სამი წლის წინ მომხდარი მიწისძვრა დღემდე არ დასრულებულა. 20 ათასამდე ოჯახი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

[ქალბატონის ხმა] „აი, ის კედელი არის მორყეული, გაბზარული - შეიძლება ჩამოინგრეს. იმ პერიოდში, როცა მიწისძვრა მოხდა, მოვიდნენ, შეხედეს, მაგრამ იმის შემდეგ არავინ აღარ გამოჩენილა.“

თუმცა, საპროტესტო აქციების მიუხედავად, ხელისუფლებამ მიწისძვრით დაზარალებულ ადამიანთა მოთხოვნები ბიუჯეტის შედგენისას არ გაითვალისწინა. მრავალრიცხოვანი და ხმაურიანი აქციები ასევე უშედეგოდ დასრულდა სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისთვისაც, რომლებიც უარს ამბობდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე.

[კოლეჯის სტუდენტის ხმა] „კარავი აიღეს. თავიდან გვითხრეს, მარტო კარვის აღება გვინდაო, მაგრამ სინამდვილეში მარტო კარვის აღებას არ ჰგავდა, იმიტომ რომ ბავშვებს გადაუარეს.“


ხელისუფლება შეუვალი იყო მოჭიდავეებთან მიმართებაში, რომლებმაც ჯერ სასამართლოს დარბაზი დაარბიეს, მოგვიანებით კი, გამოძალვაში ბრალდებული მეგობრების გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

[იმის ხმაური]

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „ყველა უნდა შეეგუოს კანონის უზენაესობას. საქართველოში ვერ დაბრუნდება მხედრიონის დრო. საქართველოში ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვერავინ დაატერორებს. ჩვენ არ შევდრკებით. ჩვენ გავაათმაგებთ მუშაობას, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები.“

რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო მაშინ, როცა მერიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბალეტო სტუდიისათვის გადაცემა მოინდომა. აქციაში მონაწილეობა პედაგოგებთან ერთად სასახლის აღსაზრდელებმაც მიიღეს.

[ბავშვის ხმა] „ბალეტი გვიყვარდა და შეგვზიზღდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენობა არ წაგვართვან.“

მოსწავლეებმა თავისი გაიტანეს - მათ წარმატებით დაიცვეს მშობლიური სასწავლებელი და მერიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის საშუალება არ მისცეს. თუმცა 2005 წელს ქუჩაში გამოსული ადამიანები მარტო ხელისუფლების გადაწყვეტილებებს როდი აპროტესტებდნენ.

[მამაკაცის ხმა] „რომ მქონდეს საშუალება, პრეზიდენტსაც ვკითხავდი: იქიდან გამომდინარე, რომ კარგად მახსოვს, მას არ მოსწონდა ღიპიანი პოლიციელები, რათ უნდა ღიპიანი მერი?“

აი, ასეთ კითხვებს სვამდნენ და საკუთარ აზრს გამოხატავდნენ ის ადამიანები ვისი ძალისხმევითაც თავის დროზე ოპოზიციამ იცვალა ფერი და ხელისუფლებად იქცა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა თავად ხალხი, რომელსაც შეკრებისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და, როგორც ჩანს, ამ უფლებაზე უარის თქმას არც სამომავლოდ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება და საპროტესტო გამოსვლებით მდიდარი 2005 წელი
ამგვარი ვარაუდის საბაბს იძლევა.




  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG