Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2005 წლის ფინანსურმა ამნისტიამ არ გაამართლა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 2005 წლის დასაწყისიდან საქართველოში ფინანსური და საგადასახადო ამნისტია შევიდა ძალაში. თუ საგადასახადო ამნისტიით ქვეყანაში მრავალმა სამეურნეო სუბიექტმა, ასე თუ ისე, ისარგებლა,

საერთო შეფასებით, ფინანსურ ამნისტიას მსგავსი ეფექტი არ ჰქონია. რატომ დარჩა ”უყურადღებოდ” ხელისუფლების ეს ჰუმანური ჟესტი და რატომ არ მოჰყვა საქართველოს ისტორიაში პირველ ფინანსურ ამნისტიას მოსალოდნელი ეფექტი?

გასულ წელს ხელისუფლებამ, საქართველოს ისტორიაში პირველად, საგადასახადო და ფინანსური ამნისტია გამოაცხადა. ანუ მთავრობამ მიიღო გარკვეული ეკონომიკური დანაშაულის შეწყალების აქტი.

საგადასახადო ამნისტია მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მიუღია და ამგვარი ტიპის გადაწყვეტილების აუცილებლობის შესახებ საქართველოში ადრეც ყოფილა საუბარი, მით უმეტეს, როდესაც ამჟამინდელი ხელისუფლება თავად აღიარებდა 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ”დრაკონულობას”. რაც შეეხება ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონს, მის მიმართ დამოკიდებულება იმთავითვე არაერთგვაროვანი იყო. კანონის თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც დათქმულ ვადამდე განახორციელებდნენ თავიანთი ქონების დეკლარირებას და წინა წლებში უკანონოდ დაგროვილი ფინანსური სახსრების ოფიციალური საბანკო არხებით ლეგალიზებას მოახდენდნენ, თავისუფლდებოდნენ სამართლებრივი დევნისაგან.

არადეკლარირებული შემოსავლის ლეგალიზება საბანკო სისტემის მეშვეობით ფიზიკურ პირებს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, 2005 წლის პირველ აგვისტომდე შეეძლოთ; საგადასახადო სამსახურში შემოსავლის დეკლარირების შემთხვევაში კი პირს გაცხადებული თანხის ან ქონების ღირებულების მხოლოდ 1%-ის გადახდა უწევდა.

ქართულ ეკონომიკაში აქამდე არადეკლარირებული შემოსავლის დაბანდების მსურველებს ფინანსურ ამნისტიაზე გარანტიებს წლის დასაწყისში თავად საქართველოს პრეზიდენტი აძლევდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”თუ ადამიანი ახდენს დეკლარაციას და ახდენს ლეგალიზაციას, მასაც შეეძლება ლეგალიზაცია თავისი ფინანსების და ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ვიფიქრებთ იმაზე, რომ თუ ადამიანი არ იყო გარეული კრიმინალში, - ნარკოტიკებსა და ყველა სხვაში, - შემოწმება არ მოხდება და ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ჩადონ ფული ეკონომიკაში. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ არ გამოვეკიდებით, არ დავიწყებთ ზედმეტ გადამოწმებას და, საერთოდ, გადამოწმებას, თუ აქ არ არის ისეთ კრიმინალზე საუბარი, რომელზეც მოგახსენეთ და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ხალხმა ფული გამოაჩინოს და ეს ფული მუშაობდეს ქართული ეკონომიკის საკეთილდღეოდ.”

ამ დაპირების მიუხედავად, ექსპერტები ფინანსური ამნისტიის მიმართ იმთავითვე მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმით არ იყვნენ განწყობილნი, რადგან თავად ამ საკანონმდებლო აქტის მიღების პროცედურებმა და კანონში გაჩენილმა უამრავმა დათქმამ, რამაც ამნისტიის გავრცელების არეალი, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შეამცირა, საფუძვლიანი ეჭვი დაბადა, რომ ამნისტია მხოლოდ ფორმალურ აქტად დარჩებოდა. ეკონომიკური ექსპერტი ნიკო ორველაშვილი ფიქრობს, რომ კანონში არსებულ ხარვეზებს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, განმსაზღვრელი ამ შემთხვევაში არსებული რეალობა იყო, რომელიც მას აფიქრებინებს, რომ ხელისუფლება იმთავითვე არავისთვის არაფრის პატიებას არ აპირებდა:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”გასული ორი წელი საქართველოში აღინიშნა კანონის უზენაესობის შემდგომი დაკნინების მიმართულებით და სულ უფრო და უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ნორმას განსაზღვრავს ესა თუ ის საკანონმდებლო აქტი. მთავარია ის, თუ ვის მიმართ არის ამ შემთხვევაში კეთილად განწყობილი უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მასთან დაახლოებული წრეები. როცა ქვეყანაში ასეთი რაღაცები ხდება, ამ შემთხვევაში კანონით მინიჭებულ გარანტიებს ეკარგება აბსოლუტურად ყველანაირი აზრი.”

საბოლოოდ, ზარ-ზეიმით გამოცხადებული ჰუმანური აქტი მხოლოდ დეკლარაციად დარჩა და ფინანსური ამნისტიით არც არავის უსარგებლია. ამ შემთხვევაში დასანანია არა იმდენად ის, რომ არ მოხდა შემოსავლების ლეგალიზება და დამატებითი ფინანსური ნაკადები ქართულ ეკონომიკაში არ წარიმართა, არამედ ის, რომ ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივას და, თანაც, ჰუმანურ ინიციატივას, ხალხი არ ენდო.
XS
SM
MD
LG