Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკა, მოგეხსენებათ, წარმოუდგენელია კატალოგის გარეშე. ყოველკვირეული ბიბლიოთეკის საახალწლო გამოშვებაში სწორედ კატალოგს შემოგთავაზებთ:

დავით პაიჭაძის რესპონდენტები ლაპარაკობენ 2005 წელს ქართულ ენაზე დასტამბული წიგნების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო მხატვრული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო თუ კიდევ სხვა თვალსაზრისით.

ყველა რესპონდენტი, ვისაც აზრი ვკითხე, დასაწყისში ამბობდა, რომ სუბიექტური და ტენდენციური იქნებოდა. წიგნის შეფასებისას ეს ბუნებრივია. ზოგჯერ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე წიგნებს ასახელებდნენ. ინფორმაციას ისე ვანაწილებთ, რომ გამეორებებს ვერ მოისმენთ, თუმცა ბოლოში მაინც გაგიმხელთ, ასე ვთქვათ, უფრო აღიარებულ წიგნებს. დასაწყისში კრიტიკოსსა და ლიტერატურათმცოდნეს, გაგა ლომიძეს, მივმართე:

[გაგა ლომიძის ხმა] ”გამოვარჩევდი აკაკი ბაქრაძის მეოთხე და მეხუთე ტომს, სადაც შესულია წერილები თეატრსა და კინოზე, აგრეთვე კრიტიკული წერილები. ეს არის კრიტიკული აზროვნების ნიმუში და, შესაძლოა, ერთგვარი სახელმძღვანელოც კი იყოს მომავალი თაობებისათვის. მეორე: დავასახელებდი პატარა უფლისწულს, გიორგი ეკიზაშვილის თარგმანს. სამწუხაროდ, არ ვიცი ფრანგული და ვერ ვკითხულობ, მაგრამ ზუსტად ასეთი წარმომიდგენია ეკზიუპერის ფრანგული, როგორიცაა გიორგი ეკიზაშვილის თარგმანი.”

პროზაიკოსმა ბესო ხვედელიძემ მოკლედ ჩამოთვალა, მისი აზრით, სამი მნიშვნელოვანი წიგნი:

[ბესო ხვედელიძის ხმა] ”პირველი: ბესიკ ხარანაულის რომანი, პოეტის დაწერილი ვრცელი პროზა, ”ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის”. აგრეთვე თამრი ფხაკაძის პატარა რომანი ”(შ)ორი მე”, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა, და ზაზა თვარაძის პოეტური კრებული ”ტირანოზავრუს რექს”.

მოთხრობათა კიდევ ერთმა მწერალმა, ზაალ სამადაშვილმა, არჩია არამხატვრული ტექსტები აღენიშნა:

[ზაალ სამადაშვილის ხმა] ”მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერები, უბის წიგნაკიდან, რომელშიც 11 წლის მანძილზე იწერდა. აქამდე ეს გამოუცემელი იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც 2005 წელს გამოვიდა. ესაა მასტერკლასები, ფილოსოფოსობა, შთაბეჭდილებები, ემოციები, ისტორია - მიხეილ ჯავახიშვილის მთელი სამყარო. ასევე მინდა გამოვყო ზურაბ ჟვანიას ლექციების კრებული.”

დრამატურგ ლაშა ბუღაძეს შეკითხვით მაშინ მივმართე, როცა თავისი ფავორიტი წიგნი ხელში ეჭირა. ლაშას სწორედ ”თავისი” ჟანრის ტექსტები მიაჩნია მნიშვნელოვნად. ამასთან, ყველა მათგანი თარგმნილია:

[ლაშა ბუღაძის ხმა] ”თანამედროვე ევროპული პიესა, სადაც პირველად არის დაბეჭდილი ტომ სტოპარდის საკულტო პიესა ”არკადია”. ის მეოცე საუკუნის ათ საუკეთესო პიესაშია დასახელებული და ინგლისურენოვან ლიტერატურულ და თეატრალურ სამყაროში ერთ-ერთ საუკეთესო პიესად ითვლება. არტეს გამოცემულ ამ მწვანე კრებულშია დაბეჭდილი სხვა ძალიან კარგ პიესებთან ერთად. მეორე კრებულია ”სახიობა”, ასევე თანამედროვე დრამატურგია, სადაც სხვა პიესების გვერდით დაბეჭდილია ბრიტანელი დრამატურგის პიესა ”დედამ მითხრა, არ გაბედო”. ავტორია შარლოტა კიტლი, სრულიად ახალგაზრდა ქალი, მაგრამ მისი ეს პიესა უკვე დრამის თეორიის სახელმძღვანელოშია შეტანილი, იმდენად უცნაურია სტილისტურად და ფორმის თვალსაზრისით.”

კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე ერთ ქართულად თარგმნილ და ერთ ორიგინალურ ქართულ წიგნზე ლაპარაკობს:

[ლევან ბრეგაძის ხმა] ”ნორვეგიელი ავტორის, იუსტაინ გორდერის, ”სოფის სამყარო”, რომელიც მე გერმანულად მაქვს წაკითხული. ეს არის არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც თითქოს ბავშვებისთვის არის დაწერილი, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანი წაიკითხავს და უცებ გახდება ფილოსოფოსი. რომანია ფილოსოფიის შესახებ. მსოფლიო ბესტსელერი იყო 90-იანი წლების ბოლოს და, აი, ქართულადაც გამოსულა. შემდეგ ზაზა შათირიშვილის ”ნარატივის აპოლოგია”: ცოტა უცნაური წიგნია და ამითაც ძალიან საყურადღებო არის: ესაა ლიტმცოდნეობა, კრიტიკა და არაჩვეულებრივი მემუარები.”

აღმოსავლეთმცოდნემ, პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ მითხრა, რომ წიგნებს ორი კრიტერიუმით აფასებს: რამდენად მოქმედებს წიგნი თვითონ მასზე და რამდენად - საზოგადოებაზე. ამ თვალსაზრისით, გიორგის ღირებულად ესახება კავკასიური სახლის გამოცემები, რომლებიც 1944 წელს მესხეთიდან მოქალაქეთა დეპორტაციას ეხმიანება: ”მესხთა ტრაგედია” და ”მესხი ქალის, ნაზირას, ნაამბობი”. გიორგი ლობჟანიძე აღნიშნავს სპარსი მწერლის, გოლი თარაყის, წიგნის ქართულ თარგმანსაც და დასძენს:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] ”ძალიან მნიშვნელოვანი მეჩვენება როსტომ ჩხეიძის ორი მონოგრაფია, რომელიც 2005 წელს გამოიცა. ერთია ”ნიკოლოზ ბარათაშვილიდან ილია ჭავჭავაძემდე”, მეორეა ”ქება სიზარმაცისა”. ეს წიგნები მნიშვნელოვანი მეჩვენება იმ თვალსაზრისით, რომ ლიტერატურული და საზოგადოებრივი კუთხით იკვლევს ქართველთა ხასიათის თავისებურებებს. ჩემთვის, როგორც აღმოსავლეთმცოდნისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი მონოგრაფია გამოქვეყნდა 2005 წელს - ნანი გელოვანის ”ქალი ისლამში”; კლასიკური ისლამი აქვს აღებული. ეს არის ევროპული ტიპის მონოგრაფია, რომლის ავტორსაც ბევრი ევროპული უნივერსიტეტი ინატრებდა, რომ მოესმინა.”

დაგპირდით, იმ წიგნებს გავამხელდი, არაერთ ჩვენს რესპონდენტს რომ გაახსენდა: ბესიკ ხარანაულის რომანი, თამარ ფხაკაძის ”(შ)ორი მე” და ზაზა შათირიშვილის ”ნარატივის აპოლოგია”. ესეც არ იყოს, დღევანდელი ჩამონათვალი უმცირესი ნაწილია შარშან დასტამბული წიგნებისა. ასე რომ, ”ბიბლიოთეკას” მასალა არ შემოაკლდება.
XS
SM
MD
LG