Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო უქმე დღეების პირველი სიახლეები


ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ მეტ-ნაკლებად ჩვეულ სამუშაო რიტმს საქართველოში სამშაბათიდან დაუბრუნდებიან.

2006 წელი მნიშვნელოვანი რომ კონფლიქტების მოგვარებისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარების გაუმჯობესების მხრივ უნდა იყოს, ამის თაობაზე ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი წლის დამდეგს განაცხადა. წელსვე რამდენიმე - მათ შორის, სასამართლო სისტემის - რეფორმა უნდა დასრულდეს.
გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის ზრდასთან ერთად, ახალი წელი დღეს უკვე ყოფილი მოსამართლეების ახალი უკმაყოფილებით დაიწყო.


უქმე დღის მიუხედავად, ორშაბათს სახელმწიფო უწყებებიდან მუშაობა მოუწია თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, რომელიც რიყეზე ყინულის მოედანს ადნობს. მოედანი, რომელმაც, მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, საკუთარი მისია ამოწურა, ნაძვის ხეებთან, კონცერტებთან, სვანეთიდან ჩამოყვანილ თოვლის ბაბუასა და მაჯლაჯუნების მიერ მოპარული კრისტალების ძებნასთან ერთად, ქმნიდა პროგრამას, რომელიც ახალი წლისთვის ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუდგინა. ამ იდეების ავტორები მომდევნო დღესასწაულების მოახლოებამდე ისვენებენ.
მესამე დღეა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხიდან აფხაზეთს გაჰყურებს საგანგებო ბილბორდი, რომელზეც, ერთიანობისა და დემოკრატიის ლოზუნგის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტია გამოსახული. როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, ადმინისტრაციულ საზღვარზე სიმბოლურად აღმართული ბილბორდი იმის გამოხატულებაა, რომ 2006 წელი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს. არსებობს ღამით ამ სიმბოლოს კარგად განათების განკარგულებაც. ელექტროენერგიის ტარიფი კი ახალი წლიდან გაიზარდა. იანვრიდან თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასი 8 თეთრს აღემატება. ახალ ტარიფს ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისია იმით ხსნის, რომ რუსეთმა საქართველოს ბუნებრივი აირი გაუძვირა. იანვრიდან 1000 კუბური მეტრი უკვე 110 დოლარი ღირს. თავის მხრივ, მთავრობა ირწმუნება, რომ სხვაობას ელექტროენერგიისა და გაზის ძველ და ახალ ტარიფებს შორის თავად დაფარავს და ამას მოსახლეობა ვერ იგრძნობს, თუმცა - მხოლოდ დროებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის ზრდა გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად იქცევა ამ წლის უკმაყოფილების მიზეზად.
წლის პირველი უკმაყოფილება კი, ოღონდ სულ სხვა სფეროდან, უკვე არსებობს. უზენაესი სასამართლოს 4 ყოფილი მოსამართლე მათ დამსჯელ ორგანოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს:

[მერაბ ტურავას ხმა] ,,სადისციპლინო კოლეგიამ ვერ შეძლო ერთი გადაწყვეტილების დაწერა, მაშინ როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატა კვირაში 30-40 საქმეს იხილავდა.” (სტილი დაცულია)

მერაბ ტურავა და კიდევ 3 მოსამართლე თანამდებობებიდან გასული წლის ბოლოს გაათავისუფლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიამ. მისი გადაწყვეტილების მოტივი ის იყო, რომ მოსამართლეები საპროცესო ვადებს არღვევდნენ. ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება ყოფილ მოსამართლეებს დღემდე არ მიუღიათ, მაშინ როდესაც კანონით დადგენილი ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა. ამ ფაქტს დარღვევად არ მიიჩნევს სადისციპლინო კოლეგიის წევრი ნინო კალანდაძე, რომელიც არც იმას უარყოფს, რომ დასჯილი მოსამართლეებისთვის წერილობითი დასკვნის გაგზავნა 31 დეკემბრამდეც შეიძლებოდა:

[ნინო კალანდაძის ხმა] ,,თუმცა იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი და უხარვეზო გადაწყვეტილება იყოს, შესაბამისად, გამოვიყენეთ ხუთივე დღე. ეს 5 დღე ამოიწურა 31 დეკემბერს. 31 დეკემბერი, ზოგადად, არ არის არასამუშაო დღე, მაგრამ რადგან შაბათი იყო, უკვე გვეთვლებოდა როგორც არასამუშაო დღე. შესაბამისად, პირველსავე სამუშაო დღეს ჩაბარდება მხარეს გადაწყვეტილება და აქ ხარვეზს, როგორც ასეთს, არა აქვს ადგილი.” (სტილი დაცულია)

ყოფილი მოსამართლეები, რომლებსაც გასული წლიდან ეპითეტით “მეამბოხეები” მოიხსენიებენ, კოლეგიის განაჩენის წერილობით ვარიანტს სამშაბათს მიიღებენ და მას ჯერ საქართველოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი - სტრასბურგში გაასაჩივრებენ. საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველი მოქალაქეები კი ახალი წლიდან ახალ პასპორტებს მიიღებენ. მის ერთ-ერთ გვერდზე უცხოელ მესაზღვრეებს საქართველოს რუკა დახვდებათ.




  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG