Accessibility links

logo-print

2005 წელს, პირველად დამოუკიდებელ საქართველოში, საზაფხულო ბანაკები გაიხსნა


2005 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ხელისუფლებამ საქართველოს კურორტები იდეოლოგიის, კერძოდ კი, პატრიოტების აღზრდის სამსახურში ჩააყენა.

ლაპარაკია 16-დან 20 წლამდე ასაკის 15 ათას ახალგაზრდაზე, რომლებმაც ცხელი ზაფხულის ათ-ათი დღე ლაგოდეხის ნაკრძალში, ბაზალეთის ტბაზე, ბაკურიანში, წყალტუბოსა და ვარციხეში ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ მოწყობილ ბანაკებში გაატარეს. შესაძლებელია თუ არა პატრიოტების კონვეიერული წესით წარმოება?

2005 წელს, თითქმის 15-20-წლიანი ინტერვალის შემდეგ, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს პირველად მიეცათ საზაფხულო ბანაკებში დასვენების საშუალება. ამისათვის საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონ შვიდასი ათასი ლარი გამოიყო. პატრიოტულ ბანაკებში 10-10 დღიან შეკრებაზე მხოლოდ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები და წარჩინებული სტუდენტები გაემგზავრნენ.

[სტუდენტის ხმა] „ჩვენს ფაკულტეტში გამოიკრა სიები და სტუდენტებს შეეძლოთ მისულიყვნენ და საბუთები მიეტანათ ან დეკანატში, ანდა ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. ყველა ჩარიცხეს, სურვილის მიხედვით; ვის რომელ ჯგუფში უნდოდა მოხვედრა, იმის მიხედვით ეწერებოდნენ.“(სტილი დაცულია)

საერთო ჯამში, პატრიოტული ბანაკები ოთხი თვის განმავლობაში 15 ათასმა ახალგაზრდამ მოიარა. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი დარწმუნებულია, რომ პატრიოტობისთვის სამშობლოს ბიოლოგიური სიყვარული არ კმარა. საჭიროა სამშობლოს გაცნობიერებული სიყვარული:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] „გაცნობიერებული სიყვარული გახლავთ უზენაესი სიყვარული, რომელიც აძლევს ადამიანს იმის განცდას, რომ სამშობლო უყვარს ოჯახზე მეტად, საკუთარ თავზე მეტად, რომ მზად არის სამშობლოსთვის გაიღოს მსხვერპლი. აი, ამ გრძნობის გაჩენას უნდა ასკეზი, ანუ სულის ვარჯიში. პატრიოტული ბანაკები ეს არ არის მარტო ფიზიკური მომზადება, ეს არ არის მხოლოდ დასვენება. ეს არის განცდა სამშობლოსი, ეს არის განცდა ერთმანეთისა ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ და, ერთგვარად, სულის ვარჯიში, მომზადება იმისათვის, რომ ეს ახალგაზრდები ჩამოყალიბდნენ საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებად.“

თუმცა საზოგადოების ერთმა ნაწილმა ხელისუფლების გულწრფელობაში იმთავითვე შეიტანა ეჭვი. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკებში დასვენებას პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება არ შეუძლია:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „ბანაკებში პატრიოტები არ იზრდებიან, ბანაკებში - ისეთ ბანაკებში, როგორსაც ხელისუფლება აწყობს - ადამიანები ეჩვევიან „ლაგერულ“ ცხოვრებას, რაც კარგი არ არის. პატრიოტებად იზრდებიან ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში და ვისაც ამის ნაკლებობა აქვს, იმას ჰგონია, რომ თუ ერთად შეყრის ხალხს, იქიდან გამოვლენ პატრიოტები.“(სტილი დაცულია)

საზაფხულო ბანაკებისადმი უფროსების დამოკიდებულების მიუხედავად, ახალგაზრდები უარს არ ამბობენ კარვის ქალაქებში ცხოვრებაზე. ყოველ შემთხვევაში, საზაფხულო ბანაკებში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა, აშკარად, აღემატება კულტურის სამინისტროს შესაძლებლობებს.

[სტუდენტის ხმა] „მე პირადად ძალიან მომწონს. ასეთი ბანაკები ადრე არ არსებობდა ახალგაზრდებისთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გაიხსნა. თუ მომავალ წელსაც იქნება, მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.“

ახალგაზრდების განწყობის გათვალისწინებით, პატრიოტულ ბანაკებს დამსვენებელი არც 2006 წლის ზაფხულში მოაკლდება. წინასწარი ინფორმაციით, კულტურის სამინისტრო და საქართველოს კურორტები ზაფხულის არდადეგებზე, დაახლოებით, 60 ათასამდე გულანთებულ ახალგაზრდას უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG